ახალი ამბები

მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან შეთანხმება – აშშ-ის საელჩო ოქრუაშვილის პატიმრობაზე

14 აპრილი, 2020 •
მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან შეთანხმება – აშშ-ის საელჩო ოქრუაშვილის პატიმრობაზე

აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს ირაკლი ოქრუაშვილისთვის ხუთწლიანი პატიმრობის მისჯაზე და მოუწოდებს მხარეებს, დაიცვან 8 მარტის შეთანხმება:

“ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება”, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ 14 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.


2020 წლის 8 მარტს ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდა საარჩევნო სისტემაზე. თუმცა, ამის გარდა, შეთანხმების მემორანდუმში  საუბარია მართლმსაჯულებაზეც:

” ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.”

ოპოზიცია ხელისუფლებას სწორედ ამ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.


13 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე.

ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

შეთანხმება შესრულებული არ არის, ოქრუაშვილი უნდა გათავისუფლდეს – ბოკერია

მასალების გადაბეჭდვის წესი