ახალი ამბები

რა თქვა კონგრესმენმა ბეიკონმა ივანიშვილსა და ლობისტებზე – სრულად

15 ივნისი, 2020 • 2433
რა თქვა კონგრესმენმა ბეიკონმა ივანიშვილსა და ლობისტებზე – სრულად

13 ამერიკელი კონგრესმენიდან — რომლებიც ხელს აწერენ პოლიტიკის დოკუმენტს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც „ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირისთვის“, სანქციების დაწესებაა მოთხოვნილი — ერთ-ერთმა ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა.

„ქართული ოცნების“ ლიდერების ნაწილის ინტერპრეტაციით, კონგრესმენის განცხადება, რომელიც ეხებოდა ივანიშვილთან დაკავშირებულ ჩანაწერს, საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ დოკუმენტის შედგენაში ლობისტები მონაწილეობდნენ.

„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ კონგრესმენის კომენტარის სრულ ვერსიას და განცხადების კონტექსტს.

რა დოკუმენტზეა საუბარი?

საუბარია 10 ივნისს გამოქვეყნებულ პოლიტიკის დოკუმენტზე, — ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე, რომლის სათაურია „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“. ის გამოაქვეყნა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკური პარტიის წევრების კოკუსმა (ანუ სამუშაო ჯგუფმა/კომიტეტმა, რომლის სახელია რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი (RSC).

180-გვერდიანი დოკუმენტი მიმოიხილავს იმ არაერთ საკითხს, რასაც ავტორები აშშ-ის შიდა და საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელობის მქონედ თუ საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. საქართველოს მილიარდერი ექსპრემიერი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კი შემდეგ კონტექსტშია ნახსენები:

„[აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული] არსებული სანქციები საკმარისად არ მიემართება [რუსეთის პრეზიდენტი] ვლადიმერ პუტინის მარიონეტებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, არის ახლო მოკავშირე ვლადიმერ პუტინისა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში“.

იქვეა ნახსენები უკრაინელი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელსაც ავტორები უწოდებენ „პრორუს ოლიგარქსა და მარიონეტს უკრაინაში, რომელმაც გამოიყენა თავისი მედიაიმპერია, რათა აქტიურად დახმარებოდა რუსეთს დამაზიანებელი დეზინფორმაციის გავრცელებაში“; იმავე აბზაცში, სანქციების კონტექსტში, ნახსენებია ასევე ვლადიმირ ევტუშენკოვი, რუსეთის მოქალაქე მილიარდერი ოლიგარქი.

ავტორები გასცემენ რეკომენდაციას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიმუშაოს სია, რომელშიც ჩამოთვლილი იქნებიან კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქები, რაც დაეხმარებოდა კონგრესს, გადაეწყვიტა საქნციების საკითხი, რომელიც გარკვეულ პირებს თუ ორგანიზაციებს „კრემლისთვის მუშაობაში ხელს შეუშლიდა“.

ხელმომწერები

ის 13 კონგრესმენი, რომლებიც ხელს აწერენ აღნიშნული დოკუმენტს/სტრატეგიას და, შესაბამისად, ივანიშვილის სანქცირებასაც ითხოვენ, არიან რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი და წევრები: ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეიკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, კლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ კრენშოუ, ბრაიან სტაილი და მაიკლ უოლტსი.

კონგრესმენები, რომლებიც ხელს აწერენ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას

რა თქვა კონგრესმენმა ბიძინა ივანიშვილზე?

ამ საკითხზე 13 ივნისს ერთ-ერთ ხელმომწერ კონგრესმენს, დონ ბეიკონს კითხვა დაუსვა საქართველოში მცხოვრებმა ჟურნალისტმა ეგორ კუროპტევმა ონლაინ-გადაცემა „სასაზღვრო ზონაში“ [ Пограничная ZONA]. კონგრესმენმა ბეიკონმა უპასუხა:

„მე არ დამიწერია ეს ნაწილი. ჩვენ ტექნიკური ექსპერტები გვყავდა მოწვეული დოკუმენტის შესამუშავებლად. ვიტყოდი, რომ მე ამ დოკუმენტის უფრო სტრატეგიულ ნაწილზე ვმუშაობდი. ჩვენ გვინდა სტრატეგიული ურთიერთობა საქართველოსთან. საქართველო ჩვენი მეგობარია. საქართველოს მოსახლეობა ჩვენი მეგობარია.

იგივეს ვფიქრობ უკრაინაზე. უკრაინა, უკრაინის ხალხი, გვინდა, რომ დასავლური გუნდის წევრები იყვნენ. გვინდა გუნდი  დასავლური ღირებულებების ქვეყნებისა, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგებიან და რომელთა გვერდითაც ჩვენ ვიდგებით. საქართველო და უკრაინა.

ჩვენ ასევე ვიცით, რომ პუტინს და რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს — არ მინდა, ყველა რუსი დავადანაშაულო, მაგრამ პუტინს და მის გუნდს — ჰყავთ მოკავშირეები ამ სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ იმ ღირებულებებს, რისიც ჩვენ გვჯერა“.

ლობისტების საკითხი

ჟურნალისტმა კონგრესმენს ასევე კითხვა დაუსვა ლობისტებთან დაკავშირებით: „რუსეთში, საქართველოში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე ითქვა, რომ აშშ-ში მყოფი ლობისტების ინიცირებულია ეს დოკუმენტი – მათ მოამზადებინეს კონგრესმენებს ეს დოკუმენტი და მათ მოაწერინეს ხელი. შეგიძლიათ, გვითხრა, აქვთ თუ არა ლობისტებს ძალაუფლება, ხელი მოაწერინონ 13 რესპუბლიკელ კონგრესმენს“?

კონგრესმენმა ბეიკონმა უპასუხა, რომ დოკუმენტზე მუშაობისას არცერთ ლობისტთან არ გაუვლია კონსულტაციები:

„არა. არცერთ ლობისტთან არ მილაპარაკია ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. ჩვენ ვიყავით ერთად მომუშავე კონგრესმენების ჯგუფი, — უნდა გადავამოწმო, თუმცა, თუ სწორად მახსოვს, 70 რესპუბლიკელი, — რომლებიც ვიზიარებთ ღირებულებებს. მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ მე მჯერა ჩვენი ქვეყნისა და იმისა, რომ ჩვენი ღირებულებებია თავისუფლება, ადამიანის ღირსება, კანონის უზენაესობა…

მე მჯერა სხვა ქვეყნებთან მუშაობისა, რომლებიც იზიარენ ამ ღირებულებებს. ნათლად უნდა ვთქვათ: რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდ. კორეა არ იზიარებენ ამ ღირებულებებს და ცდილობენ ამ ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრას. ვფიქრობ, თავისუფალმა ქვეყნებმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ მათ. ეს არის ჩემი მსოფლმხედველობა და მეტწილად არის სხვა რესპუბლიკელების მსოფლმხედველობა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს.

არ ყოფილა არცერთი ლობისტი, რომელმაც მთხოვა, ხელი მომეწერა ამისათვის. მე ვმუშაობდი ძირითადად კონგრესმენ მაიკ ჯონსონთან [RSC-ის თავმჯდომარე] ლუიზიანიდან; ასევე, ვმუშაობდი ბრაიან ბაბინთან — ის ჩემსავით საჰაერო ძალების ვეტერანია [ბაბინი RSC-ის სტრატეგიის ხელმომწერი არ არის. მას წინა თვეებში გამოგაზვნილი აქვს კრიტიკული წერილი პრემიერ გიორგი გახარიასთვის]. ვმუშაობდი სხვადასხვა ხალხთან, რომლებმაც ჩემი მოსაზრებები შეიტანეს ამ დოკუმენტში. და არცერთ ლობისტთან“.


„ნეტგაზეთი“ 11 ივნისს დაუკავშირდა კონგრესში რესპუბლიკური კვლევის კომიტეტს ამ ჩანაწერზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. პასუხს მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.


გირჩევთ ამ თემაზე ვრცელ სტატიას:

როგორ იგებს რუსეთი ანაკლიის პორტის ჩაგდებით

მასალების გადაბეჭდვის წესი