ახალი ამბები

რურუა შეთანხმებაში ნახსენები არ არის – გერმანიის ელჩი

26 ივნისი, 2020 • 1664
რურუა შეთანხმებაში ნახსენები არ არის – გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ გიორგი რურუა, — რომელსაც ოპოზიციის ნაწილი პოლიტპატიმარს უწოდებს და რომლის გამოშვების გარეშეც არ იღებს მონაწილეობას კენჭისყრაში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, — 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის.

26 ივნისს სასტუმრო „შერატონში“ ჟურნალისტებმა გერმანიის ელჩს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ მხარეების შეთანხმება შენარჩუნდება [და პარლამენტი საარჩევნო/საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენითაც დაუჭერს მხარს], რადგან გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება, რის გამოც ოპოზიციის ნაწილი არ იღებს ხმის მიცემაში მონაწილეობას. ელჩმა უპასუხა:

„ორშაბათი იქნება [შეთანხმების] იმპლემენტაციის გადამწყვეტი დღე და ვიმედოვნებ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა პარლამენტში, რომელიც ნაწილი იყო 8 მარტის შეთანხმებისა, ხმას მისცემს და დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაზეც მოხდა შეთანხმება 8 მარტს.

როგორც ფასილიტატორების ჯგუფმა, ჩვენ ცხადად განვმარტეთ ერთი კვირის წინ დამატებით განცხადებაში, რომელიც ცხადყოფს, რომ გვსურს ვიხილოთ, ყველა ძალამ დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, [რაც არის] შედეგი ჩვენი ხანგრძლივი დისკუსიებისა.

ბატონი რურუა არ არის ნახსენები ამ შეთანხმებაში. ეს ძალიან ცხადია და [შეთანხმების ტექსტი] ყველას შეუძლია წაიკითხოს. ცოტათი გაკვირვებული ვარ, რომ მიმდინარეობს დისკუსია პოლიტიკურ პარტიებს შორის, სადაც ისინი ცდილობენ, რომ შესაძლო ჩაგდების გამო პასუხისმგებლობა დააკისრონ [ერთმანეთს].

ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება პარლამენტში, უმრავლესობის პასუხისმგელობა იქნება. უმრავლესობა კი ამბობს, რომ თუ [ცვლილებები] ჩავარდება, ეს იმის გამო, რომ „თქვენ არ მიიღეთ მონაწილეობა“.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქმე ის კი არ არის, ვინ დადანაშაულდება, არამედ ვინ დაიმსახურებს შექებას, თუკი მიღებული იქნება ეს საკონსტიტუციო ცვლილება, რისი იმედიც მაქვს. და ქებას დაიმსახურებს ექსკლუზიურად ის, ვინც მხარი დაუჭირა მას პარლამენტში“.

„ნეტგაზეთის“ დამაზუსტებელ კითხვაზე, საჯაროდ გავრცელებული განცხადების გარდა, იყო თუ არა შეთანხმება გარკვეული პირების, — ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას — გათავისუფლების შესახებ, და თუ ეს ასე არ იყო, რითი აიხსნება ამ სამიდან ორი პირის გათავისუფლება [შეწყალება], ელჩმა განაცხადა:

„როგორც ფასილიტატორები და დიპლომატები, გვსურს, ძალიან პატივისცემით მოვეპყრათ ყველა პოლიტიკურ პარტიას და არ გვსურს, მათთან კამათში შევიდეთ. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ყოველი პოლიტიკური ძალა თუ პარტია საკუთარ ინტერპრეტაციას ახდენს და ამბობს რაიმეს ამ შეთანხმების შესახებ. ჩვენ ეს საკითხი საქართველოს ხალხს უნდა დავუტოვოთ გადასაწყვეტად. თუ ერთი ადამიანი ამბობს „დიახ“, მეორე „არა“, ეს შეთანხმებაა თუ შეუთანხმებლობა“.

„ნეტგაზეთმა“ მას ჰკითხა, ასეთ შემთხვევაში ხომ არ გამოდის უცნაური ის გარემოება, რომ დასახელებული სამი პირიდან ორი თავისუფალია, რაზეც ელჩმა გვიპასუხა:

„ეს კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ პრეზიდენტს. მე არ მაქვს ვალდებულება, ავხსნა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება“.

ჩვენს მორიგ დამაზუსტებელ კითხვაზე აღნიშნული სამი პირის შეთანხმებაში გათვალისწინების საკითხზე, — ასევე კითხვაზე, რის გამო მიესალმნენ ისინი უგულავას და ოქრუაშვილის გამოშვებას, — ელჩმა გვიპასუხა:

„რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების, პოლიტიკური დიალოგის დროს, 8 მარტამდე, ყველა ეს სახელი ნახსენები იყო. ისინი იყვნენ ნაწილი იმ შეშფოთებისა, რასაც ოპოზიციური პარტიები გამოთქვამდნენ. სამართლიანი იქნება ითქვას, რომ შეწყალება, — მოდით, ნუ დავუძახებთ ამას გათავისუფლებას, — არის ის, რაც შეიძლება კანონიერად მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში. [ეს შეწყალება] იყო პოლიტიკურ პარტიებს შორის დაძაბულობის შემცირებაში წვლილის შეტანის მცდელობა. ეს ასე დავინახეთ და ასე მიველსალმეთ“.


გიორგი რურუა, რომელიც 2018 წლიდან „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილეა, ამჟამად პატიმრობაშია იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, რასაც ის შეთითხნილს უწოდებს.

გიორგი რურუას პოლიტპატიმრად მოიხსენიებს ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. ამ ორმა პარტიამ, რურუას პატიმრობაში დატოვების ფონზე, არ მიიღო საარჩევნო სისტემის ცვლილების II კენჭისყრაში მონაწილეობა. რურუამ ფეისბუკზე დაწერა:

„მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორეხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს. პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც. ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე“…

ამ საქმეზე „ნაციონალური მოძროაბის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ განცხადების მიუხედავად, მისი პარტიაც იმავე პოზიციაზე რჩება: „ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს არცერთი პოლიტიკური პატიმარი“…

საქართველოს პარლამენტმა 24 ივნისს გამართულ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით (120/30) უნდა ჩატარდეს.

115-მა დეპუტატმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით. წინააღმდეგი წავიდა  3 დეპუტატი.

ამ ცვლილებების საბოლოოდ მიღებას, სულ მცირე, 113 ხმა სჭირდებოდა. რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა. ერთმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.

ცვლილებებისთვის მხარდაჭერას აპირებენ დამოუკიდებელი დეპუტატები, კონსერვატორები, ასევე, სოციალ-დემოკრატებისა და პატრიოტთა ალიანსის ფრაქცია.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ თუ პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ „მთავარი არხის“ დამფუძნებელ გიორგი რურუას, ისინი ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

„ევროპულმა საქართველომ“ კი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა, მეორე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

პარტიაში აცხადებდნენ, რომ ამის მიზეზი იყო, რათა ხელისუფლებას არ ჰქონოდა პირველივე მოსმენაზე პროექტის ჩაგდების საბაბი, თუმცა, თუ პატიმრობიდან არ გათავისუფლდება გიორგი რურუა, ისინი ცვლილებებისთვის მხარდაჭერას მე-2 და მე-3 მოსმენისას არ აპირებენ.

8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორმა ელჩებმა 19 ივნისს გაავრცელეს განცხადება და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს აღნიშნული ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი