ახალი ამბები

დოლიძე დღესაც რომ გადადგეს თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს – ჯანეზაშვილი

18 ივნისი, 2020 • 1313
დოლიძე დღესაც რომ გადადგეს თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს – ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ანა დოლიძე, რომელიც ასევე არის საბჭოს წევრი, დღესაც რომ გადადგეს დაკავებული პოზიციიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს.

ჯანეზაშვილი მანამდეც ამბობდა, რომ ანა დოლიძის მხრიდან მოძრაობა „ხალხისთვის“ თავმჯდომარეობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელია.

„როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკა გრძელდება. დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი (ანა დოლიძე) სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს მოაწერს ხელს.

ამის მერე კვლავ არის კითხვები ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას!

როდესაც სხვას აკრიტიკებ გამჭვირვალობის, საჯაროობის, კეთილსინდისიერების ნაკლებობისთვის, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს და თავად არ უნდა იყოს კანონის დამრღვევი“, – წერს ჯანეზაშვილი პირად ფეისბუკ გვერდზე.

მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საკითხი, კერძოდ:

„ვინ აფინანსებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორგანიზაციას, რომლის ფინანსებსაც ეს უკანასკნელი თავად განკარგავს და რატომ?

ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს“,- აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

დღეს, 18 ივნისს, 15:00 საათზე, ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, ანა დოლიძემ და ლევან კობერიძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს ხელი უნდა მოაწერონ.


არასამთავრობო ორგანიზაციებმა 16 ივნისს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს. განცხადების ხელმომწერები ამის მიზეზად დოლიძის მიერ რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო მოძრაობა “ხალხისთვის” დაფუძნებას ასახელებენ და ამბობენ, რომ საზოგადოების ნაწილში გაჩნდა მოლოდინები მის სამომავლო პარტიულ საქმიანობასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც შეუთავსებელია მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან.

არასამთავრობო ორგანიზაციების საპასუხოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ თქვა, რომ პოლიტიკური საქმიანობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია და თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით კანონის შესაბამისად მოიქცევა.

ანა დოლიძემ მოძრაობა “ხალხისთვის” მიმდინარე წლის 21 მაისს დააარსა. როგორც ანა დოლიძე აცხადებს, მოძრაობა იმ მოქალაქეებს გააერთიანებს, ვინც იბრძოდნენ და დღემდე იბრძვიან სამართლიანობისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

წაიკითხეთ ვრცლად:

ანა დოლიძის თანამდებობრივ შეუთავსებლობაზე კითხვები ლეგიტიმურია – ჯანეზაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი