ახალი ამბები

ანა დოლიძემ მოძრაობა “ხალხისთვის” დააარსა

21 მაისი, 2020 • 1854
ანა დოლიძემ მოძრაობა “ხალხისთვის” დააარსა

ანა დოლიძემ პოლიტიკური მოძრაობა “ხალხისთვის” დააარსა. როგორც ანა დოლიძე აცხადებს, მოძრაობა იმ მოქალაქეებს გააერთიანებს, ვინც იბრძოდნენ და დღემდე იბრძვიან სამართლიანობისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის:

“ჩვენ დღეს აქ ვერთიანდებით ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბრძოლის გამოცდილება და ისტორია, რომლებსაც აქვთ ისტორია და გამოცდილება სამართლიანობისთვის სახელმწიფო ინტერესებისთვის ბრძოლის, იმისთვის, რომ შევქმნათ ხალხის ხელისუფლება ხალხისთვის. რათა ხვალიდან ამ ქვეყანაში მოვიტანოთ პირობები, სადაც ყველა მოქალაქე შეძლებს საკუთარი ნიჭის რეალიზებას უკეთესი მომავლის შესაქმნელად”, – ამბობს ანა დოლიძე.

მისი თქმით, მოძრაობა “ხალხისთვის” ირჩევს მშვიდობას და დღის წესრიგს „პოლარიზაციის მიღმა“, სადაც თავისი სახელი დაერქმევა კარგსაც და ცუდსაც, სადაც გონივრულ საკითხებზე, ერთობლივი ღირებულებების ფარგლებში, შესაძლებელი იქნება შეთანხმება:

“„…ისტების“ დრო უნდა დასრულდეს! – განსხვავებული აზრი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია, რადგან პოლარიზაცია კლავს სახელმწიფოს განვითარებას.  ჩვენ ვირჩევთ სწრაფ სვლას მომავლისკენ და არა დაუსრულებელ ქექვას წარსულში, რაც იწვევს ქვეყნის საუკეთესო შესაძლებლობების გაფლანგვას.

გადავდივართ საქმიან სახალხო დისკუსიაზე! ვიმოქმედებთ უკეთესი მომავლისთვის, რომელიც იქნება დაფუძნებული ღირებულებებზე, სახელმწიფო ინტერესებსა და ამოცანებზე და არა პიროვნულ თავდასხმებზე, შეურაცხყოფასა და ტროლებზე. სწორედ ამისთვის შევქმნათ თანასწორობის სივრცე! ჩვენ გთავაზობთ სახალხო სივრცეს, სადაც ერთად ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს მომავალზე – როგორი ქვეყანა გვინდა და სად იცხოვრებენ ჩვენი შვილები. ეს ქვეყანა ჩვენია” – წერია მანიფესტში, რომელიც ანა დოლიძემ გაავრცელა.

ანა დოლიძის მოძრაობის მანიფესტი სრულად წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი