საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნის გამო თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს, საკარანტინო ვადის გასვვლის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა.
“დამთავრდა კარანტინი, მოვედი კონსულტაციებზე. მიზეზი თქვენთვის კარგად არის ცნობილი. ახლად შექმნილი რეალობიდან გამომდინარე ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს განვიხილავთ. დღეს დაიწყება კონსულტაციები. როდის დამთავრდება, ვერ გეტყვით”, – განუცხადა ჟურნალისტებს შარაშენიძემ.
შარაშენიძე ვერ პასუხობს კითხვას, იგეგმება თუ არა მისი დაბრუნება უკრაინაში.
“ეს უნდა ჰკითხოთ ხელმძღვანელობას. ჩემი კომპეტენცია არ არის. რომ დამთავრდება კონსულტაციები, გახდება ცნობილი”, – აღნიშნა მან.
კითხვაზე, იზიარებს თუ არა კრიტიკას იმის თაობაზე, რომ საელჩომ ვერ იმუშავა, შარაშენიძე პასუხობს:”არ ვიზიარებ, საელჩომ იმუშავა.”
უკრაინიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში გამოწვევის შესახებ ცნობა 8 მაისს დადასტურდა. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას. ეს კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია.
9 მაისს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის დანიშვნის შემდგომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას და დიპლომატიურ ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა უკრაინიდან ელჩი იმისათვის გამოიწვიეს, რომ იმსჯელონ, როგორ არ დააზარალონ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები „ავანტიურისტმა პოლიტიკოსებმა“.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა.