ახალი ამბები

$100 ათასის გადახდა განქორწინების შემდეგ ბასილაშვილს სასამართლომ დააკისრა – ადვოკატი

25 მაისი, 2020 • 2300
$100 ათასის გადახდა განქორწინების შემდეგ ბასილაშვილს სასამართლომ დააკისრა – ადვოკატი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი (ნეკა) დოროყაშვილის უფლებადამცველი ანა აბაშიძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ჩოგბურთელი ყოფილ ცოლს ყოველთვიურად სოლიდურ თანხას უხდიდა. აბაშიძის ინფორმაციით, სასამართლომ ჩოგბურთელს 100 ათასი აშშ დოლარის გადახდა განქორწინების შემდეგ დააკისრა და ეს თანხა ბასილაშვილმა გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაიხადოს.

„როდესაც მეუღლეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან და ამ ქორწინების განმავლობაში დაგროვდება ოჯახში დოვლათი, საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა ამ ქონებას თანასაკუთრებად აღიარებს. ქონება განქორწინების პერიოდში ნახევრად იყოფა. 100 ათასი დოლარი, რომელზეც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იყო ნაჩუქარი ან კეთილი ნება ბატონი ბასილაშვილის, თითქოს ამას უწყალობებს ყოფილ მეუღლეს, სინამდვილეში არის ფული, რომელიც სასამართლომ კანონის საფუძველზე მიაკუთვნა ქალბატონ ნელის იმიტომ, რომ ეს არის მისი საკუთრება”, – თქვა ანა აბაშიძემ დღეს, 25 მაისს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე ინფორმაციით, ნელი დოროყაშვილი დათანხმდა იმაზე ნაკლები თანხის მიღებას, ვიდრე ეკუთვნოდა, რათა ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით, მას არ სურდა სასამართლო დავის გაგრძელება. აღნიშნული დავა კი დასრულდა მორიგებით, რაც გულისხმობს გარკვეული გრაფიკით მისთვის 100 ათასი დოლარის გადახდას. ამ ეტაპზე მხოლოდ 15 ათასია გადახდილი.

„მას მოუწევს, დარჩენილი თანხა 2021 წლის ბოლომდე გადაიხადოს. ეს წერია სასამართლოს განჩინებაში. ასე რომ, კამათი ან ჭორები იმის შესახებ, თითქოს ბატონი ნიკოლოზი სოლიდურ თანხას აძლევდა ყოველთვიურად თავის ყოფილ მეუღლეს, უსაფუძვლოა” ,- ამბობს ანა აბაშიძე, რომელიც ბასილაშვილის ყოფილ ცოლს, ნეკა დოროყაშვილს წარმოადგენს.

რაიმე სახის ფინანსური კონტრაქტის არსებობას ყოფილ ცოლ-ქმარს შორის უარყოფს ბასილაშვილის ადვოკატიც. ირმა ჭკადუას თქმით, ჩოგბურთელი სასამართლოს მიერ დადგენილი გადასახადების გარდა, თანხას შვილის ხარჯების დასაფარავად იხდიდა, თუმცა იმისათვის, რომ სპეკულაციები ამ თემაზე დასრულდეს. ჭკადუას თქმით, ამ დროიდან ბასილაშვილი მხოლოდ იმ ხარჯებს გაიღებს, რომელიც მას სასამართლომ ოფიციალურად დააკისრა განქორწინების შემდეგ:

„არანაირი კონტრაქტი მათ შორის არ არსებობს არც დუმილის და არც არაფრის სანაცვლოდ. თანხა, რასაც ბასილაშვილი იხდიდა სასამართლოს მიღმა, იყო ბავშვისთვის. ბუნებრივია, ბავშვის დედაც  კარგად უნდა იყოს, რომ ბავშვს მიხედოს და ეს ბასილაშვილმა ძალიან კარგად იცის და ამას აკეთებდა, მაგრამ ამ წუთიდან, გარდა იმისა, რაც სასამართლომ დააკისრა, ნიკოლოზ ბასილაშვილს, შეწყვეტს ყველანაირი თანხის გადახდას. თუ ვინმეს ჰგონია, დუმილის სანაცვლოდ უხდიდნენ ვინმეს თანხას, მათ თქვან ყველაფერი, თუ რა საიდუმლოს ინახავდნენ”, – ამბობს ჭკადუა.

ამასთან, ბასილაშვილის ადვოკატი გარკვეულ ფინანსურ გასაცემლებს, რომელსაც ბასილაშვილისგან მისი ყოფილი ცოლი იღებდა, ჩოგბურთელისა და მისი ოჯახის კეთილი ნებით ხსნის:

„ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ოჯახი თავს თვლის ვალდებულად, რომ მათი შვილიშვილი იყოს უზრუნველყოფილი როგორც მატერიალურად, ასევე მისი აღზრდა-განვითარებისთვის ყველაფერი გააკეთონ, კეთილი ნებით. ჩვენ ვიცით სამართლებრივად, რომ თუკი თანაცხოვრების დროს არის შეძენილი გარკვეული ქონება, ნახევარი ეკუთვნის ერთ მეუღლეს, ნახევარი – მეორე მეუღლეს. არ აქვს მნიშვნელობა, ამ ქონების შეძენისას რომელიმე მეუღლე მუშაობდა თუ არა.

ამიტომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა თანაცხოვრებისას შეძენილი ქონება გადასცა  ყოფილ მეუღლეს. მას ასევე გადასცა კომერციული ფართი, საიდანაც ყოველთვიურად შემოსავალი გააჩნია. სასამართლომ ასევე ბასილაშვილს დააკისრა ალიმენტი, რომელსაც იხდის და ყველა ხარჯი, რაც დაკავშირებულია ბავშვთან, აღებული ჰქონდა საკუთარ თავზე მისი კეთილი ნებიდან გამომდინარე”, –  ამბობს ჭკადუა “მთავარ არხთან“.


ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით მიმდინარე წლის მაისში დააკავეს და 24 მაისს გირაოს – 100 ათასი ლარის – გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

საქმის პროკურორი ასევე ამბობს, რომ შემაკავებელი ორდერი ბასილაშვილის მამის წინააღმდეგაც იყო გამოწერილი. საქმეს სწავლობს სახალხო დამცველიც. თავად ჩოგბურთელი ბრალდებებს უარყოფს.

დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, ოჯახი ამას უარყოფს

მასალების გადაბეჭდვის წესი