ახალი ამბები

გაუგონარი უტიფრობაა – „სირცხვილია“ თალაკვაძის განცხადებაზე

11 მაისი, 2020 • 1328
გაუგონარი უტიფრობაა – „სირცხვილია“ თალაკვაძის განცხადებაზე

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“, რომელიც 20-21 ივნისის აქციების შემდეგ აქციებს მართავდა პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით, კრიტიკულად ეხმაურება პარლამენტის თავმდჯომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას ამ საკითხზე მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

არჩილ თალაკვაძემ 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ  “ქართული ოცნება” ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას, თუმცა, მისი თქმითვე, ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით.

თალაკვაძის განცხადებით, პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით და არავის წინაშე არ დაუდია, ოპოზიცია კი უტიფრად სპეკულირებს და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით იმუქრება“. მოძრაობა „სირცხვილია“ ამ განცხადებას ასე გამოეხმაურა:

„თალაკვაძის მიერ დღეს გამართული სამარცხვინო ბრიფინგიდან ვიგებთ, რომ 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების თაობაზე შეთანხმება არ მომხდარა. შეთანხმების ტექსტში ნათქვამია, რომ სასამართლო პოლიტიკური მიზნებით არ უნდა იყოს გამოყენებული, მაგრამ მმართველი პარტიის ინტერპრეტაციით, ეს არა ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის შესასრულებელი ვალდებულებაა: “ნაციონალური მოძრაობა, მისი დანაყოფები და პრორუსული დანაყოფები შეთანხმებაზე მითითებით საჯაროდ ითხოვენ, მმართველმა პარტიამ სამ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს – პრეზიდენტს, სასამართლოს და პროკურატურას – მისცეს დავალება, პატიმრობიდან გაათავისუფლოს მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და ბრალდებული 3 პირი. ამგვარი სიცრუე და სპეკულაცია არის სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა“.

მოძრაობის თანახმად, „წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიღებული, პოლიტიზირებული პროკურატურისა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე აპელირება “ქართული ოცნების” სტანდარტითაც კი გაუგონარი უტიფრობაა და ამაზე არ დავწვრილმანდებით. არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციისა და სახალხო დამცველის დეტალური ანგარიშები საპირისპიროს მეტყველებენ [“სამართალდამცავთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად რჩება”. (Human Rights Watch, იანვარი, 2020)]“.

„პრეზიდენტის ინსტიტუტის დამცველ პარლამენტის სამარცხვინო თავმჯდომარეს ეტყობა ისიც ავიწყდება, როგორ მიჰქონდა იერიშები მის პარტიას წინა პრეზიდენტზე და ისიც, ამჟამინდელი პრეზიდენტის საარჩევნო პლაკატებზე სალომე ზურაბიშვილის სახელთან ქართული ოცნების წევრი კაცები რომ იყვნენ გამოსახული.

სხვა ინსტიტუტებთან ერთად, სასამართლოს დამონებული მდგომარეობის მისახვედრად მოსახლეობის დიდ ნაწილს ანგარიშების კითხვა და იურისტის დიპლომი არც სჭირდება. მოქალაქეების განწყობების ბოლო კვლევის მიხედვით, სასამართლოს მოსახლეობის მხოლოდ 10% ენდობა, ეს კი ბოლო 10 წელიწადში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია (NDI, იანვარი 2020).

სკეპტიკურად მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ არიან განწყობილები. ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ სრული უპატივცემულობაა. პროკურატურისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები ნამდვილად “თავისუფალი” რომ იყოს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები თავად იზრუნებდნენ მათ აღსრულებაზე და, მაგალითად, თუნდაც მიხეილ სააკაშვილი თავისუფლად ვერ იმოგზაურებდა ევროპის ქვეყნებში. ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს აქამდე არ გადმოეცა, მეტყველებს არა აუცილებლად მის უდანაშაულობაზე, არამედ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებების საეჭვოდ აღქმაზე და არაავტორიტეტულობაზე, რაზე პასუხისმგებლობაც ისევ საქართველოს ხელისუფლებ(ებ)ს ეკისრება.

საქართველოს ფარგლებში კრიტიკის მიმართ უტიფარ პასუხებს ხელისუფლებისგან უკვე მივეჩვიეთ, მაგრამ დღეს, პარლამენტის სამარცხვინო თავმჯდომარე კიდევ უფრო შორს წავიდა და ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის შეურაცხყოფაც გაბედა. „სირცხვილიას“ ვიზიტისას ბრიუსელში საშუალება გვქონდა შეხვედროდით ანდრიუს კუბილიუსს, რომელიც საქართველოს გამორჩეული გულშემატკივარია და საოცარი სიცხადით აღიქვამს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. იგი საკმაოდ ახლოს იცნობს ჩვენს რეგიონს და ხშირად ჰქონია შეხება კრემლის „ტრიუკებთან“ როგორც ევრონესტის თავმჯდომარის, ისე ლიეტუვის პრემიერის რანგში.

ლიეტუვის ყოფილმა პრემიერმა, ევრონესტის თავმჯდომარე ევროპარლამენტარმა ღია წერილით მოუწოდა საქართველოს, შეესრულებინა 8 მარტის შეთანხმება და არ გამოეყენებინა სასამართლო პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. ეს მოწოდება ქართულმა ოცნებამ ქართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობაზე იერიშად შეაფასა.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა საპარლამენტთაშორისო ფორუმია, რომელიც ევროკავშირთან ჩვენი რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად. მისი თავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის შეურაცხყოფით ქართული ოცნება ცდილობს, ქართველი ხალხის რეფერენდუმით განმტკიცებული ურყევი ნების, ევროინტეგრაციის გზაზე ახალი დაბრკოლებები გააჩინოს. ბოტებისა და ტროლების ქარხნების გათავისების შემდეგ, ხელისუფლება აგრძელებს კრემლისგან ნასწავლი პოლიტ-ტექნოლოგიური მეთოდებით ოპერირებას და საზოგადოების პოლარიზაციაზე მიმართულ ურთიერთგამომრიცხავ პოლიტიკურ მესიჯებსა და ნაბიჯებს.

აქვე გვსურს, მივმართოთ ოპოზიციურ პარტიებსაც. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენი სამოქალაქო მოძრაობა მადლიერია იმ ძალისხმევისთვის, რაც საქართველოს ოპოზიციურმა სპექტრმა გასწია მარტის შეთანხმების მისაღწევად, თუმცა, ამავდროულად, არ დაგვიმალავს ჩვენი კატეგორიული პოზიცია სრულად პროპორციული არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნის მიმართ.

ჩვენ დღესაც ვფიქრობთ, რომ მთავრობის ფორმირებისთვის 40%-იანი ბარიერი იდეალურისგან ზუსტად მეხუთედით შორსაა და ხელისუფლების გადამგდები ბუნების გათვალისწინებით, როცა პოლიტპატიმრების საკითხი ისეთივე პრინციპული იყო, როგორც არჩევნების, ოპოზიციას უნდა ეზრუნა იმაზეც, რომ ქართულ ოცნებას შეთანხმების სათავისო ინტერპრეტაციების საშუალება არ მისცემოდა.

ჩვენ არ მოგვწონს, რომ როდესაც წარმატების მეტი პერსპექტივა იყო, მაშინ აჩვენებდით ერთიანობას და მოქმედებდით კოორდინირებულად, ხოლო განსაცდელში ისევ დანაწევრდით და საკუთარი ანტიკრიზისული გეგმებით წარსდექით ფრუსტრირებული საზოგადოების წინაშე – გეგმებით, რომელთა შესრულების უპერსპექტივობაზე თავადაც იცოდით. კატეგორიულად გთხოვთ, კერძო პარტიული ინტერესები გვერდით გადადოთ და გაერთიანდეთ ქართველი ხალხის ნებისა და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის დასაცავად.

გავრილოვის ღამიდან 11 თვეში მმართველი პარტიის მსგავსი განცხადებები ნიშნავს, რომ ჩვენ, სამოქალაქო მოძრაობამ და საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა, საკმარისად ვერ ვაკონტროლეთ მათი თავგასულობა. საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ჩვენ თვალწინ მარცხდება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ქვეყნის დაბრუნება რუსულ ორბიტაზე, საითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გეგმაზომიერად მიგვაქანებს“.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი 8 მარტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. მხარეებმა მიიღეს მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან შედგება.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზე. ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე.

მას შემდეგ, რაც 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, განცხადება გაავრცელეს როგორც აშშ-ის საელჩომ საქართველოში, ისე ევროკავშირის ელჩმა. პირველი მათგანი ყველა მხარეს შეთანხმების დაცვისაკენ მოუწოდებდა, ევროკავშირის ელჩი კი აღნიშნავდა, რომ აღნიშნული მოვლენები “შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში”.

ნახეთ ასევე:

მუდამ ნახევარი ნაბიჯებით რატომ დადის ხელისუფლება? – ხიდაშელი თალაკვაძის განცხადებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი