ახალი ამბები

მათიკაშვილმა კვარაცხელიას ტრანსფერი კილაძის გაეროში დანიშვნას შეადარა

25 ოქტომბერი, 2022 • 2089
მათიკაშვილმა კვარაცხელიას ტრანსფერი კილაძის გაეროში დანიშვნას შეადარა

“ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი ყოფილი თანაგუნდელის, სოფო კილაძის გაეროს ბავშვის უფლებათა კომეტეტში დანიშვნას ადარებს ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ კლუბ “ნაპოლიში” გადასვლას.

მათიკაშვილმა კვარაცხელიას ტრანსფერთან პარალელის გავლებით კითხვა დაუსვა სახალხო დამცველობის კანდიდატ ანა აბაშიძეს და შეახსენა, რომ სოფო კილაძის გაეროში არჩევას მხარს არ უჭერდა.

კერძოდ, მათიკაშვილმა აბაშიძისთვის კითხვის დასმა შემდეგნაირად დაიწყო:

“ფეხბურთი თუ გიყვართ? ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე გსმენიათ ალბათ. ბათუმის დინამოდან ტიტულოვან კლუბში რომ გადავიდა იტალიაში, რა განცდა დაგეუფლათ?”- ჰკითხა მათიკაშვილმა აბაშიძეს.

რაზეც ანა აბაშიძემ უპასუხა, რომ “ნაპოლიში” კვარაცხელიას ტრანსფერით ძალიან ბედნიერი იყო.

ამის შემდეგ დავით მათიკაშვილმა აბაშიძეს ჰკითხა, იქნებოდა თუ არა ბედნიერი იმ შემთხვევაში, კვარაცხელიასთან  პირადი უთახმოება რომ ჰქონოდა.

“ანუ ბედნიერი იყავით, რომ თქვენი თანამემამულე გადავიდა ტიტულოვან კლუბში და შანსი და საშუალება მიეცა თავის გამოჩენის, ასევე,  ჩვენი ქვეყნის სხვა ქვეყნებით დაინტერესების და ა.შ.

თქვენ და ხვიჩას რომ რაიმე უთანხმოება გქონოდათ ერთმანეთთან, როგორ ფიქრობთ, მისი გადასვლა ასევე გაგიხარდებოდათ თუ მაინც გულში რაღაც ხინჯი დაგრჩებოდა, რომ პიროვნული უთანხმოების გამო მისი წარმატებით ისეთ დაინტერესებული ვერ ყოფილიყავით ან ბედნიერი?” – ჰკითხა მათიკაშვილმა აბაშიძეს.

სწორედ ამ კონტექსტში გაავლო პარალელი მათიკაშვილმა კილაძის გაეროში დანიშვნასთან დაკავშირებით. მან აბაშიძეს შეახსენა სოფო კილაძის განათლება და გამოცდილება და უთხრა, რომ სწორედ კილაძესთან პირადი დაპირისპირების გამო შეაფასა იგი გაეროში დანიშვნისთვის არაკომპეტენტურად.

მათიკაშვილმა აბაშიძეს იმ წერილზე ხელმოწერა შეახსენა, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა სოფო კილაძის დანიშვნას მხარი არ დაუჭირეს.

მათიკაშვილმა აბაშიძეს აღნიშნულ წერილზე გერმანიის ყოფილი ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადება გაახსენა.

“როცა საქართელოს დიდი მეგობარი გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში გეუბნებათ ,ამ დონემდე როგორ დაეშვითო, რას გულისხმობდა?

ეს ყველაფერი იმ პირადული დაპისრისპირების ნაყოფი ხომ არ არის, ქალბატონო ანა, რომელსაც თქვენ ასე ძალიან უარყოფდით სულ რამდენიმე წუთის წინ?[…]

თქვენ დაბეჯითებით ითხოვდით, რომ თქვენი ქვეყნის შვილი,  ისევე როგორც ხვიჩა კვარაცხელია, სადაც მუხლჩაუხრელად შრომობს, არამხოლოდ საქართველოს,  მთელი მსოფლიოს ბავშვების უფლებების დასაცავად, არ დანიშნულიყო და არჩეულიყო. არის თუ არა ეს მიკერძოებულობა და შეშვენის მომავალ სახალხო დამცველს?” – ჰკითხა მათიკაშვილმა.

პასუხად ანა აბაშიძემ განუცხადა, რომ  სოფო კილაძესთან პირადი დაპირისპირება არ ჰქონია და მისი კრიტიკა კილაძის საქმიანობიდან გამომდინარეობდა.

რაც შეეხება ჰუბერტ ქნირშს, აბაშიძის თქმით, მისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ და ყველას კრიტიკა შეიძლება, მათ შორის გერმანიის ელჩისაც.

“ელჩს არასდროს უცდია ჩემთან შეხვედრა და კითხვების დასმა, პირადი მიმოწერა გამოდო[…] პატივისცემა გერმანელ ხალხს, მაგრამ ეს ადამიანი იყო უპრეცედენტოდ არაეთიკური დიპლომატი სამოქალაქო სექტორის მიმართ”, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი