ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ზალკალიანმა სოლიდარობა გამოუცხადა სომხეთს და დახმარებაზე მზაობა გამოთქვა – საგარეო უწყება

4 ივნისი, 2020 • 1708
ზალკალიანმა სოლიდარობა გამოუცხადა სომხეთს და დახმარებაზე მზაობა გამოთქვა – საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ცნობით, 4 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სომხეთში COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო „სოლიდარობა გამოუცხადა სომხურ მხარეს და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა დახმარების აღმოჩენის მზაობა“.

4 ივნისის დილას სომხეთის ჯანდაცვის უწყებამ ბოლო 24 საათში Covid-19-ით ინფიცირების 697 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ეს ერთ დღეში გამოვლენილი შემთხვევების მორიგი „ანტირეკორდია“. ბოლო მონაცემებით, ჯამში, 11,221 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ნიკოლ ფაშინიანმა 4 ივნისის დილას ფეისბუკის ლაივში განაცხადა, რომ „სიტუაცია უარესდება“ და ახლა უკვე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, თუმცა მათ  ჰოსპიტალიზაციას დროულად ვერ მოახერხებენ, რადგანაც კლინიკები გადატვირთულია.

ამ ცნობის გავრცელების შემდეგ ფეისბუკზე საქართველოს არაერთმა მოქალაქე დაწერა, რომ ემხრობიან ინიციატივას, საქართველო როგორმე დაეხმაროს მეზობელ სომხეთს. მთავრობის მიმართ ამ მოწოდებით პეტიციაც გავრცელდა.

იმავე საღამოს საქართველოს საგარეო უწყებამ პრესსპიკერის განხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინფორმაცია გაცვალეს COVID-19-ის პანდემიის მხრივ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე“.

უწყების თანახმადვე, „საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ინტენსიური კომუნიკაციაა“, „რამდენიმე დღის წინ შედგა პრემიერ-მინისტრების, გიორგი გახარიასა და ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბარი“ და „კომუნიკაცია ასევე ხორციელდება ცალკეული მინისტრების დონეზეც“.

განცხადებაში არ არის დაზუსტებული, რა სახის დახმარებაზე გამოთქვამს ქართული მხარე მზაობას.

რამდენიმე დღის წინ, როდესაც სომხეთში ჯერ კიდევ არ იყო მსგავსი რთული ვითარება შექმნილი, NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა:

„თუკი სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაგვიყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ დახმარება – ის, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია, იგივე ტესტირებასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ“…

„რაც შეეხება სამკურნალო პროცესს, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო უარს კი არა, პირიქით, ყველა ღონეს იხმარს, თუ სომხეთს ეს დახმარება დასჭირდება“…

ნახეთ ასევე:

Covid-19: მორიგი ანტირეკორდი სომხეთში – „სიტუაცია უარესდება“

“დავეხმაროთ სომხეთს” – საქართველოს მთავრობის მისამართით პეტიცია შეიქმნა

მასალების გადაბეჭდვის წესი