საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ “საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში” შესატან ცვლილებებზე პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას:
“ვირუსის თუ ეპიდემიის ფაქტორი ეს არის გარემოება, მაგრამ ის, რასაც ეს კანონპროექტი ეხება, ძირითადი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვაა და რატომ უნდა შიეზღუდოს ის, ამაზე გვჭირდება არგუმენტები. ის, რაც არ წერია არც განმარტებით ბარათში. ამ კანონპროექტს არც ფორმა უვარგა და არც შინაარსი. შინაარსი იმიტომ არ უვარგა, რომ ის კონსტიტუციას პირდაპირ ეწინააღმდეგება.
მათ შორის კონსტიტუციაში და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციაში წერია, რომ ნებისმიერი უფლება, გარდა იმ საგამონაკლისო უფლებისა, იზღუდება ისედაც კონკრეტულ სიტუაციაში და თუ ეს იზღუდება, რატომ შემოგაქვთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც პირველი – პარლამენტს ართმევს მთავარ კონსტიტუციურ უფლებას, ასეთი შეზღუდვების დროს მან თავად გადასცეს მთავრობას ეს უფლება. მაშინ რატომ წერია კონსტიტუციაში ეს, თუ ამის საჭიროება არ არის?! ეს წმინდა სამართლებრივი და კონსტიტციური საკითხებია” ,- ამბობს ბესელია.
პარლამენტი “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პაკეტს, განიხილავს.
კანონპროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას. კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე. დეპუტატების მიერ კანონპროექტის ინიცირებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს, მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შესაძლებელი იქნება. კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები.