ახალი ამბები

რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები, “ოცნება” საარჩევნო რეფორმას გაატარებს”

9 დეკემბერი, 2020 • 1067
რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები, “ოცნება” საარჩევნო რეფორმას გაატარებს”

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს  მოლაპარაკებები, „ქართული ოცნება“ იღებს პასუხისმგებლობას ფართომასშტაბიანი საარჩევნო რეფორმის გატარებაზე, რომლის საკვანძო ელემენტები ოპოზიციას მოლაპარაკებების ფარგლებში წარედგინა.

“ხვალ შედგება მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი, იქიდან გამომდინარე, რომ ზეგ პარლამენტის პირველი შეკრებაა. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსიები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით და არსებითად შეჯერებული იყო და იმედია, საბოლოოდაც იქნება პოზიციები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ იმიტომ, რომ ეს არის პირობა, რომელიც ელჩების თვალწინ დავდეთ. მხოლოდ და მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუბარია ფუნდამენტურ ცვლილებებზე ორი სხვადასხვა მიმართულებით: არჩევნების ადმნისტრირება და საარჩევნო სისტემის საკითხები სხვადასხვა ტიპის არჩევნებისთვის. ყველა მიმართულებით წარდგენილი გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ოპოზიციის წინაშე და იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, რამდენიმე პარტია თანახმაა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, თუმცა მოლაპარაკებების ამოცანაა, რაც შეიძლება მეტმა მონაწილემ მოაწეროს შეთანხმებას ხელი და მოლაპარაკებების დასრულებამდე პოლიტიკურ პარტიებს მათი დამოკიდებულების მიხედვით ერთმანეთისგან ვერ გამიჯნავს. ამასთან, კობახიძის თქმით, თუ რადიკალური ოპოზიცია — ენმ და ევროპული საქართველო — პარლამენტში არ შევლენ, მათ უნდა დაუკმაყოფილდეთ მანდატებზე უარის თქმის მოთხოვნა.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თუ “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებებზე საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმებზე შეთანხმდებიან და შესაბამისი გარანტიებიც იარსებებს, მაშინ პარლამენტში შევა.

“ახლა გვაქვს მომენტი და შესაძლებლობა, რომ იმ მოლაპარაკებიდან საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ — გაწიკწიკებული და სანდო საარჩევნო წესები, გაწიკწიკებული და სანდო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი. ამაზე ვმუშაობთ იქ საათობით და ამისთვის ვიბრძვი, ეს არის ეროვნული ამოცანა, რომელსაც ყველანი მივადექით”, – განაცხადა ელისაშვილმა.

იაგო ხვიჩია “გირჩისთვის” ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ასახელებს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას და ნულოვან ბარიერს.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთიანი პოზიციებით გამოვდიოდით გარეთ, მოლაპარაკებების შიგნით ყველამ იცოდა, რომ არსებობდა მოთხოვნები, რომლებიც ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვის ასეთი მოთხოვნა იყო სრულად პროპორციული არჩევნები და ბუნებრივი ბარიერი”, – განაცხადა ხვიჩიამ და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ამ წინადადებას წამოაყენებს და მისი შესრულების გარანტიებიც იქნება, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა შევიდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელონ.

მსხვილი ოპოზიციური პარტიების — ენმ-ის და ევროპული საქართველოს — წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის საკვანძოა ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი და არა — საარჩევნო სისტემა.

“ოპოზიციურმა პარტიებმა ვთქვით, რომ არ შევდივართ, რადგან არჩევნები გაყალბდა. შემდეგ წარვადგინეთ სამი მოთხოვნა: პოლიტპატიმრები, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო სისტემა. ქოცებმა ელჩებს უთხრეს, რომ არ განიხილავენ არჩევნებს, პოლიტპატიმრებს, ჟვანიას მოხსნას, მაგრამ მზად არიან შეცვალონ რაღაც წესები 2021 ადგილობრივი არჩევნებისთვის. ეს წესების შეცვლა ჩვენთვის, “ევროპული საქართველოსთვის” ცალკე თუ ავიღებთ, მეორეხარისხოვანია. თუმცა, რადგანაც სხვები გულგრილი არ იყვნენ ამ იდეების მიმართ და რადგანაც თუ არჩევნები ტარდება, ამ შეცვლილი წესებით უნდა ჩატარდეს, ქოცებს მივეცით დააფდეითებული დოკუმენტი, ანუ, ისევ 3 მოთხოვნა:

  1. პოლიტპატიმრები.
  2. არჩევნები.
  3. საარჩევნო წესები, აქვე 2021-ის დეტალებით.

ეს დოკუმენტი “ფორმულამ” გაავრცელა. ისევ ჩვენ დაგვაბრალეს უსამართლოდ, რომ ჩვენ დავლიკეთ [გავამჟღავნეთ]. ამ დროს არაფერ შუაში ვართ. დალიკვა რომ გვდომოდა, ფორმულას არ მივცემდით. ისეთს მივცემდით, ვინც ჩვენთან ნაკლებად აფილირდება. ისიც ვიცით, ვინ მისცა, მაგრამ ახლა არ აქვს მნიშვნელობა”, – ამბობს სერგი კაპანაძე.

მისი თქმით, 7 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე მუშაობა ძირითადად მიდიოდა მე-3 პუნქტის (საარჩევნო ადმინისტრაცია და სისტემა) დეტალებზე.

“ქოცები რომ ამბობენ, პროგრესიაო, გულისხმობენ, რომ ამ მე-3 პუნქტზე რაღაცეებს თმობენ. ოღონდ, ეგ პუნქტი იმიტომ არის მესამე, რომ პირველი და მეორეა ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ პოლიტპატიმრები და ახალი არჩევნები. ამ ორზე თუ არ იქნა პროგრესი, პარლამენტში არ შევდივართ. მარტივია ჩვენთვის – “ევროპული საქართველოსთვის”. მოწოდებები, ელჩებს არ ელაპარაკოთო, არის ინფანტილიზმი და უპასუხისმგებლობა. მოწოდებები, მეტჯერ აღარ შეხვდეთ “ოცნებასო”, არასერიოზულია. თუ შანსია, მიაღწიო მიზანს მოლაპარაკებით, უნდა სცადო”, – აცხადებს კაპანაძე.

ოპოზიციის და ხელისუფლების “პოზიციები დაახლოვდა, თუმცა მთავარ მოთხოვნებზე კომპრომისი არ ჩანს”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი