ახალი ამბები

ქალისა და კაცის თანაბარი შრომა თანაბრად უნდა ანაზღაურდეს – შრომის კოდექსის შესაძლო ცვლილება

23 სექტემბერი, 2019 • 2673
ქალისა და კაცის თანაბარი შრომა თანაბრად უნდა ანაზღაურდეს – შრომის კოდექსის შესაძლო ცვლილება

შრომის კოდექსის ცვლილებების პაკეტი, სხვა სიახლეებთან ერთად, აზუსტებს და ავრცობს შრომითი დისკრიმინაციის ნიშნებს და ამბობს, რომ ქალისა და კაცის თანაბარი შრომა თანაბრად უნდა ანაზღაურდეს; ამასთან, ცვლილებების პაკეტით, შრომითი დისკრიმინაციისას  მტკიცების ტვირთი შესაძლოა ზოგჯერ დამსაქმებელზე გადავიდეს.

ცვლილებების პაკეტი, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრ პარლამენტარ დიმიტრი ცქიტიშვილს ეკუთვნის, პარლამენტში ჯერ არ შეუტანიათ და, როგორც ავტორი გვეუბნება, ის ჯერ კიდევ სამუშაო პროცესშია და შეიძლება გარკვეული პუნქტები შეიცვალოს. ავტორის თანახმადვე, მისი ინიცირება ოქტომბერში იგეგმება. დიმიტრი ცქიტიშვილმა „ნეტგაზეთს“ მიაწოდა პაკეტის ძირითადი ცვლილებების ამსახველი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის თანახმად, შრომის კოდექსში, სხვა ცვლილებებთან ერთად:

  • ზუსტდება ქალისა და მამაკაცის თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების საკითხები;
  • ფართოვდება შრომითი დისკრიმინაციის აკრძალული ნიშნების ჩამონათვალი;
  • შრომითი დისკრიმინაციის დავებზე, მათ შორის დასაქმებულის განთავისუფლების შემთხვევაში, დისკრიმინაციის ვარაუდის დროს მტკიცების ტვირთი გადადის დამსაქმებელზე;

რა შეიძლება შეიცვალოს კონკრეტულად?

შრომის კოდექსი უკვე კრძალავს, რომ შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით. 

ახალი პაკეტი, რომელიც „ნეტგაზეთს“ „საქართველოს ბიზნესასოციაციიდან“ მიაწოდეს და ჯერ კიდევ სამუშაო ვერსიაა, ამ ნიშნების ჩამონათვალს უმატებს გენდერს (გენდერული იდენტობა არის ადამიანის გენდერული თვითაღქმა, როდესაც ის თავს მიაკუთვნებს რომელიმე გენდერს) და ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე, აზუსტებს ოჯახურ მდგომარეობას და გამოყოფს დედობასა და ორსულობას;

თანაბარი ანაზღაურება

პაკეტი აზუსტებს, რომ დამსაქმებელი ვალდებულია „უზრუნველყოს ქალისა და მამაკაცის მიერ შესრულებული თანაბარი ღირებულების სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების გადახდა“. ქალებსა და კაცებს შორის თანაბარი ღირებულების სამუშაოსთვის არათანაბარი ანაზღაურების მავნე პრაქტიკაზე წლებია, ქალების უფლებების ჯგუფები მიუთითებენ.

იმის მიუხედავად, რომ ამ პრაქტიკას კრძალავს, ცვლილებების პაკეტი არ აზუსტებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პრინციპის უზრუნველყოფა, თუმცა პაკეტში წერია, რომ ამ პრინციპის უზრუნველმყოფი წესები და რეგულაციები უნდა განისაზღვროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ „სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად“.

მტკიცების ტვირთის ცვლილება ზოგიერთ შემთხვევაში

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტის თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება. უფრო ზუსტად,  ცვლილებებით, დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელზე მტკიცების ტვირთი შესაძლოა დაეკისროს დამსაქმებელს იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ან დასაქმებული მიუთითებს გარემოებებზე, რომლებიც ქმნის გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ დამსაქმებელი დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ მოთხოვნ(ებ)ის დარღვევით მოქმედებდა. აღსანიშნავია, რომ საუბარია არა მხოლოდ დასაქმებულზე, არამედ შემოდის კანდიდატის ცნებაც, ანუ დავა შესაძლებელი იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დროსაც.

სხვა დეტალები

ამას გარდა, შრომის კოდექსში:

  • ზუსტდება განმარტებები პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციის ტიპებზე. კერძოდ, ცვლილებები ადგენს, რომ:

პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ადგილი აქვს არასათანადო მოპყრობას სხვა პირთან შედარებით, რომელიც არის, იყო ან შესაძლოა გამხდარიყო ანალოგიურ მდგომარეობაში უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი;

არაპირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როცა ასეთი დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად არის გამართლებული ლეგიტიმური მიზნით და გამოყენებული საშუალებები აუცილებელი და თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

  • შრომის კოდექსში განისაზღვროს დისკრიმინაციის გავრცელების ფარგლები. მათ შორის:
    • ა) ყველა სახის შრომით ურთიერთობებზე;
    • ბ) განათლების და კარიერული ზრდის ყველა საფეხურზე;
    • გ) დასაქმებულთა ორგანიზაციის წევრობაზე;
    • დ) სოციალური დაცვის პიროებებზე;
  • შრომის კოდექსს დაემატოს პოზიტიური დისკრიმინაციის მუხლი სპეციალური საჭიროებების შემთხვევაში დაცვის ან დახმარების შესახებ;

კერძოდ, დისკრიმინაციად არ ჩაითვლება განსაკუთრებული ღონისძიებები, რომლებიც გამიზნულია იმ პირთა კონკრეტულ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად, რომლებიც სქესის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის, ოჯახური პასუხისმგებლობის, ან სოციალური ან კულტურული სტატუსის გათვალისწინებით ჩვეულებრივ აღიარებულნი არიან, რომ საჭიროებენ განსაკუთრებულ დაცვას ან მხარდაჭერას.

ამასთან, ცვლილებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის, კერძოდ, გონივრული მისადაგების პრინციპის დაცვის მიზნით დამსაქმებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობა დასაქმების, კარიერული წინსვლის, პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელმისაწვდომობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამგვარი ღონისძიება დამსაქმებელს აკისრებს არაპროპორციულ ტვირთს. ამგვარი ტვირთი არ ჩაითვლება არაპროპორციულად, თუ კონკრეტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით მოქმედებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამები, შეღავათები ან/და სხვა ალტერნატიული საშუალებები.


დიმიტრი ცქიტიშვილის თანახმად, ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს ევროკავშირთან ასიცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას შესაბამისი ევროდირექტივებს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ასევე პასუხობს აშშ-თან ვაჭრობის გენერალური პრეფერენციების სისტემის შესაბამისობის მოთხოვნებს.

ცვლილებების პაკეტი კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს, მაგალითად:

ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულების დადება შეიძლება აიკრძალოს

ცქიტიშვილის ინიციატივით, იცვლება დეკრეტული შვებულების ანაზღაურება

მასალების გადაბეჭდვის წესი