ახალი ამბები

აფეთქება გაზგასამართ სადგურზე, რას (არ) ამბობენ სახელმწიფო უწყებებში?

2 ივნისი, 2020 • 1976
აფეთქება გაზგასამართ სადგურზე, რას (არ) ამბობენ სახელმწიფო უწყებებში?

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, “ეკო გაზის” გაზგასამართი სადგურის დირექტორი, დავით ქუთათელაძე ამბობს, რომ სადგურზე კომპრესორი აფეთქდა.

როგორც ქუთათელაძემ განაცხადა, სადგური ამაშუკელის ქუჩაზე ჯერ კიდევ კორპუსების აშენებამდე ფუნქციონირებდა და 12 წლის მანძილზე არანაირ ინციდენტი არ მომხდარა.

მისი თქმით, სადგურზე კომპრესორი, (მოწყობილობა რომელიც ზრდის წნევას აირის მოცულობის შემცირებით) აფეთქდა, რაც უჩვეულოა:

“ზოგადად აფეთქვება სპონტანურად არ ხდება. არც მომხდარა, არ აქვს ამას ისტორია 20 წლის განმავლობაში. შეიძლება ბალონი აფეთქდეს, მაგრამ კომპრესორი არ ფეთქდება ხოლმე, ახლა ვსწავლობთ გარემოებებს. ეს  სადგური აქ 2008 წელს აშენდა, ეს შენობები – გუშინ. ვიღაცები რომ საუბრობენ, თურმე ეს აქ არ უნდა იყოს, საინტერესო ისაა, ესენი (კორპუსები) რატომ არის. 2008 წლიდან 12 წლის მერე მოუვიდა დაუდევრობა?!” – ამბობს “ეკო გაზის” დირექტორი დავით ქუთათელაძე.

აფეთქების მიზეზებზე “ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.  უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და დამატებით დეტალებზე გამოძების დასრულებამდე ვერ ისაუბრებენ.

რაც შეეხება აფეთქების შედეგებს, დაშავდა გაზგასამართი სადგურის ერთი თანამშრომელი, რომელიც დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს. მიმდებარე საცხოვრებელ და კომერციულ შენობებში კი მინები დაზიანდა.

“ნეტგაზეთი” რამდენიმე ფართის მესაკუთრეს ესაუბრა, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათთვის ამ ეტაპზე უცნობია ზარალის ოდენობა, ასევე ის, თუ ვინ აანაზღაურებს მას. ადგილობრივები ვარაუდეობენ, რომ დაზიანებული ფანჯრების აღდგენა საკუთარი სახსრებით მოუწევთ.

 

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც გაზგასამართი სადგურის მიმდებარედ, ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრობს, ამბობს, რომ მიმდებარე კორპუსების მცხოვრებლები შიშობენ, რომ კორპუსებს შორის განთავსებული მსგავსი ტიპის ობიექტები საფრთხის შემცველია და იმედი აქვთ, მომხდარის შემდეგ შესაბამისი ორგანოები გადაწყვეტილებას მიიღებენ, გაზგასამართი სადგური მოსახლეობისგან მოშორებით გადაიტანონ:

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კორპუსებს შორის არ იდგეს გაზგასამართი სადგური იმიტომ, რომ არავინ არაფრისგანაა დაზღვეული. მოსახლოებას გარანტიას ვერავინ მისცემს, რომ არ აფეთქდება. გუშინ იყო ძალიან დიდი აფეთქება და ალბათ იმან გადაგვარჩინა, რომ კორპუსები ბოლომდე არ იყო შესახლებული და ბავშვები არ დარბოდნენ ეზოში.

გუშინ აქ რაც მოხდა, არ ვიცი.. ასეთს არაფერს შევსწრებივარ. მე საერთოდ მეგონა კორპუსი აფეთქდა. ამ გაზგასამართი სადგურის  ირგვლივ ოთხი ახალაშენებული კორპუსია. გარშემო კორპუსებში მინები სულ ჩაიმსხვრა, მათ შორის ზედა სართულებზეც, ჩვენთან კარები შემოანგრია. მე იმედი მაქვს, მერია მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაიტანენ ამ გაზგასამართ სადგურს სხვა ადგილას და კორპუსებს შორის ნაღმი აღარ გვექნება”,- ამბობს ნოდიკო ტატიშვილი “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, მეზობლები გაზგასამართი სადგურის სხვა ადგილას გადასატანად ხელმოწერების შეგროვებასაც გეგმავდნენ:

“ჩვენ როდესაც შევიძინეთ ბინები, მოვილპარაკეთ მეზობლებმა, ყველა კორპუსს იგივე მოთხოვნა აქვს, რომ იქნებ გადაეტანათ ეს სადგური მოშორებით. კორპუსი ნელ-ნელა სახლდება, ხელმოწერების შეგროვებას ვაპირებდით, მაგრამ არ დაგვცალდა”, – ამბობს ტატიშვილი.

“ის, რომ დღეს ვინმემ ულტიმატუმის ენით რაიმე მოგვთხოვოს, არ დავეთანხმები არცერთ ვარიანტში, იმიტომ, რომ ის, ვინც გუშინ მოვიდა აქ,  მე აქ გუშინწინ ვიყავი. ის მე პრეტენზიას ვერ წამიყენებს”,- ამბობს “ეკოგაზის დირექტორი “მთავარ არხთან”.

მსგავსი ტიპის ობიექტების უსაფრთხოების კუთხით შემოწმებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის სამსახური უწევს, თუმცა გამოძიების დასრულებამდე კომენტარის გაკეთებისგან თავს ამ უწყებაშიც იკავებენ.

“ნეტგაზეთი” ამ ტიპის ობიექტების მიერ უსაფრთხოების ნორმების დაცვის თაობაზე ეკონომიკის სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნული თემა მათი კომპეტენციის სფეროში არაა და მერიაში გადაგვამისამართა. “ნეტგაზეთი” გაზგასამართ სადგურზე უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიასაც დაუკავშირდა, სადაც ამბობენ, რომ მსგავსი ობიექტების არც შემოწმება და არც საქმიანობის უფლების მინიჭება მათი კომპეტენცია არაა და მერიასთან მხოლოდ პროექტის არქიტექტურული ნაწილის შეთანხმება ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი