ახალი ამბები

მშობლის თქმით, 15 წლის გოგოს კაცი მოკვლით ემუქრებოდა და ცოლობას აიძულებდა

18 ივნისი, 2020 • 1098
მშობლის თქმით, 15 წლის გოგოს კაცი მოკვლით ემუქრებოდა და ცოლობას აიძულებდა

ფეისბუკზე მშობლის ღია წერილი გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ მის 15 წლის შვილს კაცი აედევნა, მოკვლით ემუქრებოდა და ცოლობას აიძულებდა.

მამა ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია, რაც კაცი გოგოს ავიწროებდა, ერთ დღეს კი მისი გატაცება სცადა. მამის თქმით, საგამოძიებო ორგანოებს 12 დღის წინ მიმართა, თუმცა სავარაუდო დამნაშავე ამ დრომდე თავისუფალია და მათ წინააღმდეგ პროვოკაციებს აწყობს.

განცხადების გავრცელებიდან მალევე, ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პირის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.

„2020 წლის 7 ივნისს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება რ. ნ-ს მიერ არასრულწლოვანი გოგოს მიმართ მიმართ სავარაუდო მუქარის განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

აღნიშნულის შემდეგ ინტენსიურად ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რის საფუძველზეც, 2020 წლის 17 ივნისს რ. ნ -ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა (მუქარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ადევნება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ)“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ დაზარალებული არასრულწლოვანია, სისტემატურად პირადად ამყარებდა გოგოსთან არასასურველ კომუნიკაციას, ურეკავდა სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრებიდან და სოციალური ქსელების „ფეისბუქის“ და „Instagram“-ის მეშვეობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა.

ასევე უწყების ცნობით, რ.ნ. სისტემატურად უკავშირდებოდა დაზარალებულის ნათესავს და მეგობრებს და მათი მეშვეობით ცდილობდა არასრულწლოვანთან:

“კომუნიკაციის დამყარებას. 2020 წლის 7 ივნისს რ.ნ. საცხოვრებელ კორპუსთან დახვდა დაზარალებულს და მასთან პირადი კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა, რის შედეგადაც არასრულწლოვან გოგოს შეეშინდა და კორპუსის დაცვის თანამშრომლის დახმარებით დაბრუნდა საცხოვრებელ ბინაში.
ასევე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 13 თებერვალს, გოგომ ბრალდებულისგან „ფეისბუქის“ მეშვეობით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო. 2020 წლის 17 ივნისს არასრულწლოვანი დაზარალებულად იქნა ცნობილი” – აცხადებენ უწყებაში.

პროკურატურის განცხადებით, ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებული რ.ნ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ამ საქმეში უკვე ჩაერთო სახალხო დამცველის აპარატიც. სახალხო დამცველის პირველი მოადგილის, ეკატერინე სხილაძის თქმით, აპარატი თვალს მიადევნებს გამოძიების ეფექტურად წარმართვის პროცესსა და ამ დრომდე გატარებულ ღონისძიებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი