ახალი ამბები

უკრაინაში ელჩს თბილისში კონსულტაციებზე გამოვიძახებთ – ზალკალიანი

8 მაისი, 2020 • 1804
უკრაინაში ელჩს თბილისში კონსულტაციებზე გამოვიძახებთ – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

ეს გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას. ეს კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია.

ზალკალიანი ამბობს, რომ საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას.

„სააკაშვილისთვის თავდაპირველად შეთავაზებული თანამდებობის დონის დაწევა და მისი დანიშვნა ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ცხადყოფს უკრაინის პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების სკეპტიკურ დამოკიდებულებას მისი პერსონის მიმართ.

ამავდროულად, ჩვენი აზრით, გათვალისწინებული იქნა საქართველოს, როგორც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის, პოზიციაც. მიუხედავად ამისა, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონ თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებზე გამოძახების თაობაზე

ეს გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი, რომელიც, ამ შემთხვევაში მიანიშნებს, რომ ურთიერთობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისათვის საჭიროა ელჩთან კონსულტაციები“, – ამბობს ზალკალიანი.

ზალკალიანი ამბობს, რომ „მიუხედავად ამ დასანანი გადაწყვეტილებისა“, უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გადახედვა არ იგეგმება.

„ელჩის მონაწილეობით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობაზე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და, რაც მთავარია, ერთობლივ ძალისხმევაზე ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.“- განაცხადა ზალკალიანმა.

წაიკითხეთ ასევე:

რატომ არ დაინიშნა სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად – არახამიას განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი