ახალი ამბები

საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემა ეწინააღმდეგება ტყის კოდექსის მიზანს – საია

8 ივნისი, 2020 • 884
საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემა ეწინააღმდეგება ტყის კოდექსის მიზანს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განმარტავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ტყის გადაცემასთან დაკავშირებით დადგენილ გამონაკლისს მართმადიდებელი ეკლესიის მიმართ ეწინააღმდეგება ტყის კოდექსით დადგენილ მიზანს და ტყის მართვის ძირითად პრინციპებს. ამის შესახებ საია განცხადებას თავად ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ტყის რესურსსის რაციონალურ გამოყენებას, მეორე მხრივ კი, საზოგადოების, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვას ტყის თანაბარ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილების მიხედვით, კონკრეტული რელიგიური გაერთიანების კერძო ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით უარყოფილია საერთო საზოგადოებრივი ინტერესები, რაც აზრს უკარგავს ამავე კოდექსით სახელმწიფო ტყის ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივ რესურსად აღიარებას.

გარდა ამისა, საიას განცხადებით, ეს ცვლილება არის დისკრიმინაციული ყველა სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ. მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დამატებითი ფინანსური და ქონებრივი გარანტიების მინიჭება კი სხვა რელიგიურ გაერთიანებებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.

“აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებდა სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ მიღების შესაძლებლობას.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, „გასაჩივრებული დებულებით განსაზღვრული დიფერენცირება არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნას და არ გამომდინარეობს საქართველოს ისტორიაში მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის შესახებ კონსტიტუციის მე-9 მუხლის დებულებიდან.

სადავო ნორმას არ გააჩნია რაციონალური კავშირი მოპასუხე მხარის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანთან (სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის კონსტიტუციური პრინციპის რეალიზება), იგი აწესებს განსხვავებულ მოპყრობას რელიგიური ნიშნით, რომელსაც არ გააჩნია საკმარისი, ობიექტური და გონივრული გამართლება.“ მიგვაჩნია, რომ არსებული გამონაკლისი შემთხვევა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ თანასწორობის სტანდარტებს და წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას”, – განმარტებულია განცხადებაში.

22 მაისს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი ხდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთვის ტყის მასივის საკუთრებაში გადაცემა.

საუბარია “ტყის კოდექსში” შემავალ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებელ ეკლესიას შეეძლება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

კანონპროექტს აკრიტიკებდა ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. მათი შეფასებით, ხელისუფლება კანონს წინასაარჩევნოდ იყენებდა. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაიებში მიიჩნევდნენ, რომ ცვლილებები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა და ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი