ახალი ამბები

NGO-ები აკრიტიკებენ თამთა მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარების ფაქტს

16 ივნისი, 2020 • 1097
NGO-ები აკრიტიკებენ თამთა მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარების ფაქტს

არასამთავრობო ორგანიზაციები “ადამიანის სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” ერთ-ერთი დირექტორის, თამთა მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარების ფაქტს აკრიტიკებს. შესაბამისი განცხადება NGO-ებმა დღეს, 16 ივნისს გაავრცელეს და სახიფათოდ შეაფასეს მესამე სექტორის წარმომადგენლებთან მსგავსი ურთიერთობის პრაქტიკა.

“სუს-ის მიერ გამოძიების დაწყება ბუნდოვანი ამოცანით, ხოლო შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გამოკითხვაზე დაბარება, შეიძლება აღიქმებოდეს როგორც მინიშნება და გაფრთხილება სამოქალაქო აქტივისტების მიმართ.

ეს განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როცა ჩვენს სახელმწიფოში სამართლის უზენაესობა და ძალოვანი სტრუქტურების ჭარბი ძალაუფლება საპარლამენტო თუ სასამართლო კონტროლის მიღმა ისედაც დიდი გამოწვევაა და ხშირად სამოქალაქო საზოგადოება კონტროლისა თუ გაწონასწორების ერთადერთ ცენტრს წარმოადგენს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციათა თქმით, სახიფათოა ისიც, რომ “დიდი ალბათობით”, სუსი მოითხოვს გაფორმდეს გაუთქმელობის ხელწერილი, რის გამოც თამთა მიქელაძეს არ ექნება შესაძლებლობა, იმსჯელოს ფაქტის მართებულობაზე და საზოგადოებას მიაწოდოს ალტერნატიული ინფორმაცია.

“…თამთა მიქელაძე, რომელიც ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემებზე საზოგადოების ინფორმირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აქტივისტი, მოკლებული იქნება შესაძლებლობას, საზოგადოებას თავისუფლად, შეუზღუდავი სახით მიაწოდოს ხელისუფლების ალტერნატიული ინფორმაცია.

ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვაძლევს საფუძველს, შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ არა პრობლემის წყაროს, არამედ პრობლემის მამხილებელ აქტორებს, რომლებიც  გონიერმა ხელისუფლებამ უნდა განიხილოს საკუთარ მოკავშირედ პრობლემის ძირეული აღმოფხვრის საქმეში”, – წერენ ისინი.

თამთა მიქელაძე სუს-ში რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მისმა ორგანიზაციამაც გაავრცელა: EMC-ში ფიქრობენ, რომ უწყების ამ გადაწყვეტილებას შეიძლება გააჩნდეს სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლებისა და აქტივისტური საქმიანობის შემოწმებისა და კონტროლის მიზანი.

განცხადებას ხელს აწერენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI); საქარველოს  დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GDI); ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); 


სუს-მა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება მაისის ბოლოს დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპერატიული ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ.

სუს-მა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი