ახალი ამბებისამართალი

უგულავა სტრასბურგში საქმეს, დიდი ალბათობით, მოიგებდა – ლომჯარია

25 ივნისი, 2020 • 2184
უგულავა სტრასბურგში საქმეს, დიდი ალბათობით, მოიგებდა – ლომჯარია

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ გიგი უგულავას საქმე სტრასბურგის სასამართლოს რომ განეხიხილა, მას პოტენციური პოლიტპატიმრად ჩათვლიდნენ.

დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ნინო ლომჯარიას წლიურ ანგარიშს ისმენდნენ. ლომჯარიას დეპუტატებმა ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ ჰკითხეს, მათ შორის, საუბარი შეეხო გიგი უგულავას დაკავებისა და შემდგომ, შეწყალების საკითხს.

ლომჯარიამ განმარტა, რომ უგულავას დაკავებისთანავე პროცესს სახალხო დამცველი გამოეხმაურა.

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს საქმე პრობლემურია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვფიქრობთ, გიგი უგულავას საქმეში დარღვეული იყო ინტერესთა კონფლიქტის საკითხი. კერძოდ, მოგეხსენებათ, პროკურატურა იყო ის ორგანო, რომელიც ითხოვდა, უგულავას მიმართ… ორჯერ გაასაჩივრა წარდგენილი ბრალი და ითხოვდა გადაკვალიფიცირებას.

იმ დროს, როდესაც პროკურატურა ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვდა, გენერალური პროკურორი იყო შალვა თადუმაძე და როდესაც უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ გააკვალიფცირა წარდგენილი ბრალი და შეეფარდა პატიმრობა უგულავას უფრო მძიმე დანაშაულისთვის – უზენაესში უკვე გადაწყვეტილების მიმღები იყო ისევ ყოფილი გენერალური პროკურორი,  რომლის უწყებამაც, გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში სააპელაციოს გადაწყვეტილება.

ჩემი მოსაზრება, როგორც სახალხო დამცველის, არის, რომ თუ ეს საქმე წავა ან წავიდოდა სტრასბურგის სასამართლოში, დიდი ალბათობით, სტრასბურგი დაადგენდა გიგი უგულავას მიმართ სამართლიანი სასამართლოს დარღვევის უფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება პროკურორი, რომელმაც გაასაჩივრა ადამიანის მიმართ გამოტანილი განაჩენი უზენაესში, შემდეგ ამ ადამიანს დახვდეს, როგორც გადაწყვეტილების მიმაღები მოსამართლე.

ვფიქრობთ, ეს იყო სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა გიგი უგულავას მიმართ. შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ბრალის გადაკვალიფიცირება მოხდა პოლიტიკური კონტექსტში და მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პროცესი დაიძაბა საქართველოში –  თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნები, რატომ შეიძლება მას [უგულავას], ჩვენი საერთაშორიო პარტიორები განიხილავდნენ, როგორც პოტენციურად პოლიტიკურ პატიმარს“, – ამბობს ლომჯარია.


გიგი უგულავა უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის 10 თებერვალს, „თბილისის განვითარების ფონდიდან” 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ეს გადაწყვეტილება მაშინ უზენაესმა სასამართლომ მიიღო, რომლის კოლეგიაში შედიოდა ყოფილი გენპროკურორი შალვა თადუმაძე. სასმართლოს მიმდინარეობისას, უგულავას დაცვის მხარე შალვა თადუმაძის აცილებასაც ითხოვდა. 

უგულავამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით 14 მარტს მიმართა, ზურაბიშვილმა კი ის ირაკლი ოქრუაშივლთან ერთად 15 მაისს შეიწყალა.

მანამდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აცხადებდნენ, რომ “პოლიტიკური პატიმრების” – ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და გიგი უგულავას – გათავისუფლების გარეშე ისინი მხარს არ დაუჭერდნენ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამ ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულ არჩევნებთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს, რაც გულისხმობს 120 დეპუტატის პროპორციული, 30-ის კი მაჟორიტარული სისტემით არჩევას.

ამ ცვლილებას მეორე მოსმენით პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა. თუმცა მეორე მოსმენაში „ევროპული საქართველო“ და ენმ მონაწილეობას არ იღებდნენ, ვინაიდან გიორგი რურუა პატიმრობაში იმყოფება. მისი სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

არის თუ არა გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარი? 

მასალების გადაბეჭდვის წესი