ახალი ამბები

პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა

15 მაისი, 2020 • 3215
პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადება სრულად:

“სანამ მათი შეწყალება ძალაში შევა, მინდა მივმართო საზოგადოებას,  რომლისთვისაც  დღევანდელი  ჩემი გადაწყვეტილება იოლი გასაგები ვერ იქნება  და  შესაძლოა ვერც მაპატიოს. სანამ ჩემი, ამ ურთულესი გადაწყვეტილების მიზეზს ავხსნი, შეწყალების არსი, კიდევ ერთხელ, ყველას გასაგებად, უნდა განვმარტო:

  1. არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ ჩემი სრული პასუხისმგებლობით ვახცადებ, რომ  საქართველოში  დღეს არ არსებობენ  პოლიტპატიმრები. ზვიადის და მერაბის შემდეგ, და წინა ხელისუფლების მიერ ასეულობით პოლიტპატიმრით ციხეების გადავსების მაგივრად,  დღეს საბედნიეროდ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საქართველოში. გასაგები რომ იყოს, დავამატებ, პოლიტიკოსი, რომელიც ციხეში იხდის სასჯელს, მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება – იგი მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია. ამ თემით სპეკულირება ემსახურება ქვეყნის დისკრედიტაციას, ამდენად,  სრულიად მიუღებელია და უნდა დასრულდეს!
  2. არ ვიწყალებ უდანაშაულო ადამიანებს.  შეწყალება არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს სასამართლო განაჩენის გადასინჯვას ან გადაფასებას. დამნაშავე რჩება დამნაშავედ, სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშაულისგან.  ანუ შეწყალება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს დამნაშავის გამართლებას!
  3. არავის, არც მანამდე, და არც ახლა, არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, ზეწოლით, მუქარით, რეკომენდაციით, შიშით…. და ეს უკვე არაერთხელ დავამტკიცე! პრეზიდენტის ამ ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე “უნდათი” არავინ არ უნდა საუბრობდეს!

მით უმეტეს, არ ვიწყალებ ჩემ გარეშე მიღებული შეთანხმების საფუძველზე, რომელშიც არც მონაწილეობა მიმიღია და არც ინფორმირებული ვყოფილვარ, თუმცა არაერთხელ შევთავაზე მხარეებს საპრეზიდენტო პლატფორმის გამოყენება. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური შეცდომაა, დამნაშავეების ბედი, პირდაპირ თუ ირიბად, თუნდაც განიხილებოდეს საკონსტიტუციო თუ საარჩევნო შეთანხმების ფარგლებში. ეს შეწყალება არ ეფუძნება ჩვეულებისამებრ ჰუმანურ პრინციპებს, ან ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის გამო შესაძლოა, საერთოდ, ადამიანს შეუმსუბუქდეს ან სრულად  გაუუქმდეს სასჯელი.

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ არა როგორც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ამ ადამიანების რეალური ქმედებები და დანაშაულებები ქვეყნის წინაშე, არამედ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი. როგორც  კონსტიტუცია ამის უფლებას მანიჭებს, მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით ვიღებ ამ გადაწყვეტილებას გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან”, – თქვა პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და არ ათავისუფლებს პოლიტპატიმრებს. პრეზიდენტის თქმით, მისი შეყწალების აქტი არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილების რევიზიას, ის იწყალებს დამნაშვეებს. პრეზიდენტის აზრით, დამნაშავე პოლიტიკოსი არ ნიშნავს პოლიტპატიმარს.

პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რატომ მიიღო ამ ორი პოლიტიკოსის შეწყალების გადაწყვეტილება:

“დღეს ქვეყანა, იმის მიუხედავად, რომ ყველას მიერ აღიარებული წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, ისე თუ დემოკრატიული და სტაბილურია, როგორიც არ ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ, დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე. პირდაპირ ვიტყვი: მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესალმე, დარჩა გარკვეული ბუნდოვანება, რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება აყენებდეს საარჩევნო კოდექსისა და კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს.

მაშასადამე, საფრთხეს უქმნიდეს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს, სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას. ოპოზიცია ცდილობს და ეს აშკარაა: არეულობის პროვოცირებას, სიტუაციით მანიპულირებას, ისევ ქუჩაში გადატანას პროცესების და ამით დესტაბილიზაციის პროვოცირებას, თუმცა ამისი ძალა ნაკლებად გააჩნია. მეორე მხირვ, ისიც არ ჩანს, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური ვითარებიდან გამოსვლის და სიტუაციის განმუხტვის ბერკეტი გააჩნდეს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ გამოსავლის პოვნა  სიტუაციის განმუხტვა და სტაბილურობის შენარჩუნება, ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება.

ამიტომ და სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება. ვერ დავუშვებ, რომ ორი დამნაშავის გამო სიტუაცია გამძაფრდეს. ვერ დავუშვებ ახალ პოლარიზაციას და კიდევ დაპირისპირებას. ვერ დავუშვებ, რომ ამათ გამო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული შეთანხმება არ შესრულდეს. სხვა შემთხვევაში, ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ვერც კორონავირუსს, ვერც ეკონომიკურ და ვერც სოციალურ გამოწვევებს. ჩვენი სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული მომავალი ამ სასწორზე დგას. ეს მანდატი ჩემი გადაწყვეტილების ერთ-ერთ უმთავრეს გადაწყვეტილებად დარჩება. დღეს ჩემ თავზე ვიღებ ამ მძიმე ტვირთს. ვათავისუფლებ საზოგადოების უმრავლესობისთვის ოდიოზურ ფიგურებს და ვათავისუფლებ იმ წარსულისგან ქვეყანას, რომელიც წინსვლაში გვაფერხებს და საფრთხეს უქმნის მომავალს. საქართველოში ჩატარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები და ამას ხელს ვერავინ შეუშლის”, – ასე დაასრულა პრეზიდენტმა დღეს, 15 მაისის საღამოს გამართული სპეციალური ბრიფინგი.


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აცხადებდნენ, რომ “პოლიტიკური პატიმრების” – ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და გიგი უგულავას – გათავისუფლების გარეშე ისინი მხარს არ დაუჭერდნენ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამ ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულ არჩევნებთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს, რაც გულისხმობს 120 დეპუტატის პროპორციული, 30-ის კი მაჟორიტარული სისტემით არჩევას.

“ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ 8 მარტის შეთანხმება ვინმეს ციხიდან გათავისუფლებას არ გულისხმობდა და ამას არ აპირებდნენ, რასაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. მათ ხელისუფლებას ღიად მოუწოდეს “პოლიტიკური პატიმრების” გათავისუფლებისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი