ახალი ამბები

ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობების პრობლემები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში

11 მაისი, 2020 •
ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობების პრობლემები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში

დღესს, 11 მაისს, სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში, ერთ-ერთი ფსიქიატრიული დაწესებულების ბენეფიციარმა დაწესებულების შენობის საპირფარეშოში დამოუკიდებლად იმშობიარა.

ამის მიზეზი გახდა ის, რომ დაწესებულების პერსონალმა, მათ შორის გინეკოლოგმა, ვერ მოახერხა მისი ორსულობის დადგენა. აღნიშნული ფაქტის შესახებ დაწესებულებაში მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ქალმა ორსულობის 36-37-ე კვირაზე დაუხმარებლად იმშობიარა დაწესებულების საპირფარეშოში.

ანგარიშის მიხედვით, პაციენტი სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ორსულობის განმავლობაში ორ სხვადასხვა დაწესებულებაში იღებდა, თუმცა ორსულობა ვერც ერთ დაწესებულებაში ვერ დაუდგინეს მიუხედავად იმისა, რომ ამ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებულია კონსულტანტი გინეკოლოგი. დაწესებულების ჩანაწერში აღნიშნულია, რომ პაციენტი გინეკოლოგთან კონსულტაციაზე იმყოფებოდა, თუმცა ორსულობის გამოვლენა ვერ მოხდა, მათ შორის, ორსულობის ბოლო ტრიმესტრშიც. გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, პაციენტი მთელი ორსულობის განმავლობაში ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა, რაც მისი ნაყოფისთვის დიდი რისკის შემცველია.

“აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებული კონსულტანტ-გინეკოლოგების საქმიანობის ფორმალურ ხასიათს”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ქალთა რეპორდუქციული ჯანმრთელობა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია სხვადასხვა დარღვევაზე, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი ფსიქიატირული დაწესებულებების მონიტორინგისას წააწყდა და რომელიც ქალების რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ეხება.

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე წვდომის უზრუნველყოფა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის 2013-2020 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია. ამ დოკუმენტის თანახმად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, უნდა ჰქონდეთ უნივერსალური წვდომა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სერვისებზე, მიუხედავად ასაკის, სქესის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის, ეთნიკური კუთვნილების თუ სექსუალური ორიენტაციისა. ფსიქიკური აშლილობის მენეჯმენტი თუ შშმ პირთა ჯანმრთელობასთან ასოცირებული პრობლემების კოორდინირებული და მულტიდისციპლინური მართვა წარმოადგენს სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მიდგომას.

“საქართველო, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთი-ერთი წევრი ქვეყანა, ვალდებულია გაითვალისწინოს საერთაშორისო რეკომენდაციები. შესაბამისად, ფსიქიატრიულ თუ სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მყოფ რეპროდუქციული ასაკის ქალებს ისევე უნდა მიუწვდებოდეთ ხელი სახელმწიფო ჯანმრთელობის პროგრამებზე, როგორც დანარჩენ მოსახლეობას”, – წერს სახალხო დამცველის ოფისი ანგარიშში, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ბენეფიციარებს ხელი არ მიუწვდებათ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ სკრინინგის პროცედურებზე, გარდა C ჰეპატიტის სკრინინგისა.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ არცერთი შემოწმებული დაწესებულების პაციენტი არ იყო ჩართული ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში.

გარდა ამისა, მონიტორინგის შედეგად სახალხო დამცველის აპარტამა გამოავლინა, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასაქმებულ ექიმებსა და ექთნებს აქვთ დაბალი ცნობიერება რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართ, რაც მნიშვნელოვნად აბრკოლებს ფსიქიატრიული დახმარების მიმღები და სახლმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღებას.

“გამოკითხული სამედიცინო პერსონალი უმეტესად აღნიშნავს, რომ როგორც ნეიროლეპტიკური, ისე ფსიქოტროპული პრეპარატები გავლენას ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციაზე. თუმცა, მაგალითად, რეპროდუქციული ასაკის პაციენტში მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა რამდენიმე თვის განმავლობაში მათი მხრიდან ჯანმრთელობის პრობლემად არ აღიქმება და მკურნალობის გარდაუვალ შედეგად მიიჩნევა.

ჰორმონალური დისბალანსი, რომელიც თითქმის ყოველთვის ახლავს თან მკურნალობის პროცესს, ასევე არ არის აღიარებული პრობლემად, რაც ცალსახად მიუთითებს პერსონალის დაბალ სამედიცინო ცოდნაზე და განპირობებულია ფსიქიატრიის სფეროში პაციენტთა მკურნალობის მულტიდისციპლინური მიდგომის არარსებობით”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, სამედიცინო პერსონალის ცოდნა ფსიქოტროპული მედიკამენტების ზეგავლენის შესახებ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საკმაოდ განსხვავებულია თავად ერთი დაწესებულების თანამშრომლებშიც. პანსიონატებსა და ხანგრძლივი დაყოვნების სტაციონარულ დაწესებულებებში ამ მხრივ უფრო არასასურველი მდგომარეობაა. რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მედიკამენტების არასასურველი ზეგავლენის კლინიკური ნიშნების შესახებ ინფორმაციას ასევე არ ფლობდნენ ზოგიერთი დაწესებულების ფსიქიატრები.

“მედპერსონალის ნაწილი (ექიმი, ექთანი) მიიჩნევს, რომ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ფსიქოტროპული მედიკამენტები ზეგავლენას არ ახდენს, მათ ვერ გაიხსენეს ასეთი შემთხვევა საკუთარი პრაქტიკიდან. ერთ-ერთი პანსიონატის მედდის განცხადებით, “პაციენტები თხოვდებიან, ჰყავთ ჯანმრთელი შვილები, დარღვევა რომ იყოს, გამოჩნდებოდა”, – ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ჩამოთვლილია სისტემური პრობლემები, რომლებიც ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა:

  • ქვეყანაში არ არის დანერგილი გზამკვლევი, რომელიც ხელს შეუწყობს ორსულობისა და ლოგინობის ხანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ქალის მკურნალობასა და მოვლას. ამასთან, სამედიცინო პერსონალი მუშაობისას ნაკლებად ხელმძღვანელობს ეროვნულ გაიდლაინებში რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მოცემული მინიმალური რეკომენდაციებით;
  • შემოწმებულ დაწესებულებებში არ ხდება ქალის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მონიტორინგი მკურნალობის პროცესში. საჭირო ლაბორატორიული კვლევების ხელმისაწვდომობა პრობლემურია როგორც ფსიქიატრიული, ისე სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებისთვის. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სტაციონირებისას ქალი დროულად არ მოწმდება შესაძლო ორსულობაზე. დაწესებულებებში ხანგრძლივი დროით მოთავსებულ ქალთათვის კი გინეკოლოგიური მომსახურება არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი;
  • ქალები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით არ არიან ჩართულნი დაავადებათა ადრეული გამოვლენის სახელმწიფო სკრინინგ-პროგრამაში (გარდა C ჰეპატიტის სკრინინგისა). განსაკუთრებით პრობლემურია ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კვლევების მიუწვდომლობა;
  • სამედიცინო პერსონალის, კერძოდ, ექიმი-ფსიქიატრებისა და გინეკოლოგების ცოდნა/ინფორმირებულობა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ფსიქოტროპული მედიკამენტების ზეგავლენისა და მათი კორექციის გზების შესახებ არადამაკმაყოფილებელია. ასევე, მკვეთრად დაბალია პაციენტების/ბენეფიციარების ცოდნა მათი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ. მათ არ აქვთ ინფორმაცია დანიშნული ფსიქოტროპული მედიკამენტების არასასურველი გვერდითი ეფექტების შესახებ, მათ შორის, წამლების ზეგავლენის შესახებ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე;
  • სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასაქმებული კონსულტანტი გინეკოლოგების კონსულტაცია მეტწილად ფორმალური ხასიათისაა და გასაუბრებით და ზედაპირული გასინჯვით შემოიფარგლება.

სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პაციენტებს ან საჭიროების შემთხვევაში მათ კანონიერ წარმომადგენლებს კანონიერი უფლება აქვთ მიიღონ ინფორმაცია საკუთარი დიაგნოზის, მკურანლობის მეთოდების და მასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, თუმცა ხშირ შემთხვევეში პაციენტების ეს უფლება დაცული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი