ახალი ამბები

გერმანიის ელჩი ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისგან – ნათელაშვილი

27 ივნისი, 2020 • 1684
გერმანიის ელჩი ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისგან – ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. ნათელაშვილმა ამის შესახებ დღეს, 27 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“მიუხედავად იმისა, რომ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის მხარეზეა რუს ოლიგარქთან წინააღმდეგ ბრძოლაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი რჩება მის [ივანიშვილის] ლობისტად და ამ კორუმპირებული რეჟიმის ერთადერთ დამცველად. ეს გახლავთ ელჩი, რომელიც ფანჯრიდან უყურებდა ერთი წლის უკან ქართველი ახალგაზრდების დარბევასა და თვალების დათხრას, ხოლო შემდეგ ამართლებდა თვალთხარია გახარიების დანაშაულებრივ მოქმედებებს. ეს არის ელჩი, რომელიც ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისგან”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილმა ბრიფინგზე ასევე მიმართა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის მთავრობას და მათ ელჩის გაწვევისკენ მოუწოდა:

“მე მივმართავ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას, ბუნდესტაგს, გაიწვიეთ უკან ეს სამარცხვინო ელჩი, რომელიც საკუთარ ბიზნესზე მუშაობს. თუმცა აქვე ავღნიშნავ, რომ გერმანიას აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ჩვენ დღემდე არ გვიღებენ ნატოში, რის გამოც რუსეთმა გაბედა ომი და ტერიტორიების წართმევა”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა გუშინ 26 ივნისს 8 მარტის შეთანხმების შესახებ ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ რომ გიორგი რურუა, — რომელსაც ოპოზიციის ნაწილი პოლიტპატიმარს უწოდებს და რომლის გამოშვების გარეშეც არ იღებს მონაწილეობას კენჭისყრაში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, — 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის.


გიორგი რურუა, რომელიც 2018 წლიდან „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილეა, ამჟამად პატიმრობაშია იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, რასაც ის შეთითხნილს უწოდებს.

გიორგი რურუას პოლიტპატიმრად მოიხსენიებს ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. ამ ორმა პარტიამ, რურუას პატიმრობაში დატოვების ფონზე, არ მიიღო საარჩევნო სისტემის ცვლილების II კენჭისყრაში მონაწილეობა.

რურუა შეთანხმებაში ნახსენები არ არის – გერმანიის ელჩი

მასალების გადაბეჭდვის წესი