ახალი ამბები

პოლიციელს ადევნების მუხლით ბრალი წარედგინა

16 ოქტომბერი, 2023 • 998
პოლიციელს ადევნების მუხლით ბრალი წარედგინა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ნაცნობი ქალის მიმართ განხორციელებული ადევნების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის უფროსი ინსპექტორი იქნა მხილებული.

გამოძიების თანახმად,  2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში სამართალდამცავი რუსთავში არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ნაცნობ ქალთან, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხვდებოდა მას, ასევე, შეხვედრის მოთხოვნით უკავშირდებოდა ტელეფონისა და სოციალური ქსელების საშუალებით, ემუქრებოდა მათი მიმოწერის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, გარდა ამისა, ადევნების გზით, უკანონოდ აკონტროლებდა მის გადაადგილებას.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურს დაზარალებულმა ქალმა მიმართა. პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა ადევნებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა დაკავებული არაა.

დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის ამოქმედებიდან დღემდე, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში, ჯამში, 62 სამართალდამცავია მხილებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი