ახალი ამბები

მუდამ ნახევარი ნაბიჯებით რატომ დადის ხელისუფლება? – ხიდაშელი თალაკვაძის განცხადებაზე

11 მაისი, 2020 • 1118
მუდამ ნახევარი ნაბიჯებით რატომ დადის ხელისუფლება? – ხიდაშელი თალაკვაძის განცხადებაზე

8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 11 მაისს გახმიანებულ განცხადებას აკრიტიკებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელი, თინათინ ხიდაშელი.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილს “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ:

ბევრის დაწერა შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებაზე, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წინადადებით, იმაზე, თუ სავარაუდოდ რისი მოლოდინი აქვს:
1. დარწმუნებულია, ელჩები არ იტყვიან სახელებით და გვერებით იმაზე მეტს, რაც უკვე თქვეს. აქვე ვურთავ აშშ-ის საელჩოს 14 აპრილის განცხადებას ოქრუაშვილის საქმეზე. აქ რაც წერია, ამაზე მეტი თუ გვითხრეს, მაშინ ფიდელ კასტროს რეჟიმი გაქვთო, უნდა მიაყოლონ.
2. და თუ იმაზე მეტი თქვეს, რაც უკვე ნათქვამია და შესაბამისად, ფიდელ კასტროს რეჟიმი გაქვთო, მაშინ რა დარჩება ამ ქვეყნისგან. მსგავსი დარდი, როგორც ჩანს, არ აქვს არჩილ თალაკვაძეს.
3. და კიდევ ერთი, იმის მიუხედავად, რას იტყვიან, ეს ხომ მათ ცოდნას და მეხსიერებას არ გააქრობს იმაზე, თუ სინამდვილეში რაზე იყო შეთანხმება. და ახლა თუ ვერ იტყვიან, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეს პირობა გაქრება და უკვალოდ ჩაივლის.
4. მუდამ ასეთი ნახევარი ნაბიჯებით რატომ დადის ხელისუფლება. ხვალ ამ მოტივით საკონსტიტუციო ცვლილებებზე თუ იტყვის უარს, მერე ხომ დაემხობათ თავს მთელი ცივილიზებული სამყარო, სინამდვილეში კი მორიგ ჯერზე იწირება ქვეყნის რეპუტაცია. და შემდეგ სერიაში რა ხდება?
5. ყველაზე საშიში ამ ყველაფერში კი ის არის, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელმაც ბოლო სერიაში იცოდა, რომ თუკი ყველაფრის მიუხედავად დამარცხდებოდა, თუ ამ დედამიწაზე უნდოდა ცხოვრება, უნდა ეღიარებინა შედეგები, ეს ივანიშვილმა ნამდვილად არ იცის, ვინაიდან დღეს დარწმუნებულია, რომ თუ ძალაუფლებას დაკარგავს, ამით ყველაფერი მთავრდება მისთვის.

— მთავარი განსხვავებაც აქ არის
– სააკაშვილმა იცოდა, რომ არჩევნებში დამარცხების არაღიარებით მთავრდებოდა ყველაფერი, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო.
– ივანიშვილს კი ჰგონია, რომ არჩევნებში დამარცხებით მისთვის მთავარდება ყველაფერი ის, რაც დღეს მნიშვნელოვანია.
ამიტომაც არის განსაკუთრებით სახიფათო ქვეყნისთვის.

აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომელიც თინთინ ხიდაშელმა ახსენა, ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების მომდევნო დღეს არის გამოქვეყნებული. მასში აღნიშნულია, რომ “ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით” და საქმე “ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას”. საელჩო ყველა მხარე სმოუწოდებდა, დაეცვათ 8 მარტის შეთანხმების პირობები.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი 8 მარტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. მხარეებმა მიიღეს მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან შედგება.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზე. ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე.

უკვე დღეს, 11 მაისს, შეთანხმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც ოპოზიცია სიცრუეში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ შეთანხმება არ შეიცავს დათქმას კონკრეტული პირების გათავისუფლების შესახებ. მან ელჩებს მოუწოდა, შეთანხმების პირობებს “ნათელი მოჰფინონ”.

განცხადებას ოპოზიციური პარტიების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, “ნაციონალურ მოძრაობაში” კი კვლავ აღნიშნეს, რომ შეთანხმების ბოლომდე შესულების გარეშე, რომელიც კონკრეტული პირების ციხიდან გათავისუფლებასაც მოიცავს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი