საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ უნდა იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ დაიცვან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა “ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან”.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდგომ უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევაზე გახარიამ ჟურნალისტებთან დღეს, 9 მაისს ისაუბრა:
“რა თქმა უნდა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ცალკეული პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობის გამო ეჭვქვეშ არ დავაყენებთ. ელჩის გამოწვევა არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ ან დიპლომატიურ ურთიერთობას, ან სტრატეგიულ პარტნიორობას”, – განაცხადა მან და დასძინა:
“ჩვენ გამოვიწვიეთ ელჩი, რომ გავიაროთ კონსულტაციები იმის თაობაზე, როგორ დავიცვათ ეს ურთიერთობები, რომ იმ ავანტიურისტებისგან… იმიტომ რომ სხვანაირად რა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ეს ძმური ურთიერთობები ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც თავიანთ პირადი გაურკვეველი ამბიციების და ეგოების გამო რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენი ქვეყნის და მეორეს მხრივ უკრაინის ურთიერთობებს”.
პრემიერის თქმით, გაურკვეველია სააკაშვილის ამ პოსტზე დანიშვნა უკრაინაში, რადგან საქართველოს სასამართლოს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი:
“რა თქმა უნდა, გაურკვეველია, როცა სტრატეგიული პარტნიორი სასამართლო სისტემის მიერ უკვე მსჯავრდებულ და მისჯილ პირს, გასაგებია, რომ არ ინიშნება მაღალ სამთავრობო თანამდებობაზე, ინიშნება მრჩევლად თუ რაღაც, ეს რა თქმა უნდა არის გაურკვეველი… ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს, ოდესის შემდგომ რა ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ საქართველოს და უკრაინის ურთიერთობები დაგვებრუნებინა ნორმალურ ვითარებაში. პირადად ვიყავი უკრაინაში ჩასული. ახლა ელჩს ვიწვევთ იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა არ შეძლონ რისკის ქვეშ დააყენონ ურთიერთობა”.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა. კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია.
“მჯერა, ის შეძლებს მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოს” – ზელენსკი სააკაშვილზე
რას ცვლის სააკაშვილის დანიშვნა უკრაინასა და საქართველოში – ინტერივიუ კორნელი კაკაჩიასთან