შრომის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტს მოუწოდებენ, გაატაროს შრომის რეფორმა, რომელიც დასაქმებულების ბაზისური უფლებების გარანტირებისთვისაა აუცილებელი.
ამჟამად პარლამენტი — რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტი — განიხილავს კანონპროექტების პაკეტს, რომელსაც ცვლილებები ძირითადად შეაქვს შრომის კოდექსში, კანონში შრომის უსაფრთხოების შესახებ და შემოაქვს ახალი კანონი შრომის ინსპექციის შესახებ. ამასთან, ცვლილებები შედის არაერთ მომიჯნავე კანონში.
დღეს, 22 ივნისს, 16:00 საათზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ჩანიშნულია აღნიშნული პაკეტის განხილვა.
პაკეტის ავტორი დამოუკიდებელი პარლამენტარი დიმიტრი ცქიტიშვილია, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, რომელმაც უმრავლესობა 2019 წლის ნოემბერში დატოვა საარჩევნო სისტემის რეფორმის ჩაგდების შემდეგ; ინიციატორები კი, ცქიტიშვილთან, თამარ ჩუგოშვილთან და თამარ ხულორდავასთან ერთად, „ქართული ოცნების“ წევრები, ირაკლი კობახიძე, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი არიან.
EMC-ის სოციალური უფლებების პროგრამის მენეჯერის, კოტე ერისთავის თანახმად, დაგეგმილი ცვლილებები, იმის მიუხედავად, რომ გარკვეულ პრობლემურ საკითხებს მოიცავს, აუცილებელია მოწყვლადი, დაუცველი მშრომელების ბაზისური უფლებების დასაცავად.
მისი თქმით, კანონპროექტის სამუშაო ვერსიიდან, რომლის განხილვებში მონაწილეობასაც საია და EMC-ც იღებდნენ, პარლამენტში „შეთხელებული“ და „მოკრძალებული“ კანონპროექტია შესული და „ამოღებულია ბევრი მნიშვნელოვანი მუხლი, რადგან, როგორც ჩანს, პარლამენტი წავიდა კომპრომისზე ბიზნესთან“.
როგორც EMC და საია განმარტავენ, პაკეტით ძლიერდება შრომის ინსპექცია და იზრდება მისი მანდატი. საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს: „წლებია, ვსაუბრობთ, რომ დასაქმებულთა უფლებები გამოწვევად რჩება. ვხედავთ, როდესაც კონკრეტულად დასაქმებულები უფლებამოსილების შესრულების დროს იღებენ დაზიანებებს, ხშირად სამშენებლო ობიექტებზე ან შახტებსა და მაღაროებში შემთხვევები სრულდება სიკვდილით… ამიტომ მნიშვნელოვანია ინსპექციისთვის მანდატის გაზრდა. რაც უფრო მეტი მანდატი გაჩნდება შრომის კანონმდებლობაში, უკეთ წაადგება ჩვენს ქვეყანას“…
კოტე ერისთავის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეფორმით შესვენების და დასვენების დროის მოწესრიგება და 6-საათზე მეტ მუშაობაზე 1-საათიანი შესვენების შემოღება, რაც აქამდე არ იყო კანონმებლობით დადგენილი.
„ხაზგასასმელია, რომ პარლამენტი ბევრ დათმობაზე წავიდა ბიზნესის სასარგებლოდ. თუმცა მნიშვნელოვანია, ეს ბაზისური გარანტიები მაინც გავიდეს, შევიდეს ცვლილებები კანონმდებლობაში, რაც გააძლიერებს მშრომელებს“, – განაცხადა 22 ივნისს კოტე ერისთავმა ბრიფინგზე.
ორგანიზაციები, EMC და საია დადებითად აფასებენ შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა:
- შესვენებისა და დასვენების დროის დარეგულირება;
- დასაქმებულის შრომითი დისკრიმინაციისგან დაცვის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესება და გონივრული მისადაგების ცნების განსაზღვრა;
- ნორმირებული სამუშაო დროის ახლებურად მოწესრიგება;
- ზეგანაკვეთური სამუშაოს გაზრდილი ტარიფით ანაზღარუების გარანტირება, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება და სხვა.
- გარდა ამისა, ორგანიზაციები მიესალმებიან შრომის ინსპექციის ინსტიტუციურ გაძლიერებასა და მისი მანდატის გაზრდას, რაც „შრომითი უფლებების ეფექტური აღსრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“…
„თუმცა, სამწუხაროდ, კანონპროექტთა პაკეტი კვლავ არ ითვალისწინებს ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ჭერს, არ გვთავაზობს ხელშეკრულების შეწყვეტის ამომწურავ საფუძვლებს, არ შემოაქვს სოლიდარული გაფიცვის თუ მამობის შვებულების უფლება, ძალაში ტოვებს დეკრეტული შვებულების უკიდურესად დაბალ ანაზღაურებას და სხვა მიმართულებებით რჩება არასრულყოფილი“, – წერენ EMC და საია განცხადებაში.
„გვესმის, თითქოს ეს არის რამდენიმე დეპუტატის/ორგანიზაციის ახირება, თუმცა მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ის ვალდებულებები, რაც საქართველოს აქვს აღებული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით და სხვადასხვა ევროდირექტივით, რომელიც უნდა შეასრულოს საქართველომ ეტაპობრივად… ადრე თუ გვიან, სახელმწიფოს მოუწევს მაღალი სტანდარტის დამკვიდრება და რაც უფრო მალე დავიწყებთ ამ პროცესს, უფრო წაადგება მოცემულობას“, – განაცხადა სულხან სალაძემ.
ნახეთ ასევე:
ცქიტიშვილის ინიციატივით, იცვლება დეკრეტული შვებულების ანაზღაურება