ახალი ამბები

უგულავას დაცვა შალვა თადუმაძის აცილებას ითხოვს

5 თებერვალი, 2020 •
უგულავას დაცვა შალვა თადუმაძის აცილებას ითხოვს

გიგი უგულავას ადვოკატი, ბექა ბასილაია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობას აყენებს.

ბასილაიას განმარტებით, თბილისის განვითარების ფონდის საქმის გამოძიების დროს შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორის პოსტს იკავებდა, შესაბამისად, მას ექნებოდა გარკვეული შეხება აღნიშნულ საქმესთან, რაც მის ობიექტურობას გამორიცხავს:

“საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმეზე არაერთი განცხადება კეთდებოდა, მათ შორის, სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან, წარმოუდგენელია, რომ შალვა თადუმაძეს, როგორც გენერალურ პროკურორს, ამ საქმის მსვლელობაში მონაწილეობა არ ჰქონდეს მიღბული. შესაბამისად, როდესაც დღეს უკვე ის მოგვევლინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, ამ საქმეზე ობიექტური მსაჯული და ობიექტური გადაწყვეტილების მიმღები ის ვერ იქნება”, – განმარტა ბასილაიამ ნეტგაზეთთან საუბრისას.

2018 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონის გაფლანგვის საქმეზე თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.

უგულავას გარდა, ამ საქმეზე ბრალდებული იყო თბილისის მერიის ხუთი ყოფილი თანამშრომელი: თბილისის მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძე; თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე; თბილისის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსი თაბუაშვილი; ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი დავით ავალიანი და მისი მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე.

“უზენაეს სასამართლოში უვადოდ განწესებულმა მოსამართლეებმა პირველი პოლიტიკური დავალება უკვე მიიღეს. 10 თებერვალს კოლეგია, მერაბ გაბინაშვილისა და შალვა თადუმაძის შემადგენლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაცხადებს გადაწყვეტილებას რამდენიმე წლის წინანდელ საქმეზე, ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე. ეს არის საქმე, რომელიც პირველ ინსტანციასა და სააპელაციოში დასრულდა ისე, რომ გიგი უგულავას სასჯელი უკვე მოხდილად ჩაეთვალა. დღეს, როცა [უზენაესმა] სასამართლომ საქმის განხილვა განაახლა, ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ თადუმაძისთვის დავალებაა მიცემული, რომ გიგი უგულავას თავისუფლება აღუკვეთონ”, – აცხადებს ბასილაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი