ახალი ამბები

აბაშიძის თქმით, სააკაშვილს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაზე პასუხისმგებლად მიიჩნევს

25 ოქტომბერი, 2022 • 1281
აბაშიძის თქმით, სააკაშვილს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაზე პასუხისმგებლად მიიჩნევს

სახალხო დამცველობის კანდიდატი ანა აბაშიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებლად მიიჩნევს.

ასე უპასუხა აბაშიძემ “ქართული ოცნების” წევრის, მიხეილ სარჯველაძის კითხვას, რომელიც მას დაუსვა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მოსმენისას.

კერძოდ, სარჯველაძემ აბაშიძეს ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პასუხისმგებლად ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე.

სარჯველაძის კითხვის პასუხად აბაშიძემ ერთ-ერთი შემთხვევა გაიხსენა, თუ რატომ თვლიდა, რომ სააკაშვილი ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელია.

“კი, მივიჩნევ, უფრო მეტიც, მე ვმუშაობდი მაშინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ერთ-ერთ საქმეში, როდესაც მან, ჩემი აზრით, სრულიად სამარცხვინოდ პარლამენტის ტრიბუნიდან პატარა ბიჭს, მიხეილ ალექსიძეს, რომელიც იყო 53-ე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე, მიხეილ სააკაშვილმა, 53-ე სკოლის დირექტორმა, მაშინდელმა განათლების მინისტრმა და ა.შ. თუმცა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა, ხულიგანი ეძახა.

მე მაშინ ვმუშაობდი სახალხო დამცველთან და  მათ შორის მე ვიყავი ამ ბავშვის საქმის პრაქტიკულად გამოძიების ავტორი. მაშინდელმა სახალხო დამცველმა რეკომენდაციაც გასცა და მიხეილ სააკაშვილის ქცევა ძალიან ნეგატიურად შეაფასა. ჩემი შეფასებით, ყველაზე არაეთიკური და ბავშვზე არაორიენტირებული პრეზიდენტი იყო. დიახ, ეს ერთი შემთხვევაა, მე შემიძლია ბევრი სხვა შემთხვევა ჩამოგითვალოთ და თუ გადახედავთ 2013 წლამდე ომბუდსმენის ანგარიშებს, მე ვარ თანაავტორი“, —განაცხადა ანა აბაშიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი