ახალი ამბები

ოჯახი რამდენიმე დღე ცდილობდა თბილისში გადმოყვანას – ციხელაშვილი გარდაცვლილ ახალოგორელზე

20 მაისი, 2020 • 814
ოჯახი რამდენიმე დღე ცდილობდა თბილისში გადმოყვანას – ციხელაშვილი გარდაცვლილ ახალოგორელზე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ოჯახი რამდენიმე დღე ცდილობდა 63 წლის კაცის ახალგორიდან თბილისში გადმოყვანას. თუმცა,ეს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ მოხერხდა. აღნიშნული პირი დღეს, 20 მაისს, თბილისში ტრანსპორტირების დროს, გზაში გარდაიცვალა.

საუბარია 63 წლის კაცზე, ჯუმბერ მელაძეზე. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი კაცი თბილისში სამკურნალოდ გადმოჰყავდათ.

„ახლა მიმდინარეობს ექსპერტიზა. თუმცა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მამაკაცს ჰქონდა ინსულტი, რამდენიმე დღის წინ ახალგორის საავადმყოფოდან ის გადაიყვანეს ცხინვალში, რაც, მოგეხსენებათ, უკავშირდება საკმაოდ რთულ სერპანტინებს მაღალ მთაში, რაც თავისთავად უკუჩვენებას იწვევს ასეთ პაციენტებში. და რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ცხინვალის საავადმყოფოდან მისი ოჯახი ცდილობდა, რომ პაციენტი გადმოეყვანა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც არ მოხერხდა, რეალურად დაგვიანდა და, ცხადია, ამან ძალიან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა“, – ამბობს ციხელაშვილი.

მისი შეფასებით, მელაძე არის „მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და, ამავდროულად, სრულიად არალეგარული შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში“.

„არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება, მით უფრო, მოგეხსენებათ, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს, აი, ამ მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი“ ,- ამატებს ციხელაშვილი.

მძიმედ ავადმყოფი კაცი, რომელიც ახალგორიდან გადმოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა – გამგებელი

მასალების გადაბეჭდვის წესი