კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველი“ კვლავ დააჯარიმა, 5 000 ლარით.

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, 27-28 ივლისის მონიტორინგის შედეგად გამოვლინა, რომ 11:00, 13:00, 15:00 და 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში „იკვეთებოდა მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები“.

კომისია აცხადებს, რომ ტელეკომპანია „პირველს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის უკვე დაკისრებული აქვს ორი სანქცია, მათ შორის წერილობითი გაფრთხილება და 2500 ლარიანი ჯარიმა.

გადაწყვეტილებას ცენზურად აფასებენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მედიის ადვოკატირების კოალიცია.

„კომუნიკაციების ეროვნული კომისია განაგრძობს ზეწოლას ტელევიზიებზე „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი ტერმინოლოგიის ხმარებიდან ამოსაღებად. კომისიამ მიიჩნია, რომ ახალი ამბების გაშუქებისას „ტვ პირველმა“ სწორად ვერ გადმოსცა პოლიციის მაღალჩინოსნის გოგა მემანიშვილის პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე. ტელეკომპანიამ ისეთი ფრაზების გამოყენებით, როგორიცაა „სქროლვა-სქრინვის სააგენტო“, „ჩეჩნური ტიპის რაზმი“, „აქტივისტებზე ნადირობა“, „პოლიციას ნერვებმა უმტყუნა“ და სხვა, ასევე, დაარღვია მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლის, რომელიც სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას ეხება, მეხუთე პუნქტი. კომისიამ ივნისში „ტვ პირველი“ ისეთი ტერმინებისა და ფრაზების გამოყენებისთვის დასაჯა, როგორებიცაა „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“, „არარსებული დანაშაული“, „აქტივისტების ტერორი გრძელდება“ და სხვა. 2025 წლის მარტში მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული შესწორების საფუძველზე, რომელმაც კომუნიკაციების კომისიას შინაარსობრივ საკითხებზე ზედამხედველობის მანდატი მიანიჭა, კომისია პროაქტიულად ატარებს მედიამონიტორინგს და ტელეკომპანიებს პერიოდულად დარღვევების შესახებ პრეტენზიებს უყენებს. ამგვარი ქმედება კომუნიკაციების კომისიას, რომლის კავშირები მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ კარგად არის დოკუმენტირებული და დასაბუთებული, აქცევს ერთგვარ „ცენზურის სააგენტოდ“, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგის გამტარად“, — აცხადებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

ქარტიის შეფასებით, ტელეკომპანიებზე სისტემური ზეწოლით კომუნიკაციების ეროვნული კომისია ცდილობს, მათ დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე უარი ათქმევინოს, რათა დისკომფორტი არ შეექმნას „ქართულ ოცნებას“.

„ამგვარი მცდელობები და დამოკიდებულებები ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ქარტია სოლიდარობას უცხადებს „ტვ პირველს“ და მის გუნდს, რომელიც, წნეხის მიუხედავად, განაგრძობს პროფესიული მოვალეობის შესრულებას საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დასაცავად და არ იშურებს ძალისხმევას სარედაქციო დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად“, — ნათქვამია განცხადებაში.

დამოუკიდებელ მედიაზე სისტემურ ზეწოლას გმობს მედიის ადვოკატირების კოალიციაც.

„კომუნიკაციების კომისია კიდევ ერთხელ უხეშად ერევა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და ახორციელებს პირდაპირ შინაარსობრივ ცენზურას. ეს არის კომუნიკაციების კომისიის მხრიდან დამოუკიდებელ მედიის მიზანმიმართული დევნა რეპრესიული კანონმდებლობის იმპლემენტაციის საფარქვეშ. აღნიშნული პოლიტიკა ემსახურება „ქართული ოცნებისთვის“ არასასურველი ინფორმაციის შეზღუდვას. ცენზურის დამკვიდრებისა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის პროცესზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც კომისიის წევრებს, ისე უწყების თანამშრომლებს, რომლებიც დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული ცენზურის პოლიტიკის უსიტყვო შემსრულებლები არიან.

წარსული პროცესების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ კომისიის წევრები – გოგა გულორდავა (თავმჯდომარე), ნათია კუკულაძე, ეკატერინე იმედაძე, ივანე მახარაძე და ანი ვაზაგაშვილი მარეგულირებლის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, მათ შორის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბუთბაია და მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონსტანტინე ქორიძე თანამშრომლებთან ერთად, დამოუკიდებელი მედიის ცენზურის ავანდგარდში არიან“, — ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია „ტვ პირველს“ და ქვეყანაში მოქმედ თითოეულ დამოუკიდებელ მედიას თუ ჟურნალისტს, რომლებიც არსებული წნეხისა და სამართლებრივი დევნის პირობებშიც აგრძელებენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას.