ახალი ამბები

პარლამენტის სხდომა დაიწყო, რეგისტრაცია 115-მა დეპუტატმა გაიარა

23 ივნისი, 2020 • 1051
პარლამენტის სხდომა დაიწყო, რეგისტრაცია 115-მა დეპუტატმა გაიარა

დღეს პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენაზე უყრიან კენჭს. სხდომა უკვე დაიწყო, რეგისტრაცია 115-მა დეპუტატმა გაიარა.

მეორე მოსმენას არ ესწრებიან „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“. მათი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმება ბოლომდე არ შეასრულა — არ გაათავისუფლა გიორგი რურუა და აქედან გამომდინარე, ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ევროპულმა საქართველომ პირველი მოსმენით ცვლილებებს მხარი დაუჭირა და მმართველ გუნდს მეორე მოსმენამდე რურუას გათავისუფლებისაკენ მოუწოდა.

ცვლილებების მისაღებად დეპუტატთა 113 ხმაა საჭირო. ცვლილებებს, „ქართული ოცნების“ თქმით, მხარს უჭერს მათი 93 დეპუტატიდან 92 — წინააღმდეგი კახა ოქრიაშვილია. ასევე, ცვლილებებს მხარს უჭერს დამოუკიდებელი დეპუტატების დიდი ნაწილი.

ცვლილებების მიღების შემთხვევაში, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 სისტემით, ანუ, 120 დეპუტატი აირჩევა პროპორციული, პარტიული სიით, 30 კი- მაჟორიტარული ოლქიდან.

პირველი მოსმენისას, მთლიანობაში, სხდომას ესწრებოდა 142 დეპუტატი. აქედან 136-მა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, 5 (დავით ჭიჭინაძე, ბიძინა გეგიძე, ემზარ კვიციანი, ალექსანდრე ერქვანია, კახა ოქრიაშვილი) წინააღმდეგი იყო, ერთი (ნატო ჩხეიძე) კი ესწრებოდა კენჭისყრას, თუმცა მონაწილეობა არ მიუღია. პირველ მოსმენას არ დაესწრო „ნაციონალური მოძრაობა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი