ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დისტანციური გაკვეთილები – მშობლების გამოწვევა აზერბაიჯანში 

15 მაისი, 2020 • 1232
დისტანციური გაკვეთილები – მშობლების გამოწვევა აზერბაიჯანში 

ავტორი: გუნელ მევლუდი


დისტანციურმა სასკოლო სწავლებამ, რომელსაც მსოფლიო ქვეყნებმა კორონავირუსის პანდემიის დროს მიმართეს, მოსწავლეების მშობლებიც ახალი გამოწვევებისა და ხშირ შემთხვევაში, პრობლემების წინაშე დააყენა, განსაკუთრებით კი, დედები, რომლებიც მუშაობენ. გამონაკლისი არც აზერბაიჯანია. 

ბაქოში მცხოვრები რუმია რუფულაევა მობილური კავშირის ოპერატორია. მისი შვილი პირველ კლასში სწავლობს. 

“ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია  ბავშვის განვითარებისთვის და სასწავლო პროცესში თანმიმდევრულობა სჭირდება. თუმცა ხშირად ვერ ვახერხებთ გაკვეთილებზე თავის დროზე  ჩართვას. მისი გაკვეთილების საათები ჩემს სამუშაო საათებს ემთხვევა. მიწევს, ახლობლებს ვთხოვო ხოლმე, რომ მიხედონ და თან ინტერნეტი ჩაურთონ. ძალიან მაღელვებს ეს საკითხი.

სისტემამ ვერ გაითვალისწინა ის მშობლები, რომლებიც მუშაობენ და კარანტინის დროს სახლიდან უწევთ გასვლა”, – გვიყვება რუმია რუფულაევა.

სადაათ სალაევა ჟურნალისტია. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შემზღუდავი ზომების შემდეგ მასაც, როგორც ბევრ დასაქმებულს, სახლიდან მუშაობს. ამბობს, რომ მცირეწლოვანი ბავშვების მოვლა, საშინაო საქმეები, შვილების სწავლების პროცესში ჩართვა  და, ამავე დროს, საკუთარი სამსახურის შეთავსება მისთვის რთული აღმოჩნდა. 

“აქამდე ბავშვები შინ ოთხი საათისთვის ბრუნდებოდნენ, სკოლაშივე სადილობდნენ. შესაბამისად, საშინაო საქმეებიც ნაკლებად მქონდა.

ახლა მთელი დღე ვალაგებ, დღეში მინიმუმ სამჯერ საჭმელს ვამზადებ. თან ბავშვები არ მცილდებიან. ამას ემატება ჩემი, როგორც ჟურნალისტის საქმე. ხშირად, დილიდან გვიან ღამემდე მიწევს მუშაობა. არის შემთხვევები, უკვე ჩაძინებულს, მირეკავს რედაქტორი, რომ სამუშაოა. ჩემი ქმარი ამბობს, რომ არ ეხერხება არც საჭმლის მომზადება, არც დალაგება. როგორ უნდა ვიმუშაო ასეთ პირობებში?”

ქენულ აბიევა იურისტია, მისი ქმარი- ფსიქოლოგი. შეზღუდვების დაწესების შემდეგ ორივეს სახლიდან უწევს მუშაობა. სამი შვილი ჰყავთ, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი, რომლებიც მშობლების დახმარების გარეშე ონლაინ გაკვეთილებს ვერ უერთდებიან.

“როცა ორივეს სამუშაო გვაქვს, მაშინ ემთხვევა გაკვეთილების განრიგიც. მორიგეობით გვიწევს მათი გაკვეთილებისთვის ჩართვა და მომზადება. გარდა ამისა, თუ ჩემი ქმარი აქამდე ოფისში სადილობდა, ახლა სახლში უწევს. თან, თავად არ იცის საჭმლის მომზადება.

ვდგავარ და ხუთი კაცისთვის დღეში ორჯერ საჭმელს ვამზადებ. ყველაფერი ჩემს მხრებზე გადადის”.

დისტანციური სწავლებით უკმაყოფილებას არ მალავს აზერბაიჯანელი სახელმწიფო ჩინოვნიკი აგა ჯაფარლი, ვინაიდან თავადაც მთელი დღეს სახლშია და მცირეწლოვანი შვილების ონლაინ გაკვეთილების ჩართვას და მართვას თავადვე უზრუნველყოფს. 

“გაკვეთილზე დაკავშირების სისტემა რთულია, მოსწავლეებისგან ტექნიკურ ცოდნას მოითხოვს. ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია, მუდმივად რომელიმე მშობელი მაინც გვერდით იყოს და დაეხმაროს ბავშვს. ეს ძალიან დამღლელია. იმედია, მალე გაიხსნება სკოლები და მშობლები დავისვენებთ”, – ამბობს აგა ჯაფარლი. 

განსხვავებული პრობლემების წინაშე დგანან მშობლები აზერბაიჯანის რეგიონებში. 

როგორ მუშაობს სისტემა იქ, სადაც ადამიანები ტექნოლოგიებში გათვითცნობირებული არ არიან, ან უბრალოდ არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან? 

ვექიფ იმანოვი აზერბაიჯანის ბილესუვარის პროვინციაში ცხოვრობს. მისი ორი მცირეწლოვანი შვილი სკოლის მოსწავლეა.

“კერძო სახლი გვაქვს, დიდი ეზოთი. ბავშვები გაკვეთილებს უერთდებიან და დასვენების დროს ეზოში გარბიან სათამაშოდ. ეს გვეხმარება იმაში, რომ თავადაც მხნედ იყვნენ და ჩვენც არ ვიღლებით იმდენად. მაგრამ არის ერთი პრობლემა,

თუ სახლში არ ვარ, ინტერნეტს ვერავინ ურთავს ბავშვებს, ჩემმა ცოლმა და დედამ არ იციან, როგორ უნდა გააკეთონ ეს”, – გვიყვება ბავშვების მამა. 

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც რეგიონებში იკვეთება, ინტერნეტთან წვდომის პრობლემაა.

“ქმართან განქორწინებული ვარ, მაგრამ ჩემი შვილი უკვე ორ თვეზე მეტია მამასთანაა იმიტომ, რომ მე არ მაქვს  სახლში ინტერნეტი და არც ისეთი ტელეფონი, რომ ონლაინ გაკვეთილებთან მიერთება შეძლოს ბავშვმა”, – ამბობს ხადიჯა გაჯილი.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი