ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქართველების დევნა და „წერტილოვანი“ ტერორი ახალგორში | DRI

14 მაისი, 2021 • 2028
ქართველების დევნა და „წერტილოვანი“ ტერორი ახალგორში | DRI

“სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აგრძელებს ახალგორში მცხოვრები განათლების და კულტურის სფეროს ქართველი წარმომადგენლების შევიწროებას და მათთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას”, – ვკითხულობთ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის [DRI] მიერ გავრცელებულ მოკლე ანგარიშში, სახელწოდებით “წერტილოვანიტერორი ახალგორში, რომელსაც უცვლელად წარმოდგინდგენთ:

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი [DRI] ყურადღებით აკვირდება ბოლო პერიოდში ახალგორში არსებულ ვითარებას. სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის ეფექტური კონტროლის არარსებობის და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების სისტემატური უგულებელყოფის გამო, რთულია კონკრეტული პირების სახელების და ისტორიების გამჟღავნება, რის გამოც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მხოლოდ ზოგადი ცნობებით შემოიფარგლება. 

“სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აგრძელებს ახალგორში მცხოვრები განათლების და კულტურის სფეროს ქართველი წარმომადგენლების შევიწროებას და მათთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას. ცალკეულ შემთხვევაში, გადაადგილების აკრძალვა მხოლოდ თბილისის მიმართულებით მგზავრობას არ ეხება და რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთაზეც ვრცელდება. აპრილში რუსეთის მიმართულებით გადაადგილება აუკრძალეს ქართველ მასწავლებელს, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლებრივი დევნა საზოგადოებისთვის უცნობი საფუძვლით მიმდინარეობს. 

თუმცა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელთ არსებული ინფორმაციით,  გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ზეწოლის ერთადერთი ფორმა არაა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ბოლო პერიოდში დაინტერესდა კულტურის სფეროს წარმომადგენლებითაც. ამ შემთხვევაში საქმე ეხება კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის არტეფაქტების თითქოსდა სამხრეთ ოსეთიდან გატანას, რის გამოც გამოკითხვაზე დაიბარეს კულტურის გამოცდილი მუშაკი. 

დევნის და ზეწოლის ეს ორი ფაქტი, რომელიც ბოლო უახლოეს კვირებში ახალგორში მოხდა, დამაფიქრებელია იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შეიძლება ისინი განვიხილოთ „წერტილოვანი“ ტერორის ტენდენციად, რომელიც ადგილობრივი ქართველი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლების წინააღმდეგ არის მიმართული. მსგავსი დევნის და ზეწოლის ყველაზე ხანგრძლივი ისტორია ახალგორელ პედაგოგს და სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს აქვს, რომლის სასამართლო პროცესი თოთხმეტთვიანი პაუზის შემდეგ წინა თვეში ისევ განახლდა. 

2008 წლის ომის შემდეგ ახალგორის რაიონი პრაქტიკულად დაიცალა და მოსახლეობის ის მცირე ნაწილი, რომელიც იქ რჩება, ცხადია, თავისი კულტურული და განათლების უფლებების რეალიზების და მათზე ხელმისაწვდომობის მხრივ დამოკიდებულია ადგილობრივ საგანმანათლებლო და შემოქმედებით ინტელიგენციაზე. ამ უკანასკნელის გამოფიტვა და მისი წაშლა, ცხადია, ადგილობრივი ქართული მოსახლეობისთვის კულტურულ და საგანმანათლებლო უფლებებზე უარის თქმას ნიშნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი