ახალი ამბები

“ქართული ოცნება” გერმანიის ელჩს ოპოზიციის განცხადებებისთვის ბოდიშს უხდის

27 ივნისი, 2020 • 1586
“ქართული ოცნება” გერმანიის ელჩს ოპოზიციის განცხადებებისთვის ბოდიშს უხდის

“ქართული ოცნება”, ქვეყნის სახელით ბოდიშს უხდის გერმანიის ელჩს, ჰუმბერტ კნირშს, შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებული კრიტიკული კომენტარებისთვის, რომელიც კნირშის მიერ 8 მარტის შეთანხმებაზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. განცხადებაში, რომელსაც “ქართული ოცნება” საკუთარ ფეისბუკის ოფიციალური გვერდის საშუალებით ავრცელებს, პარტია ასევე აკრიტიკებს გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილს მათ მიერ გაკეთებული განცხადებებისთვის.

“რადიკალური ოპოზიციის ანტიდასავლური კამპანიის ერთგვარი კულმინაცია იყო მათი ლიდერების, შალვა ნათელაშვილისა და გიგა ბოკერიას მიერ გერმანიის ელჩის კომენტარის პასუხად გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლებიც უხეშად არღვევდა ზრდილობისა და ეთიკის ელემენტარულ ნორმებს. ბოკერიას და მისი მეუღლის შეურაცხმყოფელი განცხადებები მოგვიანებით კიდევ უფრო გაამძაფრა ნათელაშვილმა, რომელმაც უხეში შეურაცხყოფა არა მხოლოდ გერმანიის ელჩს, არამედ გერმანელ ხალხსა და გერმანულ სახელმწიფოსაც მიაყენა, სახელმწიფოს, რომელიც 90-იანი წლებიდან დგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე და რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებაში.

აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნათელაშვილის განცხადება არის არა მხოლოდ გერმანელი ხალხისა და გერმანული სახელმწიფოს, არამედ, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა. ჩვენი ვალია, ჩვენი ქვეყნის სახელით, ბოდიში მოვუხადოთ გერმანიის ელჩს, ბატონ ჰუბერტ კნირშს ჩვენი მოქალაქის უპასუხისმგებლო და არაეთიკური განცხადების გამო”, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე საუბარია, 8 მარტის შეთანხმების პირველ პუნქტზეც, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეთანხმების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. “ქართული ოცნება” განცხადებაში წერს, რომ “ოპოზიციის ლიდერები ღიად და თავხედურად აცხადებენ უარს იმ შეთანხმების შესრულებაზე, რომელსაც პოლიტიკურმა პარტიებმა ელჩების მხარდაჭერითა და ფასილიტაციით მოვაწერეთ ხელი”. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპოზიციის წარმოამდგენლებმა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შესახებ არა ერთხელ, ღიად გამოთქვეს სურვილი.

“რადიკალური ოპოზიიციის ლიდერების ამგვარი რეაქციის მიზეზი სრულიად ნათელია – მათ არ სურთ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერა და მისი ჩავარდნის იმედს იტოვებენ, ელჩების განცხადებები კი, მათ მანევრირებისთვის არავითარ სივრცეს არ უტოვებს.

ანტიდასავლური განცხადებები და კამპანია რადიკალური ოპოზიციის არჩევანია. ქართველი ხალხის არჩევანია ქართული დემოკრატიის კიდევ უფრო განმტკიცება და საქართველოს დასავლური მისწრაფებების სრულფასოვანი რეალიზება, რაც 31 ოქტომბრის არჩევნებში კიდევ ერთხელ მყარად დადასტურდება”, – წერია განცხადებაში.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში განმარტებულია მიზეზი, თუ რატომ გადაწყვიტა “ქართულმა ოცნებამ” აღნიშნული განცხადების გაკეთება. მმართველი პარტიის განცხადებით, ბოლო პერიოდში “რადიკალური ოპოზიციის ლიდერების თავდასხმა ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ და მათი ანტიდასავლური კამპანია სულ უფრო შემაშფოთებელ ფორმასა და მასშტაბებს იძენს”. ამასთან განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ კრიზისში შედის, რაც მათ განცხადებებს კიდევ უფრო გაამწვავებს და “გარკვეულ ზიანს ჩვენს ქვეყანასაც მიაყენებს”.

“ამდენად, ამგვარ უპასუხისმგებლობაზე მყისიერი რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია”, – წერია განცხადებაში.


გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა გუშინ 26 ივნისს 8 მარტის შეთანხმების შესახებ ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ რომ გიორგი რურუა, — რომელსაც ოპოზიციის ნაწილი პოლიტპატიმარს უწოდებს და რომლის გამოშვების გარეშეც არ იღებს მონაწილეობას კენჭისყრაში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, — 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის.

მის ამ განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკული შეფასება მოჰყვა, მათ შორის ამ თემაზე კომენტარები გააკეთეს გიგა ბოკერიამ და შალვა ნათელაშვილმაც. გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ის თანაუგრძნობს გერმანიის ელჩს და რომ ის თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე.

„თანავუგრძნობ მას, არ ვიცი, მერამდენედ უნდა გაეხვიოს ასეთ შარში, თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და შემდეგ ბოდიშის მოხდა უწევს… ჩვენს პარტიას ბოდიში მოუხადა, შეცდომაში შეგვიყვანეს 20 ივნისზეო. ზოგჯერ დიპლომატებს გამოცდილება არ ჰყოფნით ხოლმე, შარში ეხვევიან და თანავუგრძნობ მას, რომ შარში გაეხვია და სხვა ელჩებიც გახვია. ახლა რაღაცნაირად ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს”, – განაცხადა ბოკერიამ.

შალვა ნათელაშვილმა კი განაცხადა, რომ გერმანიის ელჩს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის მთავრობას ელჩის გაწვევისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ შეთანხმების მიღებას, ის 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულთან მიახლოებული საპარლამენტო სისტემის შემოღებას უკავშირდება. ამ შეთანხმებას წინ უძღვოდა “ქართული ოცნების” მიერ 2019 წლის ზაფხულის აქციების დროს მიცემული დაპირება, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. და რომელიც 2019 წლის 14 ნოემბერს კენჭისყრისას არასაკმარისი ხმების რაოდენობის გამო ჩავარდა, რასაც ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის მხრიდან მოჰყვა აქციები. “ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვლმა, 2019 წლის 27 ნოემბერს განაცხადა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონრპოექტის ჩაგდებით არაფერი დრამატული არ მომხდარა და განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებშიც აქვთ პარტიებს გაცხადებული, თუმცა შეუსრულებელი დაპირებები.

გარდა ამისა, პროპორციული სისტემის ჩაგდება სხვადასხვა დროს დადებითად შეაფასეს “ქართული ოცნების” სხვადასხვა წარმომადგენლებმა, მათ შორის იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა: “ისინი [ოპოზიცია] არიან იმედგაცრუებულები, მე პირიქით, ვარ საპირისპირო აზრზე. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა წულუკიანმა 2019 წლის 21 ნოემბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი