საზოგადოება

დრო ჯერაც არის, საჭიროა რიტორიკის ცვლილება და რეფორმების დაწყება – NGO-ები EU-ს კანდიდატობაზე

16 დეკემბერი, 2022 • 901
დრო ჯერაც არის, საჭიროა რიტორიკის ცვლილება და რეფორმების დაწყება – NGO-ები EU-ს კანდიდატობაზე

ბრიუსელში, ევროკავშირის სტრუქტურებში ვიზიტისა და შეხვედრების შემდეგ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესაძლებლობის ფანჯარა კვლავ ღიაა საქართველოსთვის, თუმცა საჭიროა, ქვეყანამ დაიწყოს 12 რეკომენდაციის შესრულება და ხელისუფლებამ ანტიდასავლური რიტორიკაზე უარი განაცხადოს.

„სამი ძირითადი დასკვნა“

„ღია საზოგადოების ფონდის“ საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე აცხადებს, რომ ბრიუსელში მათი ვიზიტის შედეგად სამი ძირითადი დასკვნა გამოიკვეთა:

  1. „ჯერ დრო კიდევ არის. ჯერ დაკარგული არაფერია. გვაქვს დრო იმისათვის, რომ საქართველომ უფრო ეფექტიანად იმუშაოს და, საბოლოო ჯამში, მოიპოვოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. შესაძლებლობის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და მნიშვნელოვანია ვიაქტიუროთ, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ.
  2. ყველაფრის, – ევროკომისიის მიერ გამოცემული 12 რეკომენდაციის, – შესრულების ვადა არის 2023 წლის ოქტომბერი. ევროკომისია გეგმავს, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყოს შეფასებები.
  3. საჭიროა, დაიდოს შედეგები კონკრეტული მიმართულებებით. არის საკითხები, რაზეც არის მოლოდინი, რომ საქართველო კონკრეტულ შედეგს დადებს – პირველ რიგში, ეს შეეხება ომბუდსმენის არჩევაs. მაგრამ არის თემები, რაზეც არ არის მოლოდინი, რომ შესაძლებელია ყველაფერი დასრულდეს მომავალი წლის ოქტომბრისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, ქვეყანამ აჩვენოს ზუსტი ტრაექტორია, მზაობა და სიმწიფე, რომ აქვს სურვილი, მიიღოს კანდიდატის სტატუსი“.

ვანო ჩხიკვაძე

„საჭიროა რიტორიკის ცვლილება“

არასამთავრობოების განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ევროპულ სტრუქტურებში ესაუბრებოდნენ, ქართული ხელისუფლების ანტაგონისტური რიტორიკა იყო ევროკავშირისადმი, ზოგადად, ევროპისადმი.

„ევროკავშირზე თავდასხმა, მათთვის იმის დაბრალება, რომ „ომში გვითრევენ“, ან კონკრეტული პოლიტიკოსების გალანძღვა, შეშფოთებას იწვევს ევროკავშირში; ისინი თვლიან, რომ ერთ-ერთი ინდიკატორი, რითაც ჩანს, სურს თუ არა ჩვენს ხელისუფლებას ევროკავშირისკენ სვლა, გადის ამ საკითხზე“, – ამბობს ბაია პატარაია, „საფარის“ წარმომადგენელი.

ბაია პატარაია

პატარაიას თქმით, ევროკავშირი „ძალიან მტკივნეულად აღიქვამს“, როდესაც „საქართველოს ომში ჩათრევას“ აბრალებენ; ხაზს უსვამენ შეხვედრებში, რომ ეს არის კავშირი, რომელიც პირიქით, ცდილობს, ყველგან დაამკვიდროს მშვიდობა და, შესაბამისად, „ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შეწყვიტოს ევროკავშირის, მისი სტრუქტურებისა და ევროპარლამენტარების ლანძღვა და არ უნდა გაიმეოროს ის ტყუილი, თითქოს ევროკავშირი ექაჩება ომისკენ“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი, ალექსანდრე ქევხიშვილიც აცხადებს, რომ „ევროკავშირთან დაპირისპირების პოლიტიკა, რასაც ბოლო წელია, განსაკუთრებით ვხედავთ, საქმეს აფუჭებს“.

„ამ პოლიტიკის შეცვლის გარეშე ძალიან გართულდება წარმატების მიღწევა“, – ამბობს ქევხიშვილი.

„კვალიფიციური, ნდობით აღჭურვილი სახალხო დამცველი“

ანა აბაშიძე, რომელიც ორგანიზაციასთან, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, ერთად 2016 წლიდან აკვირდებოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს, ამბობს, რომ ამჟამად ბრიუსელში იმყოფებოდა, როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატი, რათა პირადად გაეზიარებინა გამოცდილება.

აბაშიძის განცხადებით, ბრიუსელში შეხვედრებისას არასამთავრობოების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ამ დროისთვის შეიძლება შეფასდეს პოზიტიურად – „მრავალფეროვნება, ინკლუზიური პროცესი და გამჭვირვალობა სახეზეა. პროფესიონალების შეფასებები კანდიდატებზე მეტნაკლებად ასახავს ობიექტურ სურათს“.

„თუმცა [ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს] ძალიან მკაცრად ვუთხარით, რომ ეს ყველა პოზიტიური ნაწილი წყალში ჩაგვეყრება, თუ შედეგი დადგება იმგვარი, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებებს და პროფესიონალების შეფასებებს; თუკი მხარეები, – იგულისხმება როგორც „ოცნება“, ისე ოპოზიციური პარტიები, – ვერ შეთანხმდებიან ან, საერთოდ, ჩააგდებენ ახალი სახალხო დამცველის არჩევას, ან შეთანხმდებიან იმ კანდიდატზე, რომელიც არ წარმოადგენს საზოგადოების ხმას, არ იქნება დამოუკიდებელი და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა საერთოდ არ ექნება“, – აცხადებს ანა აბაშიძე.

ანა აბაშიძე

მისი განცხადებით, შეხვედრებისას არასამთავრობოების წარმომადგენლებს უთხრეს, რომ იმის მიუხედავად, რომ „12 პრიორიტეტიდან არის ბევრი პრიორიტეტი, რაშიც [მცირედი] პროგრესის ჩვენებაც კი საკმარისია ევროკავშირის და ინსტიტუტებისთვის, რათა დადებითი შეფასება მივიღოთ“, სახალხო დამცველის არჩევას ლაკმუსის ქაღალდად მიიჩნევენ:

„ისინი ამბობენ, რომ აკვირდებიან აბსოლუტურად ყველა პროცესს დეტალურად და თუკი ახალი სახალხო დამცველი არ დააკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც პრიორიტეტებშია მოხსენიებული, და, რაც მთვარია, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე იქნება არჩეული, აპრიორი ჩაითვლება, რომ პრიორიტეტების ეს ნაწილი ჩავარდნილია. ეს მათთვის იქნება განაცხადი, რომ ხელისუფლებას არ სურს რეკომენდაციების შესრულება“.

მართლმსაჯულების რეფორმა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი, გურო იმნაძე აცხადებს, რომ ბრიუსელში შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სასამართლოს რეფორმა იყო, რაც „ერთ-ერთი ყველაზე ცხელი საკითხია ასოცირებისა და, ასევე, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების გათვალისწინების პროცესში“.

„შეიძლება ითქვას, რომ მართლმსაჯულების საკითხი [ბრიუსელიდან] ისე არ არის დანახული, რომ ერთ თვეში, ექვს თვეში ან ერთ წელიწადში გვქონდეს საბოლოო შედეგები და სრულყოფილი სისტემა შევქმნათ. ასეთი მოლოდინი ქართული ხელისუფლების თუ საზოგადოების მიმართ არ არსებობს“, – ამბობს გურო იმნაძე და დასძენს, რომ მთავარი მოლოდინი „სწორი ნაბიჯების გადადგმაა“ – პრობლემის სწორად შეფასება.

გურო იმნაძის თქმით, ევროკავშირის სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ შეიძლება გამოიყოს რამდენიმე საკითხი, რაც, ბრიუსელის მოლოდინით, მოკლევადიან პერსპექტივაშიც შეიძლება იყოს მიღწეული:

  1. „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნა და საბჭოს დაკომპლექტების საკითხი, რაც ახლაც მიმდინარეობს პარლამენტში. არის მოლოდინი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთივე არამოსამართლე წევრი შეირჩეს პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლად, ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე.
  2. შემუშავდეს სასამართლო რეფორმის სტრატეგია, – შინაარსობრივად ისე, რომ სტრატეგია რეალურად ასახავდეს იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რაც სისტემაში გვაქვს, და, ამასთან, პროცესი იყოს ინკლუზიური და წარიმართოს ფართო საზოგადოებრივი-პროფესიული ჯგუფების ჩართულობით“.

სააკაშვილი და პოლიტიზებული მართლმსაჯულება

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ბრიუსელში განსაკუთრებული ინტერესის საგანია პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხები,  მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმე.

მაგალითად, ბაია პატარაიას თქმით, ევროკავშირის სტრუქტურების წარმომადგენლები დიდ ინტერესს იჩენდნენ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი.

„მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი ტიპის ავადმყოფს უნდა ადეკვატური მკურნალობა და თუ ეს მკურნალობა ვერ მიეწოდება საქართველოში, გადაყვანილი უნდა იქნას შესაბამის ქვეყანაში, შესაბამის ინსტიტუციაში“.

გურო იმნაძე შენიშნავს, რომ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ინტერესი მიემართება „უფრო მეტად მისი ჯანმრთლეობის მდგომარეობას“.

„მათი პოზიცია ბუნებრივი და ლოგიკურია,  რომ ჯანმრთელობაზე გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებულ არა პოლიტიკური მოტივებით და ანგაჟირებით, არამედ ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის პერსპექტივით და პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პაციენტის, მსჯავრდებულის სიცოცხლის და უსაფრთხოების ინტერესს“, – ამბობს გურო იმნაძე.

სამოქალაქო სექტორი

ევროკომისია ასევე ინტერესდებოდა კონკრეტული საკითხებით. მაგალითად, მათ აინტერესებთ, თუ რა ვითარებაში უწევს მუშაობა სამოქალაქო სექტორს, რა მდგომარეობაა იმ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რაზეც არის საუბარი.

ისინი ფიქრობენ, რომ გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გამოთქმული გამონათქვამები და სხვადასხვა ტიპის მაკონტროლებელი კანონმდებლობის მიღება, განსაკუთრებით ისეთისა, რომელიც კრძალავს უცხოურ დაფინანსებას, ან მოიხსენიებს არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოურ აგენტებად.

ეს არის კარგად ნაცნობი რუსული სცენარი, მათი კანონმდებლობის მსგავსი ვარიანტი და, ცხადია, ამისგან თავი უნდა შეიკავოს საქართველოს ხელისუფლებამ.

სხვა პრიორიტეტები

ბრიუსელიდან დაბრუნებული ექსპერტები სხვა საკითხებზეც ამახვილებენ ყურადღებას, რაც, მათი თქმით, ევროსტრუქტურებს აინტერესებთ, მაგალითად, მედიაგარემოზე.

„შეხვედრებზე ყურადღება მახვილდებოდა მედიაგარემოზე და იმაზე, რომ აუცილებელია მედიის, ჟურნალისტების თავისუფალ, მშვიდობიან გარემოში მუშაობის უზრუნველყოფა და ის ძალადობრივი ინციდენტები, რაც გვქონდა ბოლო პერიოდში, ეფექტიანად იყოს გამოძიებული“, – ამბობს გურო იმნაძე.

ბაია პატარაია აცხადებს, რომ ევროკომისია დაინტერესდა ქალებთან დაკავშირებული საკითხებითაც. მაგალითად:

„ჩვენ ვუთხარით, რომ მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე არის გაუპატიურებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცვლილება. ევროკომისია მიიჩნევს, რომ სტამბოლის კონვენციასთან უნდა იყოს შესაბამისობაში ქართული კანონმდებლობა, მათ შორის სქესობრივ დანაშაულთან დაკავშირებითაც“, – ამბობს ბაია პატარაია.

მოკლედ: სტრუქტურები გამოხატავენ მზაობას, რომ მეტი დახმარება გაუწიონ სახელმწიფო უწყებებს – ვენეციის კომისიის შეფასება კანონპროექტების, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესახებ კონსულტაციები. მთავარია, დაინახონ ეფექტიანი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან.

„განგრძობითი პროცესი“

TI-ის წარმომადგენელი სანდრო ქევხიშვილი ხაზს უსვამს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანი იყო, „მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი რეფორმების პროცესს, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი მომავალი წლის ბოლოს“.

მისი თქმით, ამ მიზნის მიღწევის გზაზე ერთ-ერთი გამოწვევაა ცვლილებებისათვის რეალური პოლიტიკური ნების ჩვენება:

„[საჭიროა ევროსტრუქტურებისათვის] რეალური პოლიტიკური ნების ჩვენება, რომ რეფორმები ტარდება და გვინდა. ჩვენ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვიხილეთ რეფორმების პროცესი. რაღაცები შესრულდა, თუმცა ევროკომისია ჩვენგან ითხოვს რეფორმების განგრძობით პროცესს და არა ერთ ტალღას, რომელიც დასრულდება და მორჩება. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს რეფორმების შემდეგი ტალღის დაწყებას, ამბიციური და რეალური რეფორმების, რაც დაანახებს პარტნიორებს, რომ საქართველოს აქვს რეალური სურვილი“, – აცხადებს ქევხიშვილი.

სანდრო ქევხიშვილი. ფოტო: რადიო თავისუფლება

მისი თქმითვე, საამისოდ აუცილებელია, პასუხისმგებელი უწყებები თუ პირები „დაეკონტაქტონ ევროკომისიას, ჩავიდნენ ბრიუსელში და სამუშაო რეჟიმში გაარკვიონ, აქამდე რაც გაკეთდა, რამდენად საკმარისია, თუ რაიმე დაზუსტებაა საჭირო, სად არის საჭირო, რა არის მოლოდინი ამა თუ იმ პუნქტთან დაკავშირებით“.

„ამ უკუკავშირის მიღების საფუძველზე დაიწყონ რეფორმების ახალი ტალღა. ჩვენ გვაქვს დაახლოებით 8 თვე იმისთვის, რომ კიდევ ერთი ტალღა შეიქმნას. ამ ორი პრობლემის გადაჭრის შემთხვევაში დიდი იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ სტატუსს“, – აცხადებს იგი.

არასამთავრობო ორგანიზაციები – „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „საფარი“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და სხვები- ბრიუსელში „ღია საზოგადოების ფონდის“ ორგანიზებით ყოველწლიური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი