ახალი ამბები

15 წლის გოგოზე ადევნებასა და მუქარაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

19 ივნისი, 2020 •
15 წლის გოგოზე ადევნებასა და მუქარაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

პირს, რომელსაც ბრალი 15 წლის გოგოს ადევნებისა და მუქარისთვის წარედგინა, საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაცია ნეტგაზეთს პროკურატურაში დაუდასტურეს, სადაც გვითხრეს, რომ სასამართლომ უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მანამდე პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა (მუქარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ადევნება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა.

პროკურატურამ 15 წლის გოგო დაზარალებულად ცნო.

ამის შესახებ განცხადებაში პროკურატურა გამოძიების მასალებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბრალდებულმა გოგოს ასაკის შესახებ წინასწარ იცოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, – „იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სისტემატურად, პირადად ამყარებდა გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას, ურეკავდა სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრებიდან და სოციალური ქსელების, „ფეისბუქის“ და „Instagram“-ის მეშვეობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა“.

ასევე, სისტემატურად უკავშირდებოდა დაზარალებულის ნათესავს და მეგობრებს და მათი მეშვეობით ცდილობდა კომუნიკაციის დამყარებას.

პროკურატურის თქმით, 2020 წლის 7 ივნისს ბრალდებული გოგოს საცხოვრებელ კორპუსთან დახვდა და მასთან კომუნიკაციას შეეცადა. გოგო კორპუსის დაცვის თანამშრომლის დახმარებით დაბრუნდა საცხოვრებელ ბინაში.

„ასევე, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 13 თებერვალს თ.ჭ-მ ბრალდებულისგან „ფეისბუქის“ მეშვეობით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო. 2020 წლის 17 ივნისს თ.ჭ. დაზარალებულად იქნა ცნობილი“,- წერია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცავებმა აღნიშნული პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგოს მამამ ფეისბუკზე განცხადება 18 ივნისს გამოაქვეყნა აღნიშნულის შესახებ და თქვა, რომ მიუხედავად პოლიციისთვის მიმართვისა, აღნიშნული პირი დაკავებული არ იყო, პირიქით, არასრულწლოვნისა და მისი ოჯახის პროვოცირებას ცდილობდა.

წაიკითხეთ ასევე:

მშობლის თქმით, 15 წლის გოგოს კაცი მოკვლით ემუქრებოდა და ცოლობას აიძულებდა

მასალების გადაბეჭდვის წესი