ახალი ამბები

ჯანეზაშვილი სათავეში უდგას კლანის კამპანიას ჩემი იმიჯის დასაზიანებლად – დოლიძე

18 ივნისი, 2020 • 1935
ჯანეზაშვილი სათავეში უდგას კლანის კამპანიას ჩემი იმიჯის დასაზიანებლად – დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ მისი საჯარო საქმიანობა არ ეწინააღმდეგება კანონს და, შესაბამისად, თანამდებობრივი შეუთავსებლობა არ აქვს. დოლიძემ არასამთავრობო ორგანიზაცია “მოძრაობა ხალხისთვის” მიმდინარე წლის მაისში დააფუძნა, დღეს, 18 ივნისს კი, ალეკო ელისაშვილთან და პარლამენტარ ლევან კობერიძესთან ერთად, ახალი პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნების შესახებ განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი დამოუკიდებელი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მის საწინააღმდეგო კამპანიას ეწევა, როცა კანონდარღვევაზე უთითებს.

“ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან ჰიპერაქტიურობა ჩემთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, მაფიქრებს, რომ ის სათავეში უდგას მიქაუტაძის, გვრიტიშვილის, მეთოფიშვილის კლანის კამპანიას, რომლის მიზანია, დააზიანოს ჩემი იმიჯი. საბჭოში წევრობის პირველივე დღიდად ვაკეთებდი უმწვავეს განცხადებებს, დავდიოდი მანიფესტაციებზე, მიტინგებზე, მივსულვარ პოლიტიკოსებთან, ქალბატონ ნაზისთან ერთად – თუ ეს არის პოლიტიკური საქმიანობა, მე მგონი, მასაც ექმნება პრობლემა.

თუ სამართალზე და კანონის უზენაესობაზე ვსაუბრობთ, ერთი ადამიანის ხუშტურით და განმარტებით, რა არის პოლიტიკური საქმიანობა, ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ. 2017 წელს ირაკლი კობახიძე იგივე საკითხზე მეკამათებოდა საქართველოს პარლამენტში და ეს პარალელები ძალიან მაფიქრებს. თუ საუბარია სამართლებრივ საკითხზე, მე ველოდები გვრიტიშვილის, მეთოფიშვილის, ჩინჩალაძის და ნაზი ჯანეზაშვილის ერთობლივ სარჩელს ჩემს წინააღმდეგ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მოგვიანებით ანა დოლიძემ ტვ “პირველის” ეთერში სტუმრობისას ნაზი ჯანეზაშვილი “ქართულ ოცნებასთან” აფილაციაშიც დაადანაშაულა.

“ნაზი ჯანეზაშვილს მოპოვებული აქვს ქართული ოცნების სრული მხარდაჭერა, როდესაც დაინიშნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში”, – თქვა ანა დოლიძემ.

ნაზი ჯანეზაშვილს სასამართლოში ჩივილისკენ მოუწოდეს დოლიძის თანამოაზრეებმაც – ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემ.

“მე იურისტი არ ვარ, იურიდიულ დეტალებზე ნუ მეკითხებით, მე შემიძლია ჩემი ემოცია გითხრათ – ნაზი ჯანეზაშვილი და დიმიტრი გვრიტიშვილი ერთნაირად რომ ლაპარაკობენ და ერთნაირად უტევენ ანა დოლიძეს, ეს ჩემთვის გულდასაწყვეტი და დაუჯერებელიც კი არის”, – განაცხადა ელისაშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ, არღვევს თუ არა ანა დოლიძე კანონს.

რაც შეეხება დაფინანსებას, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმის საქმიანობას დაფინანსება არ სჭირდება და ეს კითხვა ლეგიტიმური მას შემდეგ გახდება, თუ პლატფორმა პოლიტიკურ ორგანიზმად ჩამოყალიბდება. თუმცა ელისაშვილი არ უარყოფს, რომ რეალურად, პოლიტიკური პლატფორმა დაფუძნდა.

“და რა?! პოლიტიკის დემონიზება რატომ ხდება, ვერ ვხვდები. პლატფორმას, მაგიდას არავინ აფინანსებს – ხან ლევან კობერიძესთან ვიკრიბებით, ხან ჩემთან და ა.შ. თუ ეს პოლიტიკურ ორგანიზაციაში გადაიზრდება, მაშინ ლეგიტიმური იქნება კითხვა, საიდან გაქვთ დაფინანსება”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის განცხადებას ტვ “პირველის” ეთერში “ამაზრზენი” და “მატყუარა” უწოდა ნაზი ჯანეზაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ძალიან უკვირს ეს განცხადება, რადგან ელისაშვილმა თავის დროზე სწორედ ნაზი ჯანეზაშვილისგან გაიგო სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ.

“ეს არის სრულიად ამაზრზენი ჩემთვის განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელიც არაინფორმირებულია იმის შესახებ, რა გავაკეთე აქ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ვინ იყვნენ საბჭოს წევრები და მოსამართლეები, რომლებმაც სასამართლოს ზიანი მიაყენეს ამ ქვეყანაში. მან ეს პირადად ჩემგან გაიგო. ასევე, მან აღნიშნა, რომ მე მის ოფისში დავდიოდი. ის არის მატყუარა და დიდი სიცრუეა, რიდესაც ამას ამბობს. ეს იყო 2019 წლის იანვარში, როდესაც მათ შორის, ანა დოლიძესთან ერთად უზენაესი სასამართლოს საკითხზე შევხვდი პოლიტიკოსებს”, – ასე უპასუხა ნაზი ჯანეზაშვილმა ალეკო ელისაშვილის ბრალდებებს.

ანა დოლიძემ მოძრაობა “ხალხისთვის” დააარსა

მასალების გადაბეჭდვის წესი