ახალი ამბები

სანქციები ივანიშვილს? – შესაძლებლობა, რისკი და შესაძლო შედეგები

12 ივნისი, 2020 • 3331
სანქციები ივანიშვილს? – შესაძლებლობა, რისკი და შესაძლო შედეგები

შეიძლება თუ არა, აშშ-მა სანქციები დააკისროს საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც 13-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში „პუტინის მარიონეტად“ მოიხსენია? რა დოკუმენტია ეს? ბოლოდროინდელი მოვლენებისა და განცხადებების ფონზე, შეიძლება თუ არა, შეიცვალოს რაიმე აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთობებში?

რა ხდება?

13 ამერიკელი კონგრესმენის ხელმოწერილ პოლიტიკის დოკუმენტში, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც „ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირისთვის“, სანქციების დაწესებაა მოთხოვნილი.

პოლიტიკის კომენტატორების თანახმად, ეს დოკუმენტი, რომელსაც წინ უძღოდა კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკული წერილები, საყურადღებოა, ბოლოდროინდელი რიტორიკა კი, თუკი ვითარება არ შეიცვლება, შესაძლოა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში ცვლილებებით დასრულდეს.

„ქართული ოცნების“ ლიდერები კი აცხადებენ, რომ 13 კონგრესმენის ავტორობით მომზადებულ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის „პუტინის მარიონეტის“ და „საქართველოს დესტაბილიზაციის ხელშემწყობად“ მოხსენიება გავლენას არ იქონიებს აშშ-ისა და საქართველოს მთავრობების ამჟამინდელ ურთიერთობებზე. ამასთან, “ოცნების” წარმომადგენლების თანახმად:

  • ეს დაბალი რანგის დოკუმენტია და პოლიტიკური ძალა არა აქვს;
  • ამჟამად საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზეა;
  • კვლევაში მისი სახელის ამ კონტექსტში ხსენება სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის ლობისტების დამსახურებაა;
  • ივანიშვილის შესახებ წინადადება კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი;
  • ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაკისრებას საზოგადოება არ უნდა ელოდოს;

ნახეთ „ქართული ოცნების“ და სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერების განცხადებები:

დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი: „ეს არის დოკუმენტი, რომელსაც პოლიტიკური ძალა არა აქვს. არც აღმასრულებელი და არც საკანონმდებლო დანიშნულება ამ დოკუმენტს არა აქვს.

ეს არის კვლევა და რეკომენდაციები, რომელსაც ხელს აწერენ ჩვენთვის ძალიან პატივცემული “რესპუბლიკელები”, მათ შორის, კონგრესმენები. აქედან სამთან მე პირადად მქონდა შეხვედრა თებერვალში. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა მათ და მსგავსი რამ არც კი გამიგია. ერთ-ერთმა მათგანმა შეხვედრის შემდეგ კომენტარიც კი გააკეთა ქართულ მედიასთან და აღნიშნა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უმაღლესი დონე.

ეს ახალი არ არის და ჩვენ არაერთი მსგავსი განცხადება გვაქვს მოსმენილი, თუნდაც სულ ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწისგან, ფილიპ რიკერისგან, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა“;

ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე: „ასეთი ფრაზები თუნდაც ასეთი დაბალი რანგის დოკუმენტებში არის იმ ფულის დამსახურება, რომელიც მათ ჯერ ხალხის ხარჯზე, კორუფციის ხარჯზე მოიპოვეს და შემდეგ გადაუხადეს კონკრეტულ ლობისტებს“.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა: „ამ დოკუმენტის მთელი პათოსის ფონზე ის ერთი წინადადება, რომელმაც ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, მთლიანად ამოგლეჯილია კონტექსტიდან. ის სამუშაო პირდაპირ ჩანს, რომელიც ლობისტებმა გასწიეს, რომ ეს ერთი წინადადება როგორმე მოხვედრილიყო დოკუმენტში“.
თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი: ჩემთვის დასკვნა მარტივია. „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილები, რომელი ქვეყნის პოლიტიკოსებადაც არ უნდა მოგვევლინონ, ქვეყნის შიგნით მათ რესურსი, ფაქტობრივად, ამოწურეს. ისინი მარცხისთვის არიან განწირულნი. ამიტომ ვიღაც ლობისტების მეშვეობით ცდილობენ დაუბრუნდნენ 2012 წლის ივლისის რიტორიკას, რომ „ქართული ოცნება“, ჩვენი ლიდერი, ყველანი ვართ პუტინის აგენტები. ადრე ვარიგებდით მაცივრებსა და ტელევიზორებს, რათა ქართველი ხალხი გაგვეუბედურებინა, და ახლა ხელისუფლებაში დარჩენას ვცდილობით ვითომ პუტინის დავალებით. ეს ყველაფერი არის სასაცილო და არასერიოზულია“.

რა წერია დოკუმენტში?

საუბარია 10 ივნისს გამოქვეყნებულ პოლიტიკის დოკუმენტზე, — ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე, რომლის სათაურია „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“. ის გამოაქვეყნა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკური პარტიის წევრების კოკუსმა (ანუ სამუშაო ჯგუფმა/კომიტეტმა, რომლის სახელია რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი (RSC)).

180-გვერდიანი დოკუმენტი მიმოიხილავს იმ არაერთ საკითხს, რასაც ავტორები აშშ-ის შიდა და საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელობის მქონედ თუ საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. საქართველოს მილიარდერი ექსპრემიერი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კი შემდეგ კონტექსტშია ნახსენები:

„[აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული] არსებული სანქციები საკმარისად არ მიემართება [რუსეთის პრეზიდენტი] ვლადიმერ პუტინის მარიონეტებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, არის ახლო მოკავშირე ვლადიმერ პუტინისა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში“.

იქვეა ნახსენები უკრაინელი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელსაც ავტორები უწოდებენ „პრორუს ოლიგარქსა და მარიონეტს უკრაინაში, რომელმაც გამოიყენა თავისი მედიაიმპერია, რათა აქტიურად დახმარებოდა რუსეთს დამაზიანებელი დეზინფორმაციის გავრცელებაში“; იმავე აბზაცში, სანქციების კონტექსტში, ნახსენებია ასევე ვლადიმირ ევტუშენკოვი, რუსეთის მოქალაქე მილიარდერი ოლიგარქი.

ავტორები გასცემენ რეკომენდაციას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიმუშაოს სია, რომელიც ჩამოთვლის კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს, რაც დაეხმარებოდა კონგრესს, გადაეწყვიტა საქნციების საკითხი, რომელიც გარკვეულ პირებს თუ ორგანიზაციებს „კრემლისთვის მუშაობაში ხელს შეუშლიდა“.

კონგრესმენები, რომლებიც ხელს აწერენ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას

ის 13 კონგრესმენი, რომლებიც ხელს აწერენ აღნიშნული დოკუმენტს/სტრატეგიას და, შესაბამისად, ივანიშვილის სანქცირებასაც ითხოვენ, არიან რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი და წევრები: ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეიკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, კლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ კრენშოუ, ბრაიან სტაილი და მაიკლ უოლტსი.

სტრატეგიის ზოგადი სულისკვეთება

სტრატეგია ასევე აკრიტიკებს ბარაკ ობამას პოლიტიკას, მათ შორის რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკას. კონსერვატორი ავტორების პოზიციით, „ობამას წარუმატებელმა პოლიტიკამ საშუალებას მისცა აშშ-ის მეტოქეებს, გაძლიერებულიყვნენ, სანამ ამერიკის ძალაუფლება, როგორც მსოფლიოს უპირველესი ძალისა, სუსტდებოდა“.

ავტორების ხედვით, „ამ დროის განმავლობაში კომუნისტური ჩინეთი და რუსეთი მთლიანად მივიწყებული იყო, ირანი ნაღდი ფულით სავსე თვითმფრინავით დაჯილდოვდა“, „აშშ-ის ცენტრალური მოკავშირეები განაწყენებულნი დარჩნენ, საგარეო დახმარებამ და გაეროში შეტანილმა წვლილმა წინ ვერ წასწია შეერთებული შტატების ინტერესები“ და „აშშ ცხვარივით იქცეოდა მსოფლიო ასპარეზზე“.

ამის საპირწონედ, ანგარიშის ავტორებს მიაჩნიათ, რომ დონალდ ტრამპმა თანამდებობის დაკავებიდანვე დაიწყო მსოფლიოში ამერიკის ძლიერი ლიდერობის აღდგენა და დაიწყო ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის გაძლიერება— „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.

რა არის RSC?

მართალია, რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი (RSC) არ არის აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ფორმალური საკომიტეტო სტრუქტურის ნაწილი, თუმცა, როგორც ამერიკელი დიპლომატი, უკრაინის საკითხებში აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი, კურტ ვოლკერი ამბობს, ამ კომიტეტის წევრები ამავე დროს არიან პალატის რესპუბლიკური ნაწილის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები.

რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი ჯერ კიდევ 1973 წელს დაარსდა. სხვადასხვა დროს კომიტეტში შედიოდნენ გავლენიანი ამერიკელი რესპუბლიკელები, მათ შორის- მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი (2005-06 წლებში თავმჯდომარეც იყო), ყოფილი ვიცე-პრეზიდენტები, დიკ ჩეინი და დენ ქუეილი. ასევე, კონგრესში მუშაობისას კომიტეტის წევრები იყვნენ ამჟამინდელი მინისტრთა კაბინეტის ორი წევრი და ოთხი მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი.

ამჟამინდელი, 2019-2021 წლების მოწვევის კონგრესის 197 რესპუბლიკელი კონგრესმენიდან 147 (ანუ, ფაქტობრივად 3/4) შედის ამ კომიტეტში [კომიტეტში გაწევრიანების უფლება მხოლოდ წარმომადგენელთა პალატის წევრებს აქვთ].

რა ძალა აქვს ამ დოკუმენტს?

რა ძალა აქვს აღნიშნულ სტრატეგიას, რომელსაც 13 კონგრესმენი აწერს ხელს? „ეს არ არის ისეთი დოკუმენტი, რაც კანონმდებლობად იქცევა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენები მხარს უჭერენ ამ სტრატეგიას და მათი სახელი აწერია“, – თქვა კურტ ვოლკერმა ჟურნალისტ ეგორ კუროპტევთან ინტერვიუში.

შეიძლება თუ არა, ეს სტრატეგია, — რომლის ნაწილიცაა რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაკისრება, რომლის ფარგლებშიც ავტორები ივანიშვილსაც გულისხმობენ, — უფრო შორს წავიდეს? ვოლკერი ზოგადად რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე სტრატეგიაში დასახულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით ამბობს:

„ეს არის [წარმომადგენელთა პალატაში, სადაც რესპუბიკელები უმცირესობაში არიან] რესპუბლიკელი კონგრესმენების მხრიდან პოზიციის გამოცხადება — ისინი ამბობენ, რომ რუსეთის მიმართ ძალიან მკაცრ სანქციებს ემხრობიან…

სენატი რომ განვიხილოთ — სენატში იპოვით გარკვეულ რესპუბლიკელ სენატორებს, რომლებიც ასევე ძლიერად უჭერენ მხარს ინიციატივას, მაგალითად, სენატორი [ტედ] კრუზი, მაგრამ იქ ასევე არიან სხვებიც, რომლებიც არიან უფრო ფრთხილები.

ხოლო როდესაც თეთრ სახლამდე მიდის საქმე, რომელმაც, პალატის/სენატის მიერ მიღების შემთხვევაში, ხელი უნდა მოაწეროს კანონმდებლობას და შემდეგ იმპლემენტაცია მოახდინოს — ვფიქრობ, იქ ნაკლები მხარდაჭერა ექნება სანქციების გამოყენებას“.

სანქციები ივანიშვილს?

სტრატეგიაში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ხსენებაზე — ევტუშენკოვთან და მედვედჩუკთან ერთად — კურტ ვოლკერი ამბობს:

„ისინი არიან ძალიან განსხვავებული ადამიანიები განსხვავებული წარსულითა და ურთიერთობებით. მათი ერთად განხილვა არ არის მაინცდამაინც ზუსტი. მაგალითად, ვფიქრობ, ბატონი ივანიშვილი დამოუკიდებლად მოქმედებს, ბატონი მედვედჩუკი კი დაახლოებულია ვლადიმერ პუტინთან. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ მათი ერთად განხილვა შეიძლება“.

„ეს სტრატეგია შემუშავებულია RSC-ის თანამშრომლების მიერ, ის არ არის იმ დონეზე დეტალურად შემოწმებული [სკრუტინიზებული], რაც ექნებოდა კონგრესის კომიტეტში წარდგენილ ფორმალურ დოკუმენტს. თუმცა, ამავე დროს, ის აირეკლავს იმ პოზიციებს, რაც კონგრესის რესპუბლიკელ წევრებს აქვთ და ეს გასათვალისწინებელია“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.

„რიტორიკის გაგრძელება“

ვოლკერის მსგავსად, გასათვალისწინებელსა და საყურადღებოს უწოდებენ ამ ჩანაწერს პოლიტიკის ის ანალიტიკოსები, ვისაც „ნეტგაზეთი“ ესაუბრა.

დავით რაქვიაშვილი, რომელიც გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იყო, ამ ეპიზოდს ბოლო თვეებში აშშ-საქართველოს ურთიერთობებში დინამიკის ნაწილად განიხილავს:

„ეს გაგრძელებაა იმ შეფასებებისა და გამოხატული რიტორიკისა, რომელიც არაერთხელ ვიხილეთ ცალკეული კონგრესმენებისა თუ მათ ერთობლივ განცხადებებში… შეიძლება გადაჭრით ვთქვათ, მანამდე ასეთი ნეგატიური დინამიკა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოსა და საქართველოს შორის არ ყოფილა“.

გასულ თვეებში, ხელისუფლებაში ყოფნის მე-8 წელს, „ქართული ოცნება“ პირველად აღმოჩნდა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის, მხრიდან დიდი მასშტაბის ღია კრიტიკისა და წნეხის წინაშე. ეს მოჰყვა დაპირებული პროპორციულ საარჩევნო სისტემის ჩაგდებას, ასევე, ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებას, შემდეგ კი- უკვე „პოლიტპატიმრების“ საკითხს.

[ვრცლად „ნეტგაზეთზე“: კონგრესმენების წერილები]

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ ბოლო — RSC-ის სტრატეგიის ეპიზოდი — განსხვავდება წინა შემთხვევებისგან:

„წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, როდესაც წერილები ეგზავნებოდათ საქართველოს მთავრობას, როდესაც უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებით კეთდებოდა განცხადებები, აქ საქართველო, როგორც აქტორი, შეიძლება ითქვას, არაფერ შუაში არ არის. ამ ანგარიშის ავტორები საქართველოზე კი არ ფიქრობდნენ სტრატეგიის შემუშავებისას, არამედ ამას აკეთებდნენ საკუთარი აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, აშშ-ის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკური ამოცანებისთვის. სამწუხაროა, რომ სწორედ ასეთ დოკუმენტში მოხვდა საქართველო“, – გვეუბნება თინა ხიდაშელი.

მიზეზები – დემოკრატია და გეოპოლიტიკა

დავით რაქვიაშვილის დაკვირვებით, ვაშინგტონიდან ბოლოდროინდელი მესიჯების ანალიზი გვაჩვენებს, რომ რიტორიკაში ორი მიმართულებით იკითხება შეშფოთება — საქართველოს სტაბილური განვითარება და გეოპოლიტიკა/საერთაშორისო ურთიერთობები.

„ერთი მხრივ, დემოკრატიული და სახელმწიფო ინსიტუტების განვითარებას მიმართულებით საქართველო, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში უკან იხევს პოზიციებში და ამ შეფასებას ვისმენთ როგორც ქვეყნის შიგნით, პოლიტკური სპექტრისგან, სამოქალაქო საზოგადოებისგან, ასევე- ქვეყნის გარედან; რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, რაც ჩვენს რეგიონშიც არის, ამ მიმართულებითაც იკვეთება გარკვეული ტენდენციები, იგივე ანაკლიის პორტის მიმართ და ა.შ. თუ რეგიონალური კონტექსტის მნიშვნელოვანი განვითარებები პირდაპირ ან არაპირდაპირ მოიაზრება, როგორც ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის საზიანო, მაშინ, ბუნებრივია, ამაზე აქვთ ვაშინგტონში მკაცრი და ნათელი შეფასებები“…

კიდევ ერთი, ახალი საკითხი, რაზეც ერთ-ერთი ბოლო წერილი მიუთითებდა, ირანი იყო: 16 მაისს ამერიკელმა სენატორებმა, ტედ კრუზმა და ჯონ კორნინმა წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, ჯოდი არინგტონთან და მარკვეინ მალინთან ერთად წერილით მიმართეს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს საქართველოს საკითხზე.

გავლენიანი ამერიკელი კონგრესმენები ამ წერილში მიუთითებენ „ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან და ირანთან უკანონო კავშირებზე, რის შედეგადაც ქვეყანაში ზიანდება ამერიკული ბიზნესისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები“. წერილში ამ საკითხის დეტალები დაზუსტებული არ ყოფილა.

დავით რაქვიაშვილის თანახმად, იმ საკითხების მიღმა, რაზეც ვაშინგტონიდან ცალსახად მიუთითებენ — მაგალითად, პროპორციული არჩევნების საკითხი, — სავარაუდოდ, არსებობს სხვა თემებიც.

„მთელი დინამიკის ანალიზით ჩანს, რომ არსებობს რაღაცები, რაც ზემოქმედებენ [რიტორიკაზე/ურთიერთობებზე], იქნება ეს შიდაპოლიტიკური დინამიკა, პოლიტიკური რიტორიკა და ა.შ.. ამასთან, გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ნეგატიური დამოკიდებულება იყო გამოხატული ამერიკულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ს) ლეგიტიმაცია იქნა ეჭვქვეშ დაყენებული“, – იხსენებს რაქვიაშვილი.

2019 წლის ნოემბერში ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გააკრიტიკა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), მათი დაკვეთით ჩატარებული კვლევების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ აშშ-ის დაფუძნებული ინსტიტუტები საქართველოში „დევალვაციას განიცდიან“…

„შედეგები დამანგრეველი იქნება ქვეყნისათვის“

როდესაც ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს ჟურნალისტებმა სთხოვეს კომენტარი ივანიშვილის შესახებ ჩანაწერზე რესპუბლიკელების მიერ მომზადებულ სტრატეგიაში, მან განაცხადა:

„მე არ მინახავს ეს წერილი, მოგეხსენებათ, გორში ვიმყოფები, თუმცა გეტყვით, რომ რაიმე სახის განცხადება კონგრესისგან ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სიტუაციას აკვირდებიან, ზრუნავენ და მნიშვნელოვანია მათთვის. ჩემი მხრივ, გეტყვით, რომ ჩვენთვის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა უმთავრესი და ძალიან მნიშვნელოვანია […]. ეს არ არის აშშ-ის ოფიციალური პოზიცია, მე ვერ ვისაუბრებ ჩემი ქვეყნის საკანონმდებლო შტოს სახელით, მე წარმოვადგენ აღმასრულებელ ხელისუფლებას და უმჯობესია ამ კითხვით კონგრესს მიმართოთ“.

[„ნეტგაზეთი“ 11 ივნისს დაუკავშირდა კონგრესში რესპუბლიკური კვლევის კომიტეტს ამ ჩანაწერზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. პასუხს მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ].

თინა ხიდაშელი ამბობს, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, როგორც კი RSC-ის დოკუმენტში ხსენებული საკითხი [სანქციები] აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების რიტორიკაში გადაინაცვლებს. ეს, მისი თქმით, წითელი ხაზების გადაკვეთა იქნება:

„დღეს, მართალია, დოკუმენტი მიჯნავს სახელწმიფოს და ბიძინა ივანიშვილს ერთმანეთისგან, — სხვა ნაწილებში ქვეყანა დადებით კონტექსტშია ყველა შესაძლო პოზიციაში მოხსენიებული… წითელი ხაზი მაშინ გადაიკვეთება, როდესაც, საქართველოს ხელისუფლების „დამსახურებით“, ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს შორის ტოლობის ნიშანი დაისმება. ღმერთმა ნუ ქნას, ასე მოხდეს“, – ამბობს თავდაცვის ექსმინისტრი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ამბობს, რომ გარკვეული ინდიკატორები უკვე გამოჩნდა, რისი გაგრძელების შემთხვევაშიც შესაძლოა, აშშ-ის პოლიტიკამ განიცადოს მოდიფიკაცია საქართველოს მიმართ:

„ამერიკის პოლიტიკა ნებისმიერ საკითხზე არ ყალიბდება მყისიერად, 24 საათში, ან ერთი ხელისუფლების განმავლობაში და მასთან მიმართებაში. ის ყალიბდება ქვეყანასთან მიმართებაში და ისევ და ისევ ეყრდნობა მათ ეროვნულ ინტერესებს და ღირებულებათა სისტემას, რასაც ისინი სხვა ქვეყნებთან ერთად იზიარებენ.

ჩვენ ეს გვაკავშირებს ამერიკელებთან, ეროვნული ინტერესების თანხვედრა, ღირებულებების თანხვედრა და თანამშრომლობა, რომელიც ამ ორ პარამეტრს [დემოკრატია და პროდასავლური კურსი] ეყრდნობა.

როგორც კი ამ პარამეტრების თვალსაზრისით ხდებოდა ან უკუსვლა, ან ჩნდებოდა ნიშნები, რომ შეიძლება რაღაც მიმართულებები შეცვლილიყო, ბუნებრივია, ამაზე ყოველთვის რეაგირებენ ვაშინგტონში.

ჩვენ რასაც ვუყურებთ, არის ინდიკატორები, რომლებიც, გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, ამერიკის პოლიტიკამ განიცადოს მოდიფიკაცია საქართველოსთან მიმართებაში. თუკი ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის ეს ტაქტიკური მნიშვნელობის შეიძლება იყოს, საქართველოსთვის ის სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება.

შესაბამისად, თუ პროცესები ასე გაგრძელდა, გაიზრდება ალბათობა იმ შედეგის დადგომისა, რომ ამერიკის პოლიტიკა გადაიხედოს საქართველოსთან მიმართებაში; შედეგი კი კატასტროფული იქნება ქვეყნისთვის“.


განახლება, 15 ივნისი: ერთ-ერთმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა. ვრცლად გირჩევთ წაიკითხოთ ამ ლინკზე. 


გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

როგორ იგებს რუსეთი ანაკლიის პორტის ჩაგდებით

მასალების გადაბეჭდვის წესი