ახალი ამბები

„ჩვენი პროფილი არაა“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილე აშშ-ის სანქციების აღსრულებაზე

17 სექტემბერი, 2024 •
„ჩვენი პროფილი არაა“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილე აშშ-ის სანქციების აღსრულებაზე

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ვერ ამბობს, როგორ უნდა აღასრულონ ბანკებმა აშშ-ის ფინანსური სანქციები და ეროვნული ბანკის რეგულაცია ერთად, მაშინ, როცა ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. საუბარია აშშ-ის ახალი ფინანსური სანქციების აღსრულებაზე  “ხარებას” და სხვა პირების მიმართ.

კითხვებს ის აჩენს, რომ ეროვნული ბანკის რეგულაცია საქართველოს დასანქცირებულ მოქალაქეებზე გამონაკლისს აწესებს.

ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით რეგულაცია  2023 წლის შემოდგომაზე შეცვალა – როცა აშშ-მა  საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

ამ ცვლილების მიხედვით, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

მას შემდეგ კი, რაც 16 სექტემბერს აშშ-მა ფინანსური სანქციები საქართველოს 4 მოქალაქეს დაუწესა, გაჩნდა კითხვა, როგორ აღასრულებენ სანქციებს ბანკები.

საბანკო ასოციაციის განცხადებით, საბანკო სისტემა „განუხრელად დაიცავს“ საერთაშორისო სანქციებს.

გიორგი კაკაურიძე აღნიშნულ განცხადებას იშველიებს და ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტრო დამატებით აღსრულების ნაწილში ვერ ჩაერთვება, რადგან ეს მათი „პროფილი“ არაა და არანაირი ბერკეტი კომერციული ბანკების მიმართ არ აქვთ.

„თქვენ მეკითხებით იურიდიულ თემას, როგორ უნდა მოხდეს [აღსრულების] პროცესი და ალბათ, ეს ეროვნული ბანკის იურისტებს უნდა ვკითხოთ ან კომერციულ ბანკებს.

მე არ მგონია, რომ საბანკო სექტორს რეპუტაცია გადასარჩენი ჰქონდეს, ძალიან კარგად [აღასრულებს სანქციებს], ისევე როგორც სხვა მიმართულებით სრულდება სანქციები. არაფერი გადასარჩენი საბანკო სექტორს არ აქვს, თავისი პროცედურებით უზრუნველყოფს ამ პროცედურების აღსრულებას“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

თავად ეროვნულ ბანკს ამ დრომდე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს აშშ-ის ფინანსური სანქციების აღსრულება და მოხდა თუ არა სანქცირებული პირებისთვის ანგარიშების გაყინვა.


16 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო, საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა.

დასანქცირებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული ალტ-ინფოს დამფუძნებლები- ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

სანქცირება შემდეგ შეზღუდვებს გულისხმობს:

  • სანქცირებული პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ქონებაში მათი წილები შეერთებულ შტატებში დაყადაღებულია.
  • დაყადაღებულია სუბიექტები, რომლებიც 50% ან მეტით, პირდაპირ თუ ირიბად, სანქცირებული ფიზიკური პირების საკუთრებაშია.
  • აკრძალულია ნებისმიერი ტრანზაქცია აშშ-ში, რომელიც სანქცირებული პირების საკუთრებას ან ინტერესებს ეხება. ამ წესიდან გამონაკლისი მხოლოდ აშშ-ს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ნებართვით იქნება დაშვებული.

ზვიად ხარაზიშვილის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში აქვს ჩაბარებული, მას საბანკო ანგარიში „თიბისი ბანკში“ აქვს. სწორედ „თიბისი ბანკში“ ერიცხება მას ხელფასი.

ამასთან ზვიად ხარაზიშვილი არის  კერძო დაცვის კომპანიის „სარანგის“ 50%-იანი წილის მფლობელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი