ახალი ამბები

საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა ტელეეთერით მიმდინარეობს

4 ივნისი, 2020 • 984
საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა ტელეეთერით მიმდინარეობს

საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა სატელევიზიო ეთერის ფორმატში მიმდინარეობს. საყოველთაო-სახალხო განხილვების ამ ფორმატში ჩატარების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების რისკებით დასაბუთდა.

განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას იღებენ “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი მარიამ ჯაში.

საკონსტიტუციო კომისიის წევრები ინტერაქციული კომუნიკაციის რეჟიმში საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხებენ, რომლებიც მოქალაქეებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს გაუგზავნეს.

პირველი შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში დღეს, 4 ივნისს იმართება. მორიგი შეხვედრა კი ბათუმში, აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში 13 ივნისს, 21:00 საათზე გაიმართება.

საკონსტიტუციო კომისიის წევრები არიან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე (კომისიის თავმჯდომარე), საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები: ირმა ინაშვილი და სერგი კაპანაძე, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში, პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე და თინათინ ბოკუჩავა, პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლები: თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი. თუმცა “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ვიდრე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.

საქართველოს პარლამენტში 85 დეპუტატის მიერ ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერის პირობებში, ხოლო პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები 120/30-ზე თანაფარდობით გადანაწილდება.

კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საორგანიზაციო კომისია 17 მარტს შეიქმნა, თუმცა კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა საგანგებო მდგომაროების გამო შეჩერდა. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის გათვალისწინებულია 1-თვიანი ვადა, რის შემდეგაც კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი