ახალი ამბები

NGO-ები: თუ ანა დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავს, იუსტიციის საბჭო უნდა დატოვოს

15 ივნისი, 2020 • 2420
NGO-ები: თუ ანა დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავს, იუსტიციის საბჭო უნდა დატოვოს

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

განცხადების ხელმომწერები ამის მიზეზად დოლიძის მიერ რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო მოძრაობა “ხალხისთვის” დაფუძნებას ასახელებენ და ამბობენ, რომ საზოგადოების ნაწილში გაჩნდა მოლოდინები მის სამომავლო პარტიულ საქმიანობასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც შეუთავსებელია მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან:

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ხელმომწერი ორგანიზაციები აქტიურად უჭერდნენ მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზების საკითხს. სწორედ ამ მიზნით, 2013 წლის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ პარლამენტის წევრები. ისინი ჩანაცვლდნენ აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლებით, რომლებსაც აეკრძალათ პოლიტიკური გაერთიანების წევრობა და „პოლიტიკური საქმიანობა“. ამგვარი საქმიანობის განხორციელება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის წინაპირობას წარმოადგენს. კანონის მიზანია სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა და შენარჩუნება”, – აცხადებენ ხელმომწერები.

არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად დანიშვნის დღიდან, აქტიურად არის ჩართული სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გამოვლენის, მათი გადაჭრის გზების ძიებისა და საზოგადოების ინფორმირების პროცესში, იგი მწვავე ოპონირებას უწევს სასამართლოში არსებულ კლანს.

მათი თქმით, განსაკუთრებით ღირებული და მნიშვნელოვანია ის შრომა, რომელიც მან გასწია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკანონმდებლო ბაზისა და კანდიდატთა შერჩევის პროცესის სრულყოფის კუთხით:

“2020 წლის 21 მაისს ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის” დააფუძნა. მისი განცხადებით, მოძრაობის მიზანია „სუფთა ხელებით”, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა. ამავე დღეს, ანა დოლიძემ საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე „მანიფესტი ხალხისთვის” გამოაქვეყნა და ტელეკომპანია პირველის პირდაპირ ეთერში, გადაცემა რეაქციაში სტუმრობისას, ორგანიზაციის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა” ,- აცხადებენ NGO-ებში.

მათი თქმით, ყოველივე ზემოთქმულმა საზოგადოების ნაწილში გააჩინა მოლოდინი მის სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ თუ ანა დოლიძე ახლო მომავალში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავს, მნიშვნელოვანია, მან თავად და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ.

არასამთავროების თქმით, ამავდროულად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ანა დოლიძის თანამდებობიდან გადაყენების უფლებამოსილება არცერთ სახელმწიფო ორგანოს ან/და თანამდებობის პირს არ აქვს.

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); უფლებები საქართველო; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD).

არასამთავრობოების განცხადებასთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” ანა დოლიძესაც დაუკავშირდა. დოლიძის მოძრაობა “ხალხისთვის” პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ დოლიძე ამ საკითხზე კომენტარს 18:00 საათზე გააკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი