ახალი ამბები

ველოდები საკარანტინო ვადის გასვლას – უკრაინიდან გამოწვეული ელჩი შარაშენიძე

11 მაისი, 2020 • 1182
ველოდები საკარანტინო ვადის გასვლას – უკრაინიდან გამოწვეული ელჩი შარაშენიძე

საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით საქართველოში კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს, აცხადებს, რომ ქვეყანაში უკვე დაბრუნდა, თუმცა საკარანტინო ზონაშია.

„ვიმყოფები საკარანტინო ზონაში სხვა მგზავრებთან ერთად. ველოდები ტესტის აღებას და გამოკვლევის შედეგებს“, – უთხრა მან ტელეკომპანია იმედს 11 მაისს.

შარაშენიძის თქმით, წამოსვლისას გამართა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და გადასცა ქართული მხარის პოზიცია.

„ელჩის გამოძახება კონსულტაციებზე დიპლომატიაში მიღებულია. ჩვენს პარტნიორებს ჩვენი ეს ნაბიჯი არ გაჰკვირვებიათ და გარკვეულად გაგებითაც კი მოეკიდნენ. რეაგირება იყო, რომ უკრაინის მხარე ღებულობს პროტესტის ამ ფორმას და ის არ გამოიწვევს თავისი მხრიდან ელჩს და ყველანაირ ძალისხმევას იხმარს, რომ შენარჩუნდეს და გაღრმავდეს ჩვენი ურთიერთობები“, – განაცხადა მან.

„ველოდები საკარანტინო ვადის დამთავრებას და შემდეგ გაიმართება კონსულტაციები. მივიღებ შესაბამის მითითებებს“, – განუცხადა „იმედის“ გადაცემა „ქრონიკას“ თეიმურაზ შარაშენიძემ.

უკრაინიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში გამოწვევის შესახებ ცნობა 8 მაისს დადასტურდა. 

ეს გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას. ეს კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია.

9 მაისს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის დანიშვნის შემდგომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას და დიპლომატიურ ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა უკრაინიდან ელჩი იმისათვის გამოიწვიეს, რომ იმსჯელონ, როგორ არ დააზარალონ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები „ავანტიურისტმა პოლიტიკოსებმა“.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი