ახალი ამბები

თანავუგრძნობ, მერამდენედ უნდა გაეხვიოს ასეთ შარში – ბოკერია გერმანიის ელჩზე

26 ივნისი, 2020 • 1827
თანავუგრძნობ, მერამდენედ უნდა გაეხვიოს ასეთ შარში – ბოკერია გერმანიის ელჩზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს აკრიტიკებს გიორგი რურუაზე გაკეთებული განცხადების გამო.

გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა 26 ივნისს განაცხადა, რომ გიორგი რურუა, — რომელსაც ოპოზიციის ნაწილი პოლიტპატიმარს უწოდებს და რომლის გამოშვების გარეშეც არ იღებს მონაწილეობას კენჭისყრაში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, — 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის.

გიგა ბოკერიამ იმავე დღეს, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის ელჩის ამ განცხადებასთან დაკავშირებით თქვა:

„თანავუგრძნობ მას, არ ვიცი, მერამდენედ უნდა გაეხვიოს ასეთ შარში, თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და შემდეგ ბოდიშის მოხდა უწევს… ჩვენს პარტიას ბოდიში მოუხადა, შეცდომაში შეგვიყვანეს 20 ივნისზეო. ზოგჯერ დიპლომატებს გამოცდილება არ ჰყოფნით ხოლმე, შარში ეხვევიან და თანავუგრძნობ მას, რომ შარში გაეხვია და სხვა ელჩებიც გახვია. ახლა რაღაცნაირად ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს“…

ბოკერიას კომენტარი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გაავრცელა და მისი ნამდვილობა „ნეტგაზეთს“ პარტიის პრესსამსახურმა დაუდასტურა.


26 ივნისს სასტუმრო „შერატონში“ ჟურნალისტებმა გერმანიის ელჩს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ მხარეების შეთანხმება შენარჩუნდება [და პარლამენტი საარჩევნო/საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენითაც დაუჭერს მხარს], რადგან გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება, რის გამოც ოპოზიციის ნაწილი არ იღებს ხმის მიცემაში მონაწილეობას. ელჩმა უპასუხა:

„ორშაბათი იქნება [შეთანხმების] იმპლემენტაციის გადამწყვეტი დღე და ვიმედოვნებ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა პარლამენტში, რომელიც ნაწილი იყო 8 მარტის შეთანხმებისა, ხმას მისცემს და დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაზეც მოხდა შეთანხმება 8 მარტს.

როგორც ფასილიტატორების ჯგუფმა, ჩვენ ცხადად განვმარტეთ ერთი კვირის წინ დამატებით განცხადებაში, რომელიც ცხადყოფს, რომ გვსურს ვიხილოთ, ყველა ძალამ დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, [რაც არის] შედეგი ჩვენი ხანგრძლივი დისკუსიებისა.

ბატონი რურუა არ არის ნახსენები ამ შეთანხმებაში. ეს ძალიან ცხადია და [შეთანხმების ტექსტი] ყველას შეუძლია წაიკითხოს. ცოტათი გაკვირვებული ვარ, რომ მიმდინარეობს დისკუსია პოლიტიკურ პარტიებს შორის, სადაც ისინი ცდილობენ, რომ შესაძლო ჩაგდების გამო პასუხისმგებლობა დააკისრონ [ერთმანეთს].

ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება პარლამენტში, უმრავლესობის პასუხისმგელობა იქნება. უმრავლესობა კი ამბობს, რომ თუ [ცვლილებები] ჩავარდება, ეს იმის გამო, რომ „თქვენ არ მიიღეთ მონაწილეობა“.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქმე ის კი არ არის, ვინ დადანაშაულდება, არამედ ვინ დაიმსახურებს შექებას, თუკი მიღებული იქნება ეს საკონსტიტუციო ცვლილება, რისი იმედიც მაქვს. და ქებას დაიმსახურებს ექსკლუზიურად ის, ვინც მხარი დაუჭირა მას პარლამენტში“.

ვრცლად ამ თემაზე:

რურუა შეთანხმებაში ნახსენები არ არის – გერმანიის ელჩი

მასალების გადაბეჭდვის წესი