ახალი ამბები

“ეს ნიშნავს ჩვენი პარტნიორების ნდობას” – კაკაურიძე გაზრდილ ვალზე

15 ივნისი, 2020 • 818
“ეს ნიშნავს ჩვენი პარტნიორების ნდობას” – კაკაურიძე გაზრდილ ვალზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე საგარეო ვალზე საუბრისას აღნიშნავს, რომ კორონავირუსის კრიზისის დროს საქართველოს მთავრობამ შეძლო დიდი მოცულობით რესურსის მობილიზება.

„ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო ფრაქციების სხდომაზე, სადაც ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, დეპუტატებმა კაკაურიძეს ჰკითხეს, რამდენი პროცენტი იყო სახელმწიფო ვალის ფარდობის მაჩვენებელი მშპ-სთან 2012 წელს, როდესაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, და დღეს. ფინანსთა მინისტრის თქმით, 2012 წელს სახელმწიფო ვალის ფარდობის მაჩვენებელი მშპ-სთან იყო 36%, წელს კი 55% იქნება.

“ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მაკროეკონომიკას და ჩვენს ფისკალურ სურათს აქვს ნდობა ჩვენი პარტნიორებისგან, რომლებმაც წელს გამოგვიყვეს ის თანხა, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს არა მხოლოდ დღეს არსებული სიტუაციისთვის, არამედ უფრო უარესი ეპიდემიოლოგიური სიტუაციისთვის. შესაბამისად, წლის ბოლოს დაახლოებით 2,7 მილიარდი ოდენობის რესურსი დაგვრჩება, რომელსაც მომდევნო წელს გამოვიყენებთ. კრიზისის დროს ჩვენ შევძელით და საკმაოდ დიდი მოცულობით რესურსი მოვიზიდეთ ქვეყანაში”, – განაცხადა კაკაურიძემ.

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც ბიუროკრატიული ხარjები არ მცირდება, ვალის აღება მიუთითებს არა მთავრობის ეფექტურობაზე დონორებთან მუშაობაში, არამედ არაფექტურობაზე ქვეყნის შიგნით და ასეთი მთავრობა “სახლში გასაშვებია”.

“ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც საკუთარ ხარჯებს არ იმცირებს და ვალს იღებს იმისთვის, რომ რაღაც ელემენტარული და არასაკმარისი მაინც გააკეთოს. როცა თქვენ აქაც გვეუბნებით, რომ პარტიული აქტივის ხარჯს ვერ შეამცირებთ, ბუროკრატიის ხარჯს ვერ შეამცირებთ, სსიპ-ებს და ა(ა)იპ-ებს ვერ შეამცირებთ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ისეთი მაგრები ხართ,  თანხები მოიზიდეთ, ეს ნიშნავს, საკუთარ ბიუროკრატიაზე არ გინდათ თანხა მოიკლოთ და ვალს უტოვებთ ქვეყანას, რომ იგივენაირად გააგრძელოთ ხარჯვა. 6,5 მილიარდი იყო 2012 წელს ვალი, წლის ბოლოს შიდა ვალიანად 27 მილიარდზე მეტი იქნება. 8 წლის განმავლობაში 21 მილიარდი ლარი გაქვთ ვალში აღებული, რაში დაიხარჯა ეს თანხა? – ეკონომიკური ზრდა გქონდათ, ეკონომიკურ ბუმში ჩადეთ ეს თანხა, ინფრასტრუქტურა ააშენეთ ისეთი, რომ ვერ ვხედავთ?”, – მიმართა ბაქრაძემ კაკაურიძეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, ბიოროკრატიული ხარჯები 600 მილიონი ლარით მცრიდება.

“ვალს რაც შეეხება, ეს არის ის თანხები, რა ნდობაც გამოუცხადეს ჩვენს პროგრამას და ჩვენს ანტიკრიზისულ გეგმას ჩვენმა პარნტიორებმა”, – აღნიშნა კაკაურიძემ.

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების მაჩვენებელი წარუდგინა. საქართველოს მთავრობა 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის 4%-იან შემცირებას ელის. შედეგად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 2019 მაჩვენებელს გაუტოლდება და 50 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. მთავრობისვე მოლოდინით ეკონომიკა ზრდას უკვე 2021 წლიდან დაიწყებს. 2020 წელსვე წლიური ინფლაცია მიზნობრივზე მაღალი – 4.7% იქნება.

მთავრობის ვალი 2020-ში მშპ-ს 58%-ს მიაღწევს, ლიმიტი 60%-ია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი