ახალი ამბები

ველოდები რომ ანა დოლიძე ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს – ზურაბიშვილი

19 ივნისი, 2020 • 1101
ველოდები რომ ანა დოლიძე ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის საკითხს.

პრეზიდენტი განმარტავს, რომ მიუხედავად ორგანულ კანონში არსებული ჩანაწერისა, კონსტიტუცია პრეზიდენტს მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის უფლებას აძლევს. ამის საფუძველზე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ კონსტიტუციის მოთხოვნას დაიცავს, ხოლო დოლიძეს მოუწოდებს, მიიღოს “დროული” და “ღირსეული” გადაწყვეტილება.

“სამართლებრივი პოზიცია ასეთია: ერთი მხრივ, მოქმედი ორგანული კანონით ,,საერთო სასამართლოების შესახებ” გათვალისწინებულია პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. მეორე მხრივ, კონსტიტუცია პრეზიდენტს, განსხვავებით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურისა და სხვა მაგავსი შემთხვევებისა, ანიჭებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხოლოდ დანიშვნის უფლებას. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დაცვის გარანტია. ის ვალდებულია იმოქმედოს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებებით, რომელიც არ მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლებას.

რაც ეხება საკითხის არასამართლებრივ მხარეს, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პირმა, რომელსაც უკავია ესოდენ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა, თავად უნდა იცოდეს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, ესმოდეს და ათვითცნობიერებდეს, სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის. სწორედ ასეთ თვითშეგნებაზე და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული საზოგადოების ნდობა. პრეზიდენტი ელოდება, რომ ქალბატონი ანა დოლიძე მიიღებს დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას”,-აცხადებს ზურაბიშვილი.


არასამთავრობო ორგანიზაციებმა 16 ივნისს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ანა დოლიძეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს. განცხადების ხელმომწერები ამის მიზეზად დოლიძის მიერ რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო მოძრაობა “ხალხისთვის” დაფუძნებას ასახელებენ და ამბობენ, რომ საზოგადოების ნაწილში გაჩნდა მოლოდინები მის სამომავლო პარტიულ საქმიანობასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც შეუთავსებელია მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან.

თავად დოლიძე მიიჩნევს, რომ  მისი საჯარო საქმიანობა არ ეწინააღმდეგება კანონს და, შესაბამისად, თანამდებობრივი შეუთავსებლობა არ აქვს. დოლიძემ არასამთავრობო ორგანიზაცია “მოძრაობა ხალხისთვის” მიმდინარე წლის მაისში დააფუძნა. 18 ივნისს კი, ალეკო ელისაშვილთან და პარლამენტარ ლევან კობერიძესთან ერთად, ახალი პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნების შესახებ განაცხადა. დოლიძის თქმითვე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი დამოუკიდებელი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მის საწინააღმდეგო კამპანიას ეწევა, როცა კანონდარღვევაზე უთითებს. 18 ივნისს ჯანეზაშვილმა დაწერა, რომ დოლიძე დღესაც რომ გადადგეს დაკავებული პოზიციიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს.

ანა დოლიძემ მოძრაობა “ხალხისთვის” დააარსა

მასალების გადაბეჭდვის წესი