პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლისას ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მას ჰკითხა, თუ ვინ ურჩია, „მთავრობის მაგივრად ლობისტმა მიმართოს პარტნიორებს“ და განაცხადა, რომ „ეს ითვლება სამარცხვინო და ავტორიტარული რეჟიმების დამახასიათებელ ამბად“.
„ ცოტა ხნის წინ ვნახე თქვენი ლობისტების მიერ მიწერილი წერილი აშშ-ში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჯერ ერთი, მინდა გკითხოთ, ვინ გირჩიათ, მთავრობის მაგივრად ლობისტი მიმართავდეს პარტნიორებს, ეგ ითვლება სამარცხვინო და ავტორიტარული რეჟიმების დამახასიათებელ ამბად, მინდა უბრალოდ გაგიზიაროთ. ლობისტმა შეიძლება გირჩიოს, როგორ ილაპარაკო, რა სტრატეგია გქონდეს, ვის დაუკავშირდე, მაგრამ წერილებს წერს მთავრობა“, — განაცხადა მან.
წერილი, რომელზეც ბოკერია საუბრობს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა — მასში „ქართული ოცნების“ პარტია და მის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია დასავლელ პარტნიორებს მიმართავენ საარჩევნო სისტემაზე 8 მარტის შეთანხმების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
წერილი 16 მაისითაა დათარიღებული და მასში ლობისტური კომპანიის წარმომადგენელი ჯერი მარკონი საუბრობს ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე 8 მარტის შეთანხმების შესრულების საქმეში. დოკუმენტს ასევე თანდართული აქვს “ქართული ოცნების” განცხადება ამ შეთანხმების შესახებ.
ჯერი მარკონი ეხება გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას და აღნიშნავს, რომ „საქართველოს საარჩევნო რეფორმის შესახებ მიღწეული შეთანხმების მხარდასაჭერად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და გამოაცხადა, რომ იწყალებდა ორ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს — გასამართლებულ დამნაშავეებს.”
“აშშ-ის საელჩო თბილისში მალევე მიესალმა ზურაბიშვილის განცხადებას და განაცხადა, რომ მან შექმნა „პოლიტიკური გარემო, სადაც უფრო თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაა შესაძლებელი“. შემდეგ კი საელჩომ მოუწოდა „ყველა მხარეს, სრულიად დაიცვან შეთანხმება“, რათა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“ ჩატარდეს ისე, როგორც დადეგმილია შემოდგომაზე.
სამწუხაროდ, ყველა არ ითვალისწინებს [ამ მოწოდებას]. ოპოზიციური პარტიები – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოსა და სხვების თავკაცობით – უარს ამბობენ თავიანთ ვალდებულებებზე.
პრეზიდენტის ნაბიჯმა ცხადი გახადა, რომ დროა, ყველა მხარემ პატივი სცეს საკუთარ პირობას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების – მათ შორის, აშშ-ისა და ევროკავშირის – მიმართ და იმოქმედონ არჩევნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების განსახორციელებლად.
პოლიტიკური თამაშების დრო არ არის.
გთხოვთ, ქვევით იხილეთ განცხადება, რომელშიც ქართული ოცნება მოუწოდებს ოპოზიციას, შეაჩეროს ეს პოლიტიკური ფარსი და ბოლომდე მხარი დაუჭიროს უმნიშვნელოვანეს საარჩევნო რეფორმას, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას და დააჩქარებს ქვეყნის სვლას ევროკავშირისა და NATO-სკენ”, – წერია ჯერ მარკონის წერილში.
აღნიშნულ დოკუმენტს თან აქვს დართული “ქართული ოცნების” წერილი, სადაც ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რა არ ეწერა 8 მარტის შეთანხმებაში:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სხვა ოპოზიციური პარტიები აგრძელებენ მტკიცებას, რომ საქმეები ოპოზიციასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ უნდა შეწყდეს, რათა 8 მარტის შეთანხმები იყოს დაცული.
პირველი — რას ამბობს ურთიერთგაგების მემორანდუმი მხარეებს შორის სამართლებრივ პროცესებსა და კორუმპირებულ საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ამჟამად საპყრობილეში არიან ხალხის ნდობის ბოროტად გამოყენებისთვის? არაფერს.
მეორე — რას ამბობს ერთიანი განცხადება? ის ამბობს, რომ ყველა მხარე თანხმდება „იმ ქმედებების რეაგირებას საჭიროებაზე, რომლებიც შეიძლება აღქმული იყოს, როგორც საქართველოს სამართლებრივი და საარჩევნო პროცესების უადგილო პოლიტიზირებად და მომავალში ასეთი სხვა ქმედებების თავიდან აცილებაზე“.
ბოკერიამ აგრეთვე იკითხა, თუ როდის „იტყუებოდა მთავრობა — [პარტნიორებისთვის გაგზავნილი] წერილის დროს, ახლა, გუშინწინ, ერთი პოლიტპატიმრის შემთხვევაში თუ მეორესი?“:
„წერილში, რომელსაც ქვემოთ „ქართული ოცნების“ ლოგო არტყია, დასაწყისი ასეთია: რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა პოლიტიკური შეთანხმების შესრულების მიმართულებით და შეიწყალა ორი პატიმარი, ანუ აღიარებითი ჩვენება გაქვთ აქ. თან ამას აღიარებთ, თან ბოლო პოლიტპატიმრის, რომელსაც თქვენ პოლიტპატიმრად არ თვლით და ნუ თვლით, კი ბატონო, გამოშვება არ გინდათ და გინდათ კრიზისის შენარჩუნება.
ამიხსენით, როდის იტყუებოდით – ამ წერილის დროს, ახლა, გუშინწინ, ერთი პოლიტპატიმრის შემთხვევაში თუ მეორესი? რურუას შემთხვევაში თუ სხვების შემთხვევაში?
ახლა მეორე რამ. თუ გაირკვევა, ბატონო პრემიერო, რომ თქვენს მინისტრებს შორის არის მინისტრი, რომელიც ჩვენი პარტნიორების, დასავლეთის კრიტიკას დემოკრატიასთან დაკავშირებით, თუნდაც, თქვენი აზრით, არასწორს, ადარებს რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირის ან პუტინის რუსეთის აგრესიას საქართველოს მიმართ და დამოუკიდებლობის დამხობას, აი, ასეთ პარალელს მიიჩნევთ თუ არა სამარცხვინოდ და ასეთი მინისტრი გასაშვებია თუ არა?“, — ჰკითხა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრს.