ახალი ამბები

EMC უწყებებს და “საქნახშირს” მეშახტეების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს

12 ივნისი, 2020 • 978
EMC უწყებებს და “საქნახშირს” მეშახტეების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი 9 ივნისს ტყიბულის შახტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას, სხვადასხვა უწყებებსა და კომპანია “საქნახშირს” მოუწოდებს, დაიცვან დასაქმებულთა უფლებები და შეამოწმონ შახტის მდგომარეობა.

EMC-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ტყიბულის შახტებში დაფიქსირებული ხარვეზებისა, სახელმწიფო კვლავ უარყოფს საკუთარ პასუხისმგებლობას და ზედაპირული განცხადებებითა და შეუსრულებელი დაპირებების გაცემით შემოიფარგლება, რითაც ის უარს ამბობს დასაქმებულთა უფლებების დაცვასა და შრომის კოდექსის ამოქმედებაზე.

“სამწუხაროდ, აუდიტორული დასკვნის მძიმე რეკომენდაციები არათუ გაითვალისწინეს, არამედ, რიგ შემთხვევებში, შრომის უსაფრთხოების მხრივ, შახტებში არსებული მდგომარეობა გაუარესდა. ძიძიგურის შახტის დახურვის შემდეგ, მეშახტეებს სამუშაო ადგილამდე მისასვლელად დღემდე სავენტილაციო გვირაბის გავლა უწევთ, რაც გვირაბში დაგროვებული მხუთავი აირების გამო, მოპოვებას კიდევ უფრო საფრთხის შემცველს ხდის”, – წერია განცხადებაში.

ამასთან, EMC-ის ცნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ “საქნახშირი” მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას დასაქმებულებს აკისრებს.

“საკუთარი პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, სხვადასხვა საწარმოო ინციდენტების მეშახტეთა დაუდევრობასა თუ გაუფრთხილებლობასთან დაკავშირება ტყიბულში კარგად ნაცნობი პრაქტიკაა. ეს მიდგომა არ შეესაბამება სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის ფუნდამენტურ სტანდარტებს, რომლებიც უსაფრთხო სამუშაო პროცესის გამართვას და ამისთვის აუცილებელი კვალიფიკაციისა თუ ცოდნის დაგროვებას კომპანიის ვალდებულებად მოიაზრებს. ამის საპირისპიროდ, ინციდენტიდან მალევე მისი მეშახტეთა ბრალეულობით ახსნა განსაკუთრებით მიუღებელია იმ პირობებში, როცა მომპოვებელი კომპანია უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით თავის წილ პასუხისმგებლობას წლებია არ ასრულებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2019 წლის შემოდგომაზე ტყიბულში ახალი ინვესტორი (Steel International Trade Company) გამოჩნდა, რომელმაც დააანონსა ცვლილებები და შახტების გადაიარაღებასა და განახლებაზე პასუხისმგებლობა აიღო.

“ახალი ინვესტორისა და სახელმწიფოს მიერ შეკვეთილი დასკვნის შესახებ გაჟღერებულმა დაპირებებმა შექმნა მოლოდინი, რომ 2020 წლიდან მეშახტეებს გაუმჯობესებულ ვითარებაში მოუწევდათ მუშაობა, რის განსახორციელბლადაც თავად მეშახტეების ნაწილმა გამოთქვა სურვილი, რომ გარემონტებასა და გადაიარაღებაში მიიღებდნენ მონაწილეობას. თუცა EMC განცხადებაში აღნიშნავს, რომ დაპირებების მიუხედავად ისინი არ შესრულებულა და ახალი ინვესტორის გამოჩენას ტყიბულში მდგომარეობა არ გამოუსწორებია”, – წერია განცხადებაში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მოუწოდებს კომპანია “საქნახშირს”, გაითვალისწინოს დასაქმებულთა უფლებები და აუნაზღაუროს მათ გაცდენელი საათები იმ მიზეზით, რომ მათ უარი თქვეს საფრთხის შემცველი სამუშაოს შესრულებაზე, რაც მათი კანონიერი უფლებაა.

ასევე, EMC მოუწოდებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ინციდენტის შემსწავლელი ჯგუფის საქმიანობა იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე, სამინისტროს დასკვნები კი გახდეს ხელმისაწვდომი როგორც მეშახტეებისთვის, ასევე, სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

ორგანიზაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეამოწმოს ტყიბულის შახტები 9 ივნისს მომხდარი ინციდენტისა და ზოგადად შრომის უსაფრთხოების კუთხით შახტებში არსებული მდგომარეობის შესასწავლად და მიიღოს შესაბამისი ზომები.

ხოლო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს ტყიბულის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოების შეწყვეტა და DMT-ის აუდიტორულ დასკვნაში მითითებული რეკომენდაციების შესრულებამდე არ დაუშვას სამუშაოების გაგრძელება. ნახშირმოპოვებითი სამუშაოების განახლებამდე დასაქმებულებს სრულად აუნაზღაურდეთ ხელფასები.


10 ივნისს ტყიბულში  მეშახტეებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, ამის მიზეზი მინდელის შახტში მომხდარი საწარმოო შემთხვევა გახდა, კონკრეტულად კი გაფუჭდა ლიფტი, რომელსაც შახტში მუშები ჩაჰყავს. როგორც ერთ-ერთი დასაქმებული, ირაკლი ჩიხლაძე ამბობს, შემთხვევისას მოყოლილი 23 ადამიანი „სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა“.

როგორც ნეტგაზეთს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელმა თამაზ დოლაბერძემ განუცხადა, მეშახტეები მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ მანამ, სანამ ამ ლიფტს არ გააკეთებენ. პროფკავშირების წარმომადგენელი ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ მუშები არ გაფიცულან და რეალურად მეშახტეები მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ, სანამ ვითარება არ გამოსწორდება.

კომპანია „საქნახშირის“ ახალი მენეჯმენტი მინდელის შახტში 9 ივნისის ინციდენტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მეშახტეებს აკისრებს.

მოკლედ: რა ხდება ტყიბულში და რას ითხოვენ მეშახტეები

მასალების გადაბეჭდვის წესი