ახალი ამბები

ლგბტქი ორგანიზაციები მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარებას შესაძლო ზეწოლად აფასებენ

17 ივნისი, 2020 • 1110
ლგბტქი ორგანიზაციები მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარებას შესაძლო ზეწოლად აფასებენ

ლგბტქი სათემო ორგანიზაციები “ადამიანის სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” ერთ-ერთი დირექტორის, თამთა მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარების ფაქტს ეხმაურებიან. საქმე ეხება სუს-ში 30 მაისს ქვემო ქართლსა და კახეთის რეგიონში რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესს. ხელმომწერთა თქმით, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება სუს-ის ეს ნაბიჯი.

“ორგანიზაციების შეფასებით, ხელისუფლებათა ცვლილებისა და მართლმსაჯულების რეფორმების მიუხედავად, პოლიციური კონტროლის მექანიზმები დღემდე რჩება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად.

“აღნიშნული პრაქტიკა წარსულში წარმატებით გამოიყენებოდა განათლების, ნარკოპოლიტიკის, მშრომელთა, გარემოს დაცვისა თუ ლგბტქი საკითხებზე ორგანიზებული სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ.

მიგვაჩნია, რომ თამთა მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარების ფაქტი წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ აქტივისტებზე შესაძლო ზეწოლის ნეგატიური პრაქტიკის გაგრძელებას, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს აქტივისტების საქმიანობის თავისუფლებასა და  სამართლიანი პროტესტის საჯარო გამოხატვის უფლებას”, – აღნიშნავენ ხელმომწერი ორგანიზაციები.

მათივე თქმით, მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარების ფაქტი მის საქმიანობაზე კონტროლის დამყარების მცდელობას ჰგავს, მით უმეტეს, მაშინ, როცა სახელმწიფო არ ინტერესდება დესტაბილიზაციისაკენ მოწოდებული ჯგუფების საქმიანობით:

“EMC წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს ეთნიკური უმცირესობებისა და არადომინანტური რელიგიური ჯგუფების ინტეგრაციისა და პოლიტიკური ჩართულობის საკითხებზე და ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას არასაკმარისი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარების გამო.

სწორედ ამიტომ, გამოკითხვაზე თამთა მიქელაძის სუს-ში დაბარება აჩენს მის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების რეალურ ეჭვებს. მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც გამოძიება არ ინტერესდება ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქტივობებით, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის ახალი კერის შექმნას ცდილობენ”.

ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყოს სამოქალაქო აქტივისტების საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელება და არ დაუშვას მათ საჯარო გამოხატვაში თვითნებური, გაუმართლებელი ჩარევა.

განცხადებას ხელს აწერენ “თანასწორობის მოძრაობა”, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, “იდენტობა იუს”, “ქვიარ ასოციაცია-თემიდა”.

16 ივნისს სუს-ის მიერ მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარება სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გააკრიტიკეს.


თამთა მიქელაძე სუს-ში რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მისმა ორგანიზაციამაც გაავრცელა: EMC-ში ფიქრობენ, რომ უწყების ამ გადაწყვეტილებას შეიძლება გააჩნდეს სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლებისა და აქტივისტური საქმიანობის შემოწმებისა და კონტროლის მიზანი.

სუს-მა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება მაისის ბოლოს დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპერატიული ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ.

სუს-მა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი