ახალი ამბებისაზოგადოება

მოსკოვს ლუგარში ვიზიტი მხოლოდ ორმხრივ ფორმატში სურს – რატომ და რისთვის

30 მაისი, 2020 • 3213
მოსკოვს ლუგარში ვიზიტი მხოლოდ ორმხრივ ფორმატში სურს – რატომ და რისთვის

ბოლო დროს რუსეთის საგარეო უწყება კვლავ გააქტიურდა ლუგარის სახელობის ლაბორატორიის მიმართულებით. მოსკოვმა ლაბორატორიის შესამოწმებლად მისი ექსპერტების დაშვების სურვილი გამოთქვა, თუმცა მას შემდეგ, რაც თბილისიდან უპასუხეს, რომ საქართველო, ისევე როგორც ადრე, ამჟამადაც მზადაა უმასპინძლო რუს სპეციალისტებს, ოღონდ საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთში ეს პირობა დაიწუნეს.

რუსული მხარე აცხადებს, რომ „ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში, სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობის, ასევე, საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე“ და რუსეთი ასეთი ვიზიტის მიზანშეწონილობას ხედავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი წარმომადგენლების „ლაბორატორიის ყველა (მათ შორის, ამერიკელი სპეციალისტების მიერ დაკავებულ) კორპუსში და ნებისმიერ დოკუმენტზე დაშვების გარანტია“ იქნება.

რატომ სურს რუსეთს მხოლოდ ორმხრივ ფორმატში ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტი?

“სპეკულაციების საფრთხე”

მოსკოვი თავის განცხადებებში არ საუბრობს, რატომ სურს ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტი მაინცდამაინც ორმხრივ ფორმატში სხვა საერთაშორისო ექსპერტების გარეშე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართული მხარე პირნათლად ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, მათ შორის, ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად:

“სწორედ ამ მექანიზმის ფარგლებში და რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველომ უმასპინძლა საერთაშორისო ვარჯიშს მოცემულ ობიექტზე 2018 წლის 14-15 ნოემბერს. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საქართველოსა და გერმანული მხარეების ორგანიზებით და მასში მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოებისა და ბიოექსპერტებმა 20-მდე ქვეყნიდან.

საგულისხმოა, რომ მონაწილეობაზე შეთავაზება მიეწოდა ასევე რუსეთის მხარეს, თუმცა მიღებულ იქნა კატეგორიული უარი რუსი ექსპერტების ჩართულობაზე, რაც ნათლად ცხადყოფს რუსეთის მოჩვენებით დაინტერესებას ლაბორატორიის ფუნქციონირებით. იმავე წლის 4-7 დეკემბერს გაერო-ს ჟენევის ოფისში გაიმართა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, სადაც ლუგარის სახელობის ცენტრის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნამ სრული მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა”, – ამბობენ საგარეო უწყებაში.

სამინისტროს თქმით, ამის სანაცვლოდ, რუსეთის საგარეო უწყება ეჭვის ქვეშ აყენებს წამყვანი ექსპერტების დასკვნებს ცენტრის მონახულების შემდეგ და, რაც უფრო შემაშფოთებელია, მოსკოვის ცრუ ბრალდებები ეფუძნება გაუგებარი „ექსპერტების“ დეზინფორმაციას, რაც აქტიურად ვრცელდება მედიის საშუალებებით და ნათლად ისახება მათი არგუმენტაციისა თუ საფუძვლის არაკომპეტენტურობა და აგრესიულობა.

რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ყოფილი ელჩი და „რონდელის ფონდის“ მკვლევარი ვალერი ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ ორმხრივ ფორმატში ვიზიტი, რასაც კრემლი ითხოვს, რუსეთს პროპაგანდისტული მიზნებისთვის სურს გამოიყენოს, თითქოს ლაბორატორიაში არის ისეთი რამ, რაც ადასტურებს მოსკოვის მიერ გამოთქმულ ეჭვებს. საუბარია იმის შესახებ, რომ რუსეთმა ვიზიტის შემდეგ შეიძლება გაავრცელოს სპეკულაციები, რადგან იქ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ექსპერტები არ იქნებიან.

„ორმხრივ ფორმატში რაც არ უნდა გავაკეთოთ, როგორც არ უნდა წარმოვაჩინოთ ლუგარის ლაბორატორია, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა პანდემიის დამარცხებაში, რუსეთი ამას გამოიყენებს, როგორც არაერთხელ გაუკეთებია, სპეკულაციის საფუძვლად. ამიტომ, არ შეიძლება ობიექტზე მათი ორმხრივ ფორმატში დაშვება.

შეიძლება მოხდეს ისე, რომ რუსულმა მხარემ განაცხადოს, თითქოს არ აჩვენეს ყველაფერი, რისი ნახვაც უნდოდა. მიუხედავად იმისა, თუ რაზე შეთანმხდებიან ქართული და რუსული მხარეები, შემდეგ მოსკოვი განაცხადებს, რომ ამან [ვიზიტმა] დაადასტურა ეჭვები, რომლებიც გვქონდა, იმიტომ, რომ ეს დავინახეთ. ამგვარად, შესაძლებელია ნებისმიერი სპეკულაციების საგანი გახდეს. ამიტომ მარტო ორმხრივ ფორმატში რუსეთთან დარჩენა არ არის მიზანშეწონილი“, — განაცხადა მან „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

„რონდელის ფონდის“ კიდევ ერთი მკვლევრის, დავით ბატაშვილის შეფასებით, რუს ექსპერტებს, რომლებიც მოსკოვის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ჩამოვიდოდნენ თბილისში, წინასწარ ექნებოდათ დავალება, თუ რა უნდა ეთქვათ ვიზიტის შემდეგ. „ამით სურთ იმის თქმა, რომ რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს [ლაბორატორია]. ეს არის მათი პროპაგანდისა და დიპლომატიური სტრატეგიის ნაწილი“, — ამბობს ბატაშვილი „ნეტგაზეთთან“.

„საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ თანადამფუძნებლის, თეონა აქუბარდიას აზრით, რუსეთს ორმხრივი ვიზიტის განხორციელება საქართველოში ანტიამერიკული პროპაგანდისთვისა და საქართველოზე გავლენის გაძლიერებისთვის სურს:

რეალური მიზანი არ არის დარწმუნება იმაში, რომ იქ რაიმე საშიში არსებობს რუსეთისთვის, მიზანი არის კიდევ ერთხელ ანტიამერიკული განწყობების გაძლიერება და ამერიკასთან დაპირისპირება, მათ შორის საქართველოში.

რუსეთის წარმომადგენლები უკვე იყვნენ ლაბორატორიაში და არის მზაობა, რომ ისინი სხვა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ჩამოვიდნენ და კვლავ განახორციელონ ვიზიტი, თუმცა მათ ეს არ აწყობთ, რაც ნიშნავს, რომ ეს არ არის მხოლოდ ინტერესი, რომ ნახონ ლაბორატორიაში რაიმე საშიში ხომ არ ხდება, არამედ ეს არის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ საკუთარი გავლენა გააძლიერონ საქართველოზე“, — აცხადებს აქუბარდია „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

ამავე თემაზე გირჩევთ

რა საფრთხეს ქმნის რუსეთის შეტევა “ლუგარის ლაბორატორიაზე”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი