ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ღარიბაშვილთან საუბარს ითხოვს

28 ივნისი, 2021 • 2197
ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ღარიბაშვილთან საუბარს ითხოვს

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომლის წინააღმდეგაც სამხრეთ ისეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა და გადაადგილება შეუზღუდა, საქართველოს პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარს ითხოვს.

“4 წელია ვიდევნები სამოქალაქო აქტივიზმის გამო ბიბილოვის სურვილით- 3 ს/ს საქმეზე ვარ ბრალდებული ფორმალურად. 4 წელია არ შემიძლია ვისარგებლო თავისუფალი გადაადგილებით. მთელი ეს წლები რამდენიმე ათეული სასამართლო სხდომაზე მომიწია დასწრება და პროკურატურაში დაკითხვებზე.

საქართველოს ხელისუფლება ერიდება ჩემი პრობლემის წამოწევას. თუ ჩემზე საუბრობს, არის ფორმალური ხასიათის და თავადაც კარგად იციან, რომ მე ეს ვერ დამეხმარება მდგომარეობის შემსუბუქებაში.

ვითხოვ – საუბარს პრემიერ- მინისტრ ღარიბაშვილთან. მსურდა შერიგების მინისტრ თეა ახვლედიანთან, თუმცა ერთ წელში მას ამისთვის დრო არ აღმოაჩნდა – ყოველ ჯერზე უარი მივიღე.

ვთხოვ, ერთ კვირაში გამონახოს დრო, რომ გავესაუბრო ჩემი პრობლემების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართაც პროტესტის უკიდურეს ფორმას”, – წერს მეარაყიშვილი ფეისბუკის გვერდზე.

ახალგორელი აქტივისტი 2017 წლის 16 აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციამ საცხოვრებელ სახლთან ყოველგვარი ახსნა-განმარტების და შესაბამისი ორდერის გარეშე დააკავა. მოგვიანებით მას ბრალი წარედგინა პარტია „ერთიანი ოსეთის“ ცილისწამების, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონო მოპოვებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის.

თამარ მეარაყიშვილის მიმართ ბრალის წარდგენიდან თითქმის 4 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში მას შეზღუდული აქვს გადაადგილების თავისუფლება და ფაქტობრივ შინაპატიმრობაშია.

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასამართლომ მეარაყიშვილი სამჯერ სრულად გაამართლა წარდგენილ ბრალდებებში, პროკურატურამ ყველა გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

თამარ მეარაყიშვილი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დასაცავად გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროსა და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარადგინა. 2018 წელს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ ადამიანის უფლებათა ტიტა გადასცა. იმავე წელს მეარაყიშვილი „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ 2018 წლის “ჩარევა სასურველიას” გამარჯვებულად დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი